"საფარის" საქმეები / ბავშვზე ძალადობა / სექსუალური ძალადობა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტვ პირველის ჟურნალისტის წინააღმდეგ “საფარის” საჩივარი დააკმაყოფილა

გუშინ, 23 ნოემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა ჩატარდა, საქმის “საფარი ნატო გოგელიას წინააღმდეგ” განსახილველად. ქარტიის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, ხსენებულ საქმეში დაირღვა ჟურნალისტური ქარტიის მე-8 პრინციპი (“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“).

მიმდინარე წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია TV პირველის 20:00-საათიან ახალ ამბებში – პირველები 8-ზე, გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით – ,,ციხეში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის“. სიუჟეტის ავტორია ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია. ეს სიუჟეტი შეეხება კავშირი საფარის დაცვის ქვეშ მყოფ 10 წლამდე ბავშვს.

სიუჟეტში ჟურნალისტი ნატო გეგელია ამბობს, რომ გაესაუბრა ოჯახის მეზობლებს და ახლობლებს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე. სიუჟეტში დაბლარული კადრით ჩანს მეზობელი ქალი და ისმის მისი ხმა, რომელიც ამბობს: ‘’არანაირი ხმა არ გამიგონია და მასეთი რამ არ გამიგონია და რა ვიცი, სახლში რა ხდება“, რითიც დასტურდება, რომ ჟურნალისტმა ოჯახის მეზობელს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფორმების თაობაზე, რის შესახებაც სიუჟეტიდანვე ირკვევა, რომ აქამდე არაფერი იყო ცნობილი რესპოდენტისათვის.

აღნიშნული ფაქტით გამჟღავნდა პედოფილიის მსხვერპლი ბავშვის ვინაობა და ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მეზობლისათვის.
ასევე, სიუჟეტში ისმის ჟურნალისტის შეკითხვა პოლიციის თანამშრომლის მიმართ, ტექსტით: ‘’ხო მაგრამ ……ს პოლიციამ დააკავა… ‘’ (სახელდება რაიონი). ამ რეპლიკით, ჟურნალისტმა გააჟღერდა ბავშვის საცხოვრებელი რაიონიც.

გასათვალსიწინებელია, რომ ასეთი დეტალის გაზიარებით მნიშვნელოვნად იზრდება ბავშვის იდენტიფიცირების რისკი. აქვე, აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჩანდა დასახლების კადრები, მართალია დაბლარულად, მაგრამ იმდენად მკაფიოდ, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისათვის ამ სახლების და სამეზობლოს ვიზუალი არის ამოცნობადი.

გარდა ამისა, 7 ივნისს, საფარის იურისტს თამარ ლუკავას რამდენიმეჯერ დაუკავშირდა ბავშვის დედა და აცნობა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან იმფყოფებოდა TV პირველის გადამღები ჯგუფი, რამაც ძალიან მძიმედ იმოქმედა ბავშვის და მისი მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე.

მას შემდეგ, რაც საფარმა შეიტყო ბავშვის ვინაობის შესაძლო გამჟღავნების რისკები, პრევენციულად შეეცადა, თავიდან აერიდებინა პედოფილიის ამბის მსგავსი დარღვევებით გასაჯაროება.

ამ მიზნით, 7 ივნისს, მას შემდეგ, რაც კავშირი საფარის წარმომადგენლებისთვის (დირექტორი – ბაია პატარაია, იურისტი – თამარ ლუკავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – შორენა გაბუნია) ცნობილი გახდა, რომ TV პირველის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე, TV პირველის 20:00 საათიანი გადაცემის – „პირველები 8-ზე“ ეთერში გასვლამდე, კავშირი საფარის თანამშრომლებმა მთელ რიგ ზომებს მიმართეს. კერძოდ, დირექტორის ბაია პატარაიას Facebook გვერდზე გამოქვეყნდა სამი საჯარო პოსტი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. პედოფილიის სავარაუდო მსხვერპლის დედისგან საფარისთვის იმ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, რომ მას კომენტარისთვის ტვ1-ის ჟურნალისტები შინ მიადგნენ, საფარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა შორენა გაბუნიამ დარეკა ტვ1-ის სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტის ნომერზე და მას უთხრა, რომ მსხვერპლის ოჯახთან კამერებით მიჭრა მსხვერპლის ინტერესების უხეში დარღვევაა. ამაზე, ჟურნალისტმა მას უპასუხა, რომ ეს მას არ გაუკეთებია და სავარაუდოდ, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტის ნამოქმედარი იყო, და შორენა გაბუნიას დაპირდა, რომ მის ნათქვამს პროდიუსერს გადასცემდა.

ზემოთხსენებული სიუჟეტი არღვევს როგორც ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპს, ასევე, საერთაშორისო მედიასტანდარტებს და წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დარღვევას.

მითითებულ შემთხვევაში, გადაცემა ,,პირველები 8-ზე“ ჟურნალისტების და პროდიუსერის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბავშვის უკეთესი ინტერესი – არ გაემჟღავნებინა სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები მესამე პირებისათვის. გადაცემა ,,მთავარი 8“-ზე ჟურნალისტის მიერ, მესამე პირებს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის თაობაზე,
რომლითაც ბავშვი ცნობილი იყო დაზარალებულად, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული, რომ ბავშის უკეთესი ინტერესი არის, არ გამჟღავნდეს მისი საცხოვრებელი ადგილი, მათ შორის არ უნდა დასახელდეს რაიონი, სადაც ცხოვრობს ბავშვი და არ უნდა გამჟღავნდეს უშუალოდ ამ სახლის და მისი სამეზობლო დასახლების ვიზუალური მხარე.

გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

წყარო: qartia.ge