სექსუალობა

ჟურნალი Allure ტერმინ “ანტიასაკობრივს” აღარ გამოიყენებს

ჟურნალი Allure ამიერიდან აღარ გამოიყენებს ტერმინს “anti-aging” (ანტიასაკობრივი). ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში საუბრობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი მიშელ ლი (Michelle Lee).

“ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ტერმინ “ანტიეიჯის” გამოყენებით, ჩვენ ვემხრობით იმ იდეას, რომ ასაკი ავადმყოფობაა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. სიტყვა “ანტიასაკობრივის” ხსენებაზე, ჩასახვის, ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებები ან სოკოს საწინააღმდეგო აეროზოლი გვახსენდება.

რა თქმა უნდა, ენას დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც, ვთქვათ, 40 წლის ქალზე ვსაუბრობთ, ვამბობთ: “იგი შესანიშნავად გამოიყურება… მისი ასაკის ფონზე…”, ამ დროს, ყოველ ჯერზე, უნდა დავფიქრდეთ ჩვენს სიტყვებზე: რა იქნება, უბრალოდ რომ აღვნიშნოთ, რომ ადამიანი კარგად გამოიყურება? ამერიკელები სინორჩეს აღმერთებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ საშინელები ვხდებით. ვიმედოვნებ, მალე სამყარო გააცნობიერებს, რომ მშვენიერება ახალგაზრდების პრივილეგია არაა. არ ვიცი, რამდენაც შესაძლებელია ერთ ღამეში სილამაზის ინდუსტრიის, მარკეტინგისა და კოსმეტიკურ პროდუქციაზე დატანილი წარწერების შეცვლა, მაგრამ ერთობლივად, ჩვენ მნიშვნელოვან დიალოგში შესვლა შეგვიძლია. ადამიანი მშვენიერი ნებისმიერ ასაკშია”, – ამბობს ჟურნალისტი.

Allure-ის სექტემბრის ყდას 72 წლის ბრიტანელი მსახიობის ჰელენ მირენის (Helen Mirren) ფოტოები დაამშვენებს.

“შეხედეთ ჰელენ მირენს, რომელიც თითქმის ოთხი ათწლეულის მანძილზე, ჰოლივუდში სექსუალობის განსახიერებაა. იგი თავის ასაკს სასოწარკვეთილად სულაც არ ებრძვის. მსახიობი სამანტა ბონდი (Samantha Bond) კარგად განმარტავს, თუ რატომ გვჭირდება “არასტანდარტული” მისაბაძი მაგალითები. მისი თქმით, ჰელენს დაბერებისა არ ეშინია და სექსუალობას მუდმივად ინარჩუნებს. ეს ქალი აუდიტორიისთვის დიდი სტიმულია. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ასე მოვიქცეთ”, – აღნიშნა მიშელ ლიმ.