ბრიტანელმა ელის სმიტმა (Alice Smith) კამპანია წამოიწყო, სასკოლო პროგრამაში იმ სპეციფიკური გაკვეთილების ჩასმის მოთხოვნით, რომელიც მოსწავლეებს მენსტრუაციის პერიოდისა და მასთან გამკლავების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.
სმიტი, რომელიც ახლა 22 წლისაა, 14 წლიდან ენდომეტრიოზით იტანჯება. ენდომეტრიოზი გინეკოლოგიური დაავადებაა. მისი სიმპტომებია მტკივნეული და უხვი მენსტრუაცია, რაც, ხშირად, ქალს „კრიტიკული დღეების“ პერიოდში ნორმალურ რითმში ცხოვრებას ხელს უშლის.
„ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ ტაბუებს იმის შესახებ, თუ რა არის ნორმალური და რა – არა. ყოველი მენსტრუაციის დროს, სასწრაფო დახმარება და მორფინის გაკეთება მჭირდებოდა“, – ამბობს ელისი.
ბრიტანეთის ხელისუფლება ამჟამად კონსულტაციებს გადის იმასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, სექსუალური განათლების გაკვეთილებზე.
ელის სმიტი იხსენებს, რომ მისთვის „კრიტიკულ დღეებზე“ სხვებთან საუბარი რთული იყო, და მან ისიც კი არ იცოდა, ნორმალური იყო თუ არა ის, რაც მის თავს ხდებოდა.
ენდომეტრიოზით 10 ქალიდან ერთი იტანჯება. მას ქრონიკული ტკივილების, ძლიერი სისხლდენის, სქესობრივი აქტისას ტკივილისა და დეპრესიის გამოწვევა შეუძლია.
ელისს 14 წლის ასაკში დაუსვეს ენდომეტრიოზის დიაგნოზი, მაგრამ, მისთვის ამას შვება არ მოუტანია, რადგან გარშემომყოფები მაინც ვერ ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე. „ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ მათ თანაგრძნობის გამოხატვაც არ შეეძლოთ, რადგან ამის შესახებ საუბარი მიღებული არ იყო“, – იხსენებს ელისი.
18 წლის ელოიზს პორტსმუტიდან იგივე დიაგნოზი მხოლოდ შარშან დაუდგინეს, თუმცა, მენსტრუაცია მას 11 წლის ასაკში დაეწყო. ელოიზსაც მიაჩნია, რომ ამ პრობლემის შესახებ ღიად საუბარი მიღებული რომ ყოფილიყო, ეს ძალიან დაეხმარებოდა.
„ენდომეტრიოზის შესახებ მართლაც ადრეული ასაკიდანვე უნდა ვისაუბროთ. ჩემი მენსტრუაცია საშინელი იყო – ისეთი უხვი, რომ საფენების გამოცვლა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მჭირდებოდა. ამ დროს, იძულებული ვიყავი, გაუსაძლისი ტკივილების გამო, სკოლაში გაკვეთილები გამეცდინა. ჩემი არავის ესმოდა, ყველა ამბობდა, რომ „გავიზრდები და გამოვლის“, – იხსენებს გოგონა.
მისი აზრით, მენსტრუაციის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეთ როგორც გოგონებს, ასევე – ბიჭებს. „ეს ძალზე მნიშვნელოვანია, და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დაყოფა არ უნდა არსებობდეს. მაგალითად, ავიღოთ ჩემი ძმა: მის დას ენდომეტრიოზი აქვს, და მნიშვნელოვანია, რომ მან ამის შესახებ ბევრი რამ იცოდეს. ეს მხოლოდ ქალის პრობლემა არაა“.
ელიოზმა ინტერნეტით პეტიცია გაავრცელა. თუ იგი ხელმომწერების საკმაო რაოდენობას დააგროვებს, ამ საკითხს პარლამენტში განიხილავენ.
ვიდრე სქესობრივი აღზრდის საგანი ყველა სკოლისთვის სავალდებულო გახდება, ანუ 2019 წლამდე, მთავრობა კონსულტაციებს გადის იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხები შევა სქესობრივი აღზრდის საგანში. განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სკოლები შეძლებისდაგვარად უნდა ეხმარებოდნენ გოგონებს, მათთვის „კრიტიკული დღეების“ შემსუბუქებაში“.
წყარო: bbc.com