მეცნიერებს დიდი ხნის მანძილზე მიაჩნდათ, რომ ქალებში მძიმე მშობიარობის მიზეზი ადამიანის ევოლუციურად გამართული სიარულია. თუმცა, BBC Earth-ი თანახმად, უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ საქმე მხოლოდ ამაში არაა.
ბავშვის დაბადება ხანგრძლივი და მტანჯველი, ზოგჯერ კი სასიკვდილოდ სახიფათო პროცესია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ორსულობისა და მშობიარობისგან გამოწვეული გართულებებით ყოველდღიურად მსოფლიოში დაახლოებით 830 ქალი კვდება, რაც 44%-ით დაბალია 1990 წელს არსებულ მაჩვენებელზე.
„ეს სტატისტიკა სულისშემძვრელია, – ამბობს ჯონათან უელსი (Jonathan Wells) ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან, რომელიც ბავშვთა კვებას შეისწავლის, – შთამომავლობის გასაგრძელებლად, სხვა ძუძუმწოვრების ძუები ასეთ ფასს ნამდვილად არ იხდიან“.
მაგრამ, რატომ არის მშობიარობა ქალებისთვის ასეთი სახიფათო? რისი გაკეთება შეგვიძლია ქალებში სიკვდილიანობის შესამცირებლად?
ქალებში ასეთი დრამატული მშობიარობის შესახებ მეცნიერები პირველად XX საუკუნის შუა ხანებში დაფიქრდნენ. როგორც ჩანს, ამაზე პასუხი მათ საკმაოდ ოპერატიულად იპოვეს.
მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ ჩვენი ევოლუციური შტოს – ჰომინინების ადრეულ წევრებს გაუჩნდათ, რომლებიც სხვა პრიმატებს დაახლოებით შვიდი მილიონი წლის წინ გამოეყვნენ.
ისინი ცხოველები იყვნენ, რომლებსაც ნაკლები საერთო ჰქონდათ ამჟამინდელ ადამიანებთან, გარდა იმ ფაქტისა, რომ უხსოვარ დროშიც კი, ისინი ჩვენსავით ორ ფეხზე დადიოდნენ.
გამართულად სიარულმა ჰომინინების ჩონჩხი შეცვალა – იგი გასწორდა, რაც მენჯის ფორმაზეც აისახა. პრიმატების უმრავლესობას, სამშობიარო გზები შედარებით სწორი აქვს. ჰომინინებს ეს არე მნიშვნელოვნად შეეცვალათ: თეძოები დავიწროვდა, სამშობიარო არხი კი გამრუდდა.
ამგვარად, უკვე ჩვენი ისტორიის გარიჟრაჟზე, ჰომინინების ჩვილებს ბევრი ჯაფა დაადგათ, რომ სამშობიარო გზებს შეგუებოდნენ. ამან თავად მშობიარობის პროცესი მნიშვნელოვნად გაართულა.
მაგრამ, მალე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. დაახლ. ორი მილიონი წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა ჰომინინებმა კვლავ ცვლილებები განიცადეს. მათ მაიმუნისმაგვარი გარეგნობა დაკარგეს და მეტად დაემსგავსნენ თანამედროვე ადამიანებს. მათი ხერხემალი კიდევ უფრო გასწორდა, ხელები დამოკლდა, ტვინი კი შესამჩნევად გადიდდა. ეს უკანასკნელი ცვლილება განსაკუთრებით ცუდად ქალებზე აისახა; როგორც ჩანს, ევოლუცია საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა. ერთი მხრივ, ქალის მენჯები შევიწროვდა, რათა ორ ფეხზე გადაადგილება ადვილი გამხდარიყო, მეორე მხრივ კი მისი ბავშვის თავი ზომაში გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა მისი ისედაც ვიწრო სამშობიარო გზებში გავლა. მშობიარობა უჩვეულოდ მტკივნეულ და პოტენციურად სახიფათო საქმედ იქცა და ასეთად რჩება დღემდე.
1960 წელს, ანთროპოლოგმა შერვუდ ვოშბერნმა (Sherwood Washburn) ამ თეორიას „სამეანო დილემა“ უწოდა. ამ ახსნამ ბევრი მეცნიერი დააკმაყოფილა, თუმცა არა – ყველა.
ჰოლი დანსვორტმა (Holly Dunsworth) როდ-აილენდის უნივერსიტეტიდან თავდაპირველად ვოშბერნის თეორია გაიზიარა, თუმცა მალე მიხვდა, რომ მასში მთლად ყველაფერი რიგზე არაა. ვოშბერნის მიხედვით, როდესაც ორი მილიონი წლის წინ ადამიანის ტვინი გადიდდა, ქალის ორგანიზმი ამას შეეგუა და ორსულობის ვადა მნიშვნელოვნად შემოკლდა. თითქოს, ეს ჰიპოთეზა სრულიად ლოგიკურად გამოიყურება: ბავშვები განვითარების გაცილებით ადრეულ სტადიაზე იბადებიან. ვისაც ახალშობილი უნახავს, დაადასტურებს, თუ რამდენად უსუსურია იგი.
მაგრამ, დანსვორტს მიაჩნია, რომ ეს უბრალოდ სინამდვილეს არ შეესაბამება. „ჩვენი ჩვილები საკმაოდ დიდები იბადებიან, ხოლო ქალის ორსულობა იმაზე 37 დღით ხანგრძლივია, ვიდრე შესაბამისი ზომის მაიმუნების“, – გვიხსნის მკვლევარი.
რაც შეეხება თავის ტვინის ზომას: ქალები გაცილებით დიდთავა ბავშვებს შობენ, ვიდრე სხვა პრიმატების ძუები სხეულის დაახლოებით იგივე მასით, რაც ქალებს აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვოშბერნის ჰიპოთეზის საკვანძო მომენტები მცდარია.
გარდა ამისა, სამეანო დილემის მთავარი ვარაუდი ის არის, რომ ადამიანის, ზოგადად ქალის მენჯის ზომა და ფორმა ძლიერად შეიცვალა ვერტიკალურ მდგომარეობაში სიარულის გამო.
მაგრამ, ევოლუციას ადამიანებში მშობიარობის პრობლემის მოგვარება რომ დასჭირვებოდა, იგი ქალის მენჯს და სამშობიარო გზებს გაცილებით გააფართოებდა ისე, რომ ორ ფეხზე სიარულისას არაფერი დაგვიშავდებოდა.
2015 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც სხვადასხვა აგებულების ქალებმა და კაცებმა მიიღეს მონაწილეობა.
მეცნიერები მოხალისეების ფიზიკურ აქტივობებს აკვირდებოდნენ. მათ დაასკვნეს, რომ უფრო ფართო თეძოების მქონე ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ექმნებოდათ სირბილის ან სიარულის დროს. ასე რომ, ევოლუციის შედეგად ბუნებას ქალის თეძოები გაცილებით ფართო რომ შეექმნა და ამით ბავშვის დაბადების პროცესი გაეუმჯობესებინა, ქალის გადაადგილების უნარი არ გაუარესდებოდა. დანსვორტის აზრით, ქალებში ორსულობის ხანგრძლივობა ბავშვის თავის ტვინის ზომით განისაზღვრება, როგორც სამეანო დილემა ვარაუდობს.
საქმე იმაშია, რომ ქალის ორგანიზმს არ შეუძლია 39-40 კვირაზე მეტ ხანს ნაყოფის გამოკვება, რადგან ეს ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორსულობის ამგვარი ხანგრძლივობის მიზეზი ბავშვის სამშობიარო გზებში გატევის სირთულე სულაც არაა.
მაშ რა არის ქალებში მძიმე მშობიარობის მიზეზი? 2012 წელს მკვლევარმა ჯონათან უელსმა (Jonathan Wells) და მისმა გუნდმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან მშობიარობის ისტორიის შესწავლა იწყეს და გასაოცარ დასკვნამდე მივიდნენ: ადამიანის ევოლუციის უდიდესი პერიოდის განმავლობაში, როგორც ჩანს, ბავშვის დაბადება გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ახლა. იმ მწირი ინფორმაციიდან, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ჩანს, რომ მონადირე-შემგროვებელთა ადრეულ საზოგადოებებში მშობიარობა ძალზე პატარა პრობლემა იყო. არქეოლოგები იმ პერიოდის ბავშვთა ჩონჩხებს თითქმის ვერ პოულობენ, ეს კი ადრეულ ბავშვობაში სიკვდილიანობის შედარებით დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
მაგრამ, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა რამდენიმე ათასი წლის წინ, როდესაც ადამიანები ერთ ადგილას დამკვიდრდნენ. ამ ეპოქის არქეოლოგიურ მონაცემებში ახალშობილთა ნეშთები გაცილებით ხშირდება. ერთი მხრივ, გაცილებით მრავალსულიან თემში ცხოვრებამ ინფექციურ დაავადებებამდე მიგვიყვანა, რის შედეგადაც, ახალშობილები, როგორც ყველაზე სუსტები, ამის მსხვერპლნი გახდნენ. მეორე მხრივ, მიწათმოქმედთა კვების რაციონი ნახშირწყლების მეტი შემცველობით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მონადირე-შემგროვებელთა რაციონისგან, სადაც ცილები სჭარბობდა. ამან ადამიანის სხეულის აგებულებაზე იქონია გავლენა: როგორც არქეოლოგიური მასალა გვამცნობს, მიწათმოქმედები გაცილებით დაბალი სიმაღლისანი იყვნენ, ვიდრე – მონადირე-შემგროვებლები. მშობიარობის შემსწავლელმა მეცნიერებმა ჩინებულად უწყიან, რომ ქალის მენჯის ფორმა და ზომა პირდაპირ კავშირშია მის ზრდასთან: რაც ნაკლებია ქალის ზრდა, მით უფრო ვიწრო თეძო აქვს მას, და პირიქით. შესაბამისად, მიწათმოქმედებაზე გადასვლამ ბავშვის გაჩენის პროცესი მნიშვნელოვნად გაართულა.
მეორე მხრივ, ნახშიწყლებით მდიდარმა დიეტამ იმაზე იქონია გავლენა, რომ დედების წიაღში მყოფმა ბავშვებმა წონაში სწრაფი მატება იწყეს, რამაც ბავშვის გაჩენა კიდევ უფრო გაართულა.
ამგვარად, დაახლოებით 10 ათასი წლის წინ, მშობიარობა, რომელიც მილიონობით წლის წინ ადამიანისთვის შედარებით ადვილი პროცესი იყო, უცებ სერიოზულ პრობლემად იქცა. ჰოლი დენსვორტის თქმით, ეს ჯერ კიდევ არაა ისტორიის დასასრული.
სამეცნიერო კვლევების თანახმად, ქალის მენჯი მშობიარობისთვის ყველაზე სასურველ ფორმას დაახლოებით 20 წლის ასაკისთვის იღებს, როდესაც იგი ფერტილობის პიკს აღწევს, და ასეთად რჩება დაახლოებით 40 წლამდე. ამის შემდეგ, იგი თანდათან იცვლის ფორმას და მენოპაუზისთვის ემზადება. ამ კუთხით, იგი ნაკლებად არის გამოსადეგი ბავშვის დაბადებისთვის. ისმის კითხვა: თუ ამდენმა ევოლუციურმა ფაქტორმა იმოქმედა მშობიარობის უნარზე, იქნებ ეს პროცესი დღემდე გრძელდება?
2016 წლის დეკემბერში, მკვლევარებმა ფიშერმა (Barbara Fischer) და მიტერეკერმა (Philipp Mitteroecker) ამ თემაზე სენსაციური კვლევა გამოაქვეყნეს. თუ წინა კვლევების ვარაუდით, ზომით დიდ ბავშვებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ და ბავშვის ზომები დაბადებისას გარკვეულწილად მემკვიდრეობითი ფაქტორით განისაზღვრება, ამ კვლევის თანახმად, ნაყოფის ზრდა ევოლუციურად ქალის მენჯის სიგანით განისაზღვრება. მაგრამ, ბევრი ბავშვი ახლა საკეისრო კვეთის წყალობით იბადება. შესაბამისად, ფიშერისა და მიტერეკერის მიხედვით, იმ საზოგადოებებში, სადაც საკეისრო კვეთა პოპულარულია, ბავშვები სულ უფრო და უფრო დიდი ზომისანი დაიბადებიან.
თეორიულად, იმ შემთხვევების რიცხვი, როდესაც ბავშვი ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ ბუნებრივი გზით დაიბადოს, შესაძლოა 10-20%-ით გაიზარდოს სულ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სულ ცოტა, პლანეტის ზოგიერთ ადგილებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალის სხეული ამ საზოგადოებებში ევოლუციას გადის უფრო მსხვილი ბავშვების დაბადებისკენ. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, თუმცა ნამდვილად საინტერესო. იმ მომენტიდან, როდესაც მშობიარობა ევოლუციის მიხედვით ვითარდებოდა, ნაყოფის ზომას ყოველთვის სამშობიარო გზების ზომა განსაზღვრავდა.
მაგრამ, შესაძლოა, ზოგიერთი ბავშვისთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს.
წყარო: bbc.com