ბლოგები

რატომ არ მაინტერესებს წონაში დაკლება

შორენა გაბუნიას ბლოგი

– ძალიან ხარ მომატებული, მესმის, რომ სამი შვილის დედა ხარ, მაგრამ ასე მიშვებაც არ ივარგებს…

– უიმე, როგორ გამსხვილდი… შენი ზომის ტანსაცმლის შეძენა არ გიჭირს?

– რამდენი ხანია არ მინახიხარ, ვეღარ გიცანი, ისე გასუქებულხარ…

– დუკანის დიეტა არ გშველის? ნუ რა ვიცი, ყველას უშველა და…

– კარგი იქნებოდა, ერთი ოცი კილო რომ დაგეკლო…

– საშინლად გამოიყურები. იცი რა ქენი? სანამ გამხდარი იყავი, ის ფოტოები ხშირად დაათვალიერე და ნერვიულობისგან ეგრევე გახდები…

– რამხელა ხარ… სად გაქრა შენი მომხიბვლელობა?

– დარწმუნებული ვარ, სახლში სასწორი არ გაქვს. რომ გქონდეს, ასე არ „აუშვებდი“. ერთხელ მარია კალასს უთხრეს, საშინლად გამოიყურებიო, დადგა სასწორზე, შოკი მიიღო და იმ მომენტიდან დაწყებული, მშვენივრად დაიკლო…

– სპორტით უნდა დაკავდე, თავს ნუ მიუშვებ…

– აფსუს, რა გოგო იყავი, თავს რა დამართე?

– ადრე, ქუჩაში რომ ერთად მივდიოდით, ყველა შენ გიყურებდა, ახლა – ნაკლებად. აბა დაფიქრდი, რისი ნიშანია?

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფრაზებისა, რომლის მოსმენა თითქმის ყოველდღიურად მიწევს. მეზობლები, ნათესავები, თანაკლასელები, უბრალოდ ნაცნობები ან უბნელები ხშირად, ძალიან ხშირად, თავს ვალდებულად თვლიან, ჩემს წონასთან დაკავშირებით შენიშვნები მომცენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე რა დამოკიდებულება მაქვს ჩემს წონასთან, მათთვის მთავარია, „კეთილი“ რჩევები მიწილადონ და ჩემზე „ზრუნვა“ გამოამჟღავნონ.

კი, ბოლო 8 წლის განმავლობაში 30 კილო მაქვს მომატებული. ამის მიზეზების ძებნა არც დამიწყია, რადგან ჩემს ამჟამინდელ წონას საკმაოდ უპრობლემოდ შევეგუე. ჯანმრთელობის მხრივ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, გაცილებით უფრო უკეთ, ვიდრე ისინი, ვინც ჩემზე ახალგაზრდა ასაკისა და ჩემზე 30 და 40 კილოგრამით მსუბუქია.

ერთადერთი თვალშისაცემი პრობლემა, რაც წონის მატების შემდეგ გამიჩნდა, ჩემი ზომის ტანსაცმლის შოვნა იყო, თუმცა, ეს პრობლემაც სულ მალე მოვაგვარე. შევეგუე ამჟამინდელ წონას, მოვირგე და ცხოვრებით ტკბობა განვაგრძე. ჰო, კიდევ ძალიან სწრაფად ვეღარ დავდივარ, მაგრამ არა უშავს. წონის დაკლების პრობლემა იმდენად უმნიშვნელოდ მიმაჩნია, რომ ორგანიზმის გამწმენდი ნაყენების მიღებისას (რაც პარალელურად წონაში კლებასაც იწვევს), წონა არც ერთხელ არ შემიმოწმებია.

ვცდილობ, თავი იმ ადამიანების ადგილას წარმოვიდგინო, რომლებიც ჩემს მომატებაზე აგრერიგად ღელავენ, მაგრამ მათი მაინც არ მესმის. ერთადერთი არგუმენტი, რაც შეიძლება მათი მხრიდან ჩემს მომატებულ წონაზე აბეზარ, მოსაწყენ და გულისგამაწვრილებელ შფოთვას ამართლებდეს, შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს, მაგრამ არა, ყველა ჩემი „კეთილისმყოფელი“ ხაზს წონის მომატების „არაესთეტიკურ“ მხარეს უსვამს.

ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება შევაწუხო ჩემი ესთეტიკური მდგომარეობით ირგვლივ მყოფები, თუმცა, კარგად ვიცი, რა იმალება ამ შფოთვაში.

თუნდაც ჩვენი ბებიებისთვის, ქალის ესთეტიკური სილამაზის ნორმა დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ახლა სხვა დროა, „სიგამხდრისა“ და „სამოდელო პარამეტრების“ დევნამ თანამედროვე ქალი საშინლად სტრესული რეალობის წინაშე დააყენა. უამრავი ესთეტიკური სერვისი, ესთეტიკური და სამედიცინო ინდუსტრია, მთლიანად ქალის „უნაკლო“ გარეგნობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. ჩვენს თანამედროვეობაში გაჩნდნენ ქალები, რომლებიც ნევროტულად იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს და შეჩერებას არ აპირებენ. ჩვენი სოციუმი ქალებზე ესთეტიკური თვალსაზრისით უდიდეს ზეწოლას ახორციელებს. ისინი უნდა იყვნენ „მოვლილნი“, რაც კომბინაციაში უამრავ კომპონენტს გულისხმობს: სიმაღლისა და წონის „იდეალურ“ შეფარდებას, ამა და ამ ზომის მკერდს, ეპილაციას სხეულის ლამის ყველა უბანზე, ტუჩის სისქეს, თვალის ჭრილს, თმის მდგომარეობას, ფრჩხილების ფორმას და მოვლილობას, გადატკეცილ კანს სახეზე, თანაბარ თეთრ კბილებს და რას აღარ.

ამ მითიურ მარათონში ჩაბმული ქალი ყოველთვის წაგებულია, რადგან პიროვნულ ინდივიდუალობას მას არ სთხოვენ, ესთეტიკური თვალსაზრისით კი მასზე მშვენიერსა და კონკურენტუნარიანს რა გამოლევს… ამიტომ არ არის სილამაზის სტანდარტებს აყოლილი ქალი ბედნიერი, იგი მუდმივად სრულყოფილების ძიებაშია, რასაც, რაღა თქმა უნდა, ბალზაკის „უცხო შედევრის“ პერსონაჟივით, ვერა და ვერ პოულობს… ბოლოს, გაცეცხლებული და სასოწარკვეთილი, ამ მოუხელთებელი და მიუწვდომელი „მშვენიერების“ დაჭერის ხაფანგში საკუთარ გოგონას ახვევს – თავისი არარეალიზებული ოცნებების შესრულების იმედს მასზე ამყარებს…

შვილის აღზრდა ამ ესთეტიკური სტანდარტების თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მგონია, რაც კი შეიძლება, მშობელმა შვილს დამართოს. ფაქტობრივად, ჩვენს შვილს გასაყიდ საქონელად ვაქცევთ, რომელიც თუ „სარფიანად გათხოვდა“, ხომ კარგი, და თუ ვერა – მისი ფასი კაპიკი იქნება. იმის ნაცვლად, რომ ჩვენმა გოგონებმა მიზნად განათლების მიღება და პიროვნული განვითარება დაისახონ, ჩვენ მათ ვაიძულებთ, თავიანთი ღირებულებები და მისწრაფებები იმაზე „დაკიდონ“, რაც მათი განივთების, დეპერსონალიზაციის და ფაქტობრივად წაგებულ ომში შესვლის საწინდარია. რატომ უნდა აიძულებდეს დედამისი 16 წლის გოგონას ცხვირის ოპერაციის გაკეთებას, „ზედმეტი“ 2 კილოგრამის დაფერთხვას, ჭორფლის მოცილებას, „ზაგარის“ მიღებას ან ბიკინის არეში ეპილაციას, ჩემთვის მუდამ გამოცანად დარჩება.

ჩემ შემთხვევაშიც ასეა: კარგად ვიცი, რომ „კეთილისმსურველები“ ჩემს ჯანმრთელობაზე კი არა (ეს მათზე უკეთესი მაქვს), არამედ ამ საყოველთაოდ აღიარებული ესთეტიკური სტანდარტების დარღვევაზე ღელავენ, იმიტომ, რომ ჩემი არსებობით და ქცევით წყალს ვუყენებ მათ რწმენა-წარმოდგენებს „იდეალური სილამაზის“ შესახებ. ასე რომ არ იყოს, რატომ მოისურვებდნენ ისინი ჩემი პარამეტრების ადრიანა ლიმას პარამეტრებთან თანხვედრას? რა პერსონალურ დისკომფორტს ვუქმნი მე მათ ჩემი წონით? ჯანმრთელობას მოწევაც ვნებს, მათ შორის მათ ჯანმრთელობასაც, ვინც მწეველების ირგვლივ ცხოვრობენ, მაგრამ აზრად არავის მოუვა, მწეველები ისეთ წნეხში გაატაროს, როგორშიც მე მატარებენ, ყოველ ცისმარე დღეს. თითქმის ყოველთვის (რაღა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც), „ზედმეტი“ წონის დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე აპელირება ისეთივე სასაცილოა, როგორც ჩემი მეგობარი მარი კურტანიძის არაჰიგიენურობაში დადანაშაულება, მხოლოდ იმის გამო, რომ ეპილაციაზე უარი თქვა.

ფემინიზმის ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ მისთვის ძვირფასი და პატივსაცემია ყველა ქალის ფიზიკური მდგომარეობა, და იგი ესთეტიკის ყველანაირ სტანდარტს უგულებელყოფს. და კიდევ: ფემინიზმი არჩევანის თავისუფლებაა, – ვისაც როგორი უნდა, ისეთი გარეგნობა ექნება. ის სხეული, რომელიც ამჟამად მაქვს, ჩემთვის ბედნიერების და სიამოვნების მომნიჭებელია, და ეს უმნიშვნელო რამ როდია: ქალის ინდივიდუალურ თავისუფლებას საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში ყოფნა ბევრად განაპირობებს. რაც შეეხება ადამიანის სექსუალობასა და მიმზიდველობას, – ამას ადამიანის ასაკი, წონა, გენდერი და სოციუმის მიერ თავსმოხვეული პირობითობები არ განსაზღვრავს.

იმ გოგონებს კი, ვისაც დედები ამ დრაკონულ ესთეტიკურ სტანდარტებში ჩაჩურთვას უპირებენ, დიდი სიყვარულით ვურჩევდი: მათი არჩევანი მათი გადასაწყვეტია. შვილისთვის არჩევანის სრული თავისუფლების მინიჭების გამოცდილება ნამდვილად მაქვს, რადგან ოჯახში მათი კბილა გოგონა მეზრდება – ყოველგვარი ფაშისტური სტანდარტების ჩაგონებების გარეშე…