ბლოგები / სექსუალობა

რატომ აღარ სურს ქალს სექსი?

ბლოგპოსტის ავტორი: მარიამი

ერთი გოგოს ბლოგში სიტყვა “ტყვნა” იმდენჯერ ეწერა, ცოტა გამაღიზიანა. ბლოგის ბოლოში დამამცირებელი კომენტარები არ წყდებოდა, რამაც წინა გაღიზიანება გადაფარა… ბლოგის გამომწვევმა ტონმა მთავარი სათქმელი შეუმჩნეველი დატოვა. ინტერნეტში ატეხილი აყალმაყალი კი ქუჩაში „მე არ მეხება“ ლოზუნგით გამოვიდა.

ამას წინათ, სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი. ერთი მაღალი რუსი ქალი ფეხზე იდგა და მძღოლს რუსულად სთხოვა, აბანოთუბანთან გაეჩერებინა. ტრანსპორტი სავსე იყო. მძღოლს ან ყურს აკლდა, ან რუსული არ ესმოდა, ან ორივე ერთად. გაღიზიანებულმა ქალმა რამდენჯერმე გაიმეორა, გააჩერეთო. მძღოლი აჟიტირდა, ქალი რომ ჩავიდა, ისეთ გინებას მოჰყვა, თავი ფანჯრიდანაც კი გადაყო და აღარ გაჩერდა. მგზავრები ხმას არ იღებდნენ. მომბეზრდა. მძღოლს ვუთხარი გააჩერეთ მეთქი, საფასური არ გადავუხადე, ჩავედი და კარი მივუჯახუნე. სამსახურამდე სხვა ტრანსპორტს გავყევი.

რატომ არ მოსწონთ ქალებს “ტყვნა”? რატომ უჯანყდებიან ამ სიტყვას? რატომ რეაგირებს საზოგადოება ქალის უხამსობაზე, თუ უხამსობა არ არის მიზანი?

ტყვნასთან დაკავშირებით ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ. სულხან-საბა მას განმარტავს, როგორც “კაცთაგან ქალის დამდაბლებას”. ლაშა ბუღაძის “კორექტურის” ერთი გმირი, რომელიც ახალგაზრდა, ცოლიანი კაცია, იკითხავს, რატომ ჰგონიათ ქალებს, რომ სექსი მათ ამცირებსო?

რეალურ ამბავსაც შევეხოთ. სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდა ბიჭი სამედიცინოზე სწავლობდა. თბილისში შეძლებული გოგო გაიცნო. ერთხელ ძმაკაცებს ეკითხება, ერთი გოგო შემომეხმარა და ცოლად უნდა მოვიყვანოო? წლებია, ის გოგო მისი ცოლია.

“შელოცვა რადიოთი” მახსენდება. მთვრალი გენერალი ქორწილის ღამეს საძინებელში მეგობრებს შეიყვანს და ცოლის სიშიშვლეს აჩვენებს. ელი გორდელიანი მშვენიერი ნივთია, რომლითაც უნდა დაიტრაბახებს, უნდა სურვილებს დაიკმაყოფილებს. ელის არ უნდა ასეთი ქმარი. ქორწილის ღამე განქორწინების მიზეზად იქცევა.

რამდენიმე წლის წინ ერთი ახლობელი გოგო გათხოვდა, 18 წლის. დედამისი ხელს უშლიდა, სასიძო არ მოსწონდა, მაგრამ ბრმა ვნებამ თავისი გაიტანა. “კაი ქორწილი” გადაიხადეს. პირველ ღამეს მთვრალმა ქმარმა ცოლს ქალიშვილობა შეუნგრია. ტყვნას რომ მორჩა, დაიძინა. ეს განქორწინებაც იმ ღამიდან დაიწყო. ცოლს მუცელი მოეშალა. მოკლედ, რამდენიმე თვეში გაიყარნენ. გოგო მოგვიანებით სხვას გაყვა ცოლად, კარგი ქმარი ჰყავს, შვილიც მოეზარდათ.

მსგავსი შემთხვევები, 50-იანებიდან მოყოლებლი დღემდე, ყველა თაობაში მსმენია. ვინც იდეალური ოჯახიდანაა გამოსული და ასეთი ამბები არ გაუგია, ამიერიდან შეუძლია დაიჯეროს და სხვას უთანაგრძნოს.

დამდაბლებაა, ერთი რომ მეორის სქესობრივ მოთხოვნილებას არაფრად აგდებს, და იქამდე ტყნავს, სანამ თავად იღებს სიამოვნებას. ქორწილის ღამეს იწყება განქორწინება, რისი მიზეზიც ცხოველური ინსტიქტი და განუვითარებელი სექსუალური ინტელექტია. ამ ინტელექტის განვითარება ორივე სქესს ერთნაირად მოეთხოვება, ხოლო თუ ვინმე ასეთ ცოდნას გარყვნილებასთან დააკავშირებს, ძალიან შეცდება.

იმედია, “ტყუნას” ბოლოსდაბოლოს “სექსი” შეცვლის, და რასაც ეს სიტყვა გულისხმობს, მასში მონაწილე ორივე სქესისთვის ბედნიერების და განახლების მომტანი იქნება, შვილიერების ჩათვლით!