სიუზან მური (Suzanne Moore)
როდესაც სიუზან სარანდონმა (Susan Sarandon) იმის ახსნა სცადა, თუ რატომ არ აძლევს ხმას ჰილარი კლინტონს, მან განაცხადა, მე ხმას არ მივცემ ვაგინასო. როგორც ჩანს, ასე ბევრი ამერიკელი ქალი ფიქრობს. აღმოჩნდა, რომ თეთრკანიანი ქალების 53%-მა ხმა მისცა კაცს, რომელიც ქალებს ღორებად მოიხსენიებს, რომელსაც ქალებზე სექსუალური ხასიათის თავდასხმების მდიდარი გამოცდილება აქვს, რომელიც ბედნიერი იქნება, თუ ქალების უფლებებისთვის ბრძოლას აბორტისა და კონტრაცეპტივების ეტაპზე დააბრუნებს. ქალებო, გეშინოდეთ ქალების!
ამერიკის შავკანიანი და ლათინოსი ქალების უმრავლესობამ კლინტონს დაუჭირა მხარი. პრობლემა მხოლოდ თეთრკანიან ქალებში იყო. გაიჟღერა ფრაზამაც, რომ ეს ყველაფერი „თეთრკანიანი“ ფემინიზმის ბრალია. ეჭვი არ არის, რომ ტრამპის გამარჯვება აბსოლუტურად შიშველი რასიზმია. აქ ორი ვარიანტია: ტრამპის ყველა ამომრჩეველს ამაზრზენი რასისტები ვუწოდოთ, ან გავაანალიზოთ, რატომ მოხდა ეს. ამის გაანალიზება ტრამპის ნორმალიზაციას სულაც არ ნიშნავს, გაკიცხვა კი მხოლოდ ემოციური კმაყოფილების მომტანია.
აშკარაა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები არასწორი აღმოჩნდა. მაგრამ, ადრეულ სტადიაზე ზოგიერთი საგანგაშო სიგნალი დაიგნორდა, რადგან მან თავისებური შინაგანი კონფლიქტი ასახა. ჯერ კიდევ მაისში, უზადოდ ლიბერალურმა ორეგონის შტატმა, სადაც ბერნი სანდერსმა (Bernie Sanders) პრაიმერში ერთი ოლქის გარდა ყველგან გაიმარჯვა, ქალების 27%-მა განაცხადა, რომ ტრამპს მისცემდა ხმას. ამ დროისათვის, სანდერსის მომხრე ახალგზარდა ქალებში მიზოგონიური განწყობები იკვეთებოდა. ისინი კლინტონს არა მხოლოდ არასასურველ კანდიდატად, არამედ სატანასთან წილნაყარ პერსონად განიხილავდნენ. ისინი ბერნის სახეს სხეულზე იტვიფრავდნენ, მაგრამ ამავდროულად არაერთხელ აცხადებდნენ, რომ კლინტონის სქესს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ფუჭი ლაყაფი იყო ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტზე ლაპარაკი – ისინი კლინტონს რობოტიზირებულ კორპორატიულ მერეკლამედ აღიქვამდნენ.
სქესის გაუთვალისწინებლობა არის თემა, რომელიც ბევრ თანამედროვე დისკურსში გვხვდება. მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ დგას მის უკან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ისეთ რეალობაში გვიხდება ცხოვრება, სადაც ძალაუფლებისკენ მრბოლი კაცები „ნამდვილი კაცები“ არიან, ძალაუფლებისკენ მრბოლი ქალები კი – არასანდონი და ხელოვნურნი.
კლინტონის ბანაკი „ინტერნალიზებულ მიზოგინიაზე“ (გაშინაგნებული ქალთმოძულეობა, ანუ ქალის მხრიდან გამოვლენილი ქალთმოძულეობა) საუბრობდა, მაგრამ ტრამპის გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაარტყა თეთრკანიან, ლიბერალურ ფემინიზმს, რომელიც მუდამ ღალატობს ფერადკანიან ქალებს. შედეგმა გვიჩვენა, რომ ადამიანების უმრავლესობამ კვლავ პარტიული ხაზით მისცა ხმა. ისმის კითხვა: რატომ ამცირებს ტრამპი ქალებს ღიად, ქალებს, რომლებმაც მისთვის ბევრი გააკეთეს და ხმა მისცეს მას? საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ ხმის მიცემის ეს გზიდან აცდენილი ფაქტი ძლიერის მიმართ უსუსურის მიკედლებაა, რომელიც ფრთებს უკვეცავს ჩვენს პოლიტიკას. რა მოუვიდა მშრომელ კლასს? რატომ აძლევს ხმას იგი მილიარდერს? როგორ უნდა იფიქროს ქალმა, რომ ღიად სექსისტი და რასისტი კაცისთვის ხმის მიცემით თავდაყირა დააყენებს ისტებლიშმენტს?
შეუძლებელია, იყო ფემინისტი და არ შეგზაროს ქალის გულგრილობამ საკუთარი ჩაგვრის მიმართ. მაგრამ, შეუძლებელია, იყო ქალი და არ გესმოდეს, როგორ ხდება ეს. თუ შენ ისეთ კულტურულ გარემოში იზრდები, სადაც ღირსების გრძნობა პირველ რიგში კაცებისთვის სასურველობით იზომება, მაშინ შენი ენერგია სხვა ქალებთან ამ ჰორიზონტალურ კონკურენციაში დაიხარჯება, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს მოიგებ. ერთ-ერთი ხერხი იმისა, რომ იყო სასურველი, ეს კაცების ინტერესებთან მიერთებაა, იმის იმედად, რომ ისინი დაგიცავენ. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ თითოეული ქალი, რომელმაც ტრამპის ეს დამოკიდებულებები აღიქვა, როგორც „კაცის გზა“, იგივეს გააკეთებდა ამას ცხოვრებაშიც. ამის ნათელი დადასტურებაა ის ქალები, რომლებიც ტრამპს თავისი ცხოვრების მანძილზე ეხვია გარს. მისი ქალიშვილი ივანკა ქალთა შესაძლებლობების გაფართოებაზე საუბრობს, მაგრამ იცავს კაცს, რომელსაც მისი სექსუალური ფეტიში აქვს. მელანიამ, ცოლმა, რომელიც პოდიუმზე 5 წლის ასაკიდან გამოდის, ჰოვარდ სტერნს (Howard Stern) ოდესღაც უამბო, თუ რამდენი სექსი აქვს საკუთარ ქმართან. მელანიამ კვერი დაუკრა თავის ქმარს იმაში, რომ ბარაკ ობამამ საკუთარი დაბადების მოწმობა უნდა წარმოადგინოს. ახლა იგი „კეთილმოწყალე“ გახდა.
ამომრჩევლებს ამ დაქვემდებარებული ქალურობის დანახვა შეუძლიათ, თუმცა ისინი ამას ეკონომიკასა და „უკანონო მოძალადეების“, ანუ ყველა არათეთრკანიანის სიძულვილზე ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. აქ ვხედავთ ინტერნალიზებულ მიზოგინიასა და თეთრკანიან დომინაციას, რაც ასეთი მიმზიდველია ტრამპისთვის. უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბევრი ამომრჩეველი ამას ვერ აცნობიერებს.
ვინაიდან, ძალაუფლება მხოლოდ ფლობა არ არის, იგი განხორციელებაცაა; იგი გვიჩვენებს, თუ როგორ გვესმის საკუთარი თავი. ფემინიზმი ყველა იმ უმცირესი საშუალების დანგრევას ცდილობს, რომლითაც ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებულნი. ყველგან ვხედავთ ქალებს, რომლებსაც სხვა ქალები ბიზნესის ან სიამოვნების მიღების გამო სძულთ; რომლებსაც არ სურთ მდედრობითი სქესის ბოსი; ვისაც სტრიპტიზ კლუბები და პორნოები ბიჭებივით უყვარს; ვისაც ეკლესიაში ქალ მღვდელთან მისვლა არ სურს, ვინც სხვა ქალებისთვის ბავშვების გაჩენის იძულების მომხრეა; ვინც ამბობს, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება „კულტურული ტენდენციაა“, ვინც სხვა ქალებს არასრულყოფილი სხეულის გამო არცხვენს და დასცინის. და ამის შემდეგ როგორ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქალთმოძულეობა მხოლოდ კაცებს ახასიათებთ?
სულაც არა. როგორც ამერიკელი სატირიკოსი HL Mencken იტყოდა, ქალთმოძულე არის კაცი, რომელსაც ისევე სძულს ქალები, როგორც ქალებს ერთმანეთი“.
და ეს სიძულვილი განუზომელია.
წყარო: Guardian