“ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე პლუს საიზ მოდელები 27-ჯერ გამოვიდნენ“, „Michael Kors-ის 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობით, ეშლი გრემი (Ashley Graham) ისტორიაში შევიდა“, „ამერიკულიVogue-ის ყდაზე პირველი პლუს საიზ მოდელი გამოჩნდა“, – ბოლო თვეებია, რაც პრესაში მსგავსი სათაურები განსაკუთრებით გახშირდა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ბოდიპოზიტივის ზეიმთან გვქონდეს საქმე. მაგრამ, ნიშნავს კი ეს იმას, რომ მოდის ინდუსტრია თანდათანობით უარს ამბობს უმოწყალო სტანდარტიზაციაზე და ბოლოს და ბოლოს, სიგამხდრისკენ ჩვენი მანიაკალური სწრაფვის დავიწყებას შევძლებთ?
თავდაპირველად, მოდით გავერკვეთ: რა დგას „პლუს საიზის“ ნიშნულს მიღმა, რა პარამეტრები მიეწერებათ „ნორმალურ“ მოდელებს და რა მიიჩნევა „ზღვრის გადაკვეთად“. მოდის ინდუსტრია „დიდ ზომებს“ ინტუიციურად განსაზღვრავს, ლამის თვალის ზომით: ევროპული ბრენდების უმრავლესობისთვის (მაგ. Mango და ASOS), 100-82-106 პარამეტრებით, თქვენ უკვე პლუს საიზის კატეგორიაში გადიხართ.
იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ დომინირებენ გამხდარი მოდელები მოდაში ბოდიპოზიტივზე საუბრების დროს და არა გაცილებით უფრო გავრცელებული პარამეტრების მქონე ქალები, რთული არაა. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები გეტყვიან, რომ სამოსი გამხდარ, „სწორი“ პროპორციების გოგონაზე გაცილებით ეფექტურად ზის, ვიდრე საშუალოსტატისტიკური პარამეტრების მქონე ქალზე. მიიჩნევა, რომ მყიდველი ამაში მიმზიდველ სურათს ხედავს და ქვეცნობიერად, ახალშეძენილ სამოსში ისე სურს, გამოიყურებოდეს, როგორც გამხდარი მოდელი. ის მარკებიც კი, რომლებიც დიდი ზომის სამოსს ჰყიდიან, თავიანთ ფუშფუშა კლიენტებს „შელამაზებულ“ მოდელზე ჩაცმულ სამოსს სთავაზობენ: ამ შემთხვევაში, სარეკლამო ფოტოები იმდენადაა დაფოტოშოპებული, რომ „ბოდიპოზიტივისგან“ და საკუთარი თავის მიმღებლობისგან უკვე აღარაფერი რჩება.
ეს თვალსაჩინოდ დაადასტურა ექსპერიმენტმა, რომელიც ორი წლის წინ BuzzFeed-ის 14 UK და 16 UK ზომის მქონე რედაქტორებმა კრისტინმა (Kristin) და შერიდანმა (Sheridan) ჩაატარეს. გოგონებმა საცდელად რამდენიმე პლუს საიზ ონლაინ მომწოდებელს სამოსი შეუკვეთეს. აღმოჩნდა, რომ პლუს საიზ მოდელების მიერ საიტებზე წარმოდგენილ ფოტოებს არაფერი ჰქონდა საერთო მოდელების რეალურ ფოტოებთან. ამის საფუძველზე, კრისტინმა და შერიდანმა დაასკვნეს, რომ თავიანთ კატალოგებში დაბალი ზომის გოგონების რეკლამებში გადაღებებით, ბრენდები მომხმარებელს ხშირად ატყუებენ სპეციალური „გამახდუნებელი“ თეთრეულის თუ ფოტოშოპის საშუალებით, რათა მოდელებს უფრო „მიმზიდველი“ იერსახე მიეცეთ.
ცხოვრებასა და პოპ კულტურაში სხეულებრიობასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების ცვლილებების ფონზე, ბრენდების კლიენტებთან კომუნიკაციის ინსტრუმენტები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამის შესანიშნავი მაგალითია Oysho-ს კამპანია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც XS, ასევე საშუალოსტატისტიკური პარამეტრების გოგონებმა. ერთი მხრივ, მოდის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატში შემავალი ბრენდი თამამად უსწორებს თვალს ქალის „რეალურ“ გარეგნობას, მეორე მხრივ კი პოტენციური მყიდველების ორივე ფრონტზე მუშაობს – მათთვისაც, ვინც ბოდიპოზიტივის მომხრეა და მათთვისაც, ვისაც „იდეალური“ პარამეტრების მოდელების ხილვა უხარია. ეს შეიძლება შეფასდეს სწორ კომერციულ სვლად.
სინამდვილეში, ამ დისკუსიაში იმის გარკვევაა მნიშვნელოვანი, თუ რამდენად ეთიკურია M ზომაზე დიდი გაბარიტების მქონე გოგონების პლუს საიზ მოდელებად კლასიფიცირება. ერთ-ერთ ინტერვიუში, ეშლი გრემმა განაცხადა: „არ მიყვარს, როდესაც „პლუს საიზ“ მოდელს მიწოდებენ. ამგვარი ეპითეტი ქალს თავდაჯერების გამყარებაში არ ეხმარება. თუ გინდათ, ჩემი ზომა როგორმე აღნიშნოთ, უბრალოდ მიწოდეთ „ფუმფულა ფორმების მქონე სექსუალური გოგონა“. დიდი ხანი არაა, რაც ამერიკულ მეტრიკულ სისტემაში პლუს საიზად 10-12 ზომა მიიჩნეოდა, ახლა კი იგი 8 ზომის ნიშნულამდე დავიდა. გამოდის, რომ მოდის ინდუსტრია ქალების უფრო და უფრო მეტ რაოდენობას აძევებს აბსტრაქტულ „ნორმალურ“ პარამეტრებს მიღმა.
მეორე პლუს საიზ მოდელმა ალექს ლაროზამ (Alex LaRosa), თავის ინტერვიუში HuffPost Live-თან, განაცხადა: „როდესაც ამერიკულ ზომა 4-ს უკვე დიდ ზომად მივიჩნევთ, ქალები საკუთარ სხეულებს ადეკვატურად ვეღარ აღიქვამენ. ჩვენ არარაელისტურ წარმოდგენებს ვქმნით იმის შესახებ, რომ თითოეულმა ქალმა მაქსიმუმ 4 ზომამდე სამოსი უნდა ატაროს“. იგივე ინტერვიუში, ლაროსა ჩივის, რომ დისკრიმინაცია უკვე ცალკე ინდუსტრიად ქცეულ პლუს საიზ მოდელინგშიც გვხვდება. კატალოგების უმრავლესობაში 8 ზომის მოდელებს იყენებენ და თუნდაც 12 ზომის მოდელს უკვე „არამარკეტინგულობას“ უწუნებენ.
საბოლოო ჯამში, მოდის ინდუსტრიაში არსებული საზომი სისტემა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მარკეტინგული ინსტრუმენტი. სხეულის პარამეტრების სისტემა ძალიან ცვალებადია – ამას დაადასტურებს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უცდია ევროპული 36 ზომის ვინტაჟურ შარვალში ჩაჭედვა, რომელიც დღეს ლამის ბავშვის ზომად მიიჩნევა. ჯერ კიდევ სამოცი წლის წინ, ამერიკული 12 ზომა ნორმად ითვლებოდა – ამ ზომას იცვამდა 62 სმ. თეძოს გარშემოწერილობის მერილინ მონრო. მოდის ინდუსტრიაში XS, M და სხვა მარკირებების შემოღება ქალებისთვის სამოსზე კიდევ უფრო მეტი ფულის ხარჯვის მოტივაციისკენ გადადგმული ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. დაფიქრდით ამ დაყოფების მნიშვნელობაზე: ძალიან პატარა, პატარა, საშუალო. მარკეტინგულად ჟღერს, ხომ?
თავად განსაზღვრება „პლუს საიზი“ და თითქოს კეთილი მიზნებით მოტივირებული სურვილი, ეს სტატუსი მიენიჭოთ ფუმფულა ფორმების გოგონებს, ძირისძირობაშივე ძირკვავს მთელს ტოლერანტულ კონტექსტს. ამის შესახებ, ენამახვილი კომენტარი გააკეთა მსახიობმა ემი შუმერმა (Amy Schumer) – ერთი წლის წინ, ადელთან და ეშლი გრემთან ერთად, ჟურნალმა Glamour-მა იგი თავის კატეგორიაში ჩართო, სახელწოდებით „ქალები, რომლებიც ნებისმიერ ზომაში მშვენიერნი არიან“. ამაზე ემიმ განაცხადა, რომ თავის 6-8 ზომას არანორმატიულად არ მიიჩნევს. ეს სამართლიანი აღშფოთებაა: ფუმფულა ფორმების მქონე გოგონების უფლებებისთვის ბრძოლისას, ჩვენ თითქოს მათ განსაკუთრებულ, არასტანდარტულ ადამიანებს მივაკუთვნებთ, რომლებსაც საზოგადოებაში კვოტირებული ადგილები და „ნორმალური“ ადამიანებისგან განსაკუთრებული დამოკიდებულებები ეკუთვნით.
ჩვენ გვიხარია, როდესაც სკარლეტ იოჰანსონი პლუს საიზ მოძრაობას უჭერს მხარს და ფოტოშოპს საკუთარ სხეულს არ აჯიჯგნინებს. ჩვენთვის ეს ჰოლივუდისთვის მის მიერვე დაკანონებული სილამაზის სტანდარტების უარყოფაა. მაგრამ, არსობრივად, დიდ ეკრანზე ქალის საშუალოსტატისტიკური ფიგურის დემონსტრაციის ირგვლივ ასეთი ბობოქარი აჟიოტაჟი აშკარა მაჩენებელია იმისა, რომ მსგავს მოვლენას კვლავინდებურად აღვიქვამთ, როგორც განაცხადს, რომელიც ქალისგან დიდ სიმამაცესა და თავდაჯერებულობას მოითხოვს.
მოდის ინდუსტრიაში პლუს საიზ მოდელების თანასწორობის ხაზგამსმელი სათაურები, ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი ფუშფუშა მოდელის მოწვევა – ეს ყველაფერი უბრალოდ ყურადღების მიპყრობის მეთოდებია, რაც ხშირად პოლიტკორექტულობას კი არ ეხმარება, არამედ ხელს უშლის მას. ავიღოთ თუნდაც Glamour-ის ნომერი რეალური ქალებით: იმის გამო, რომ იგი გაყიდვაში ჩაეშვა, როგორც სპეცგამოშვება, – ამ ქალებისგან მას მხოლოდ რისხვის ქარტეხილები ეკუთვნის. თუ ამის მიზანი თანასწორობის იდეის პროპაგანდა იყო, სამოსის ზომისდა მიუხედავად, მაშინ რატომ არ უნდა განვათავსოთ „ტრადიციული“ და ფუმფულა მოდელები ერთსა და იმავე გვერდებზე? რა საჭიროა ამ ყველაფრის ირგვლივ ამდენი ხმაურის ატეხვა?
აშკარაა, რომ ქალების „რეგულარი/პლუს საიზ“ პრინციპით კატალოგიზებით, ჩვენ თანასწორობის იდეას სამუდამოდ ვემშვიდობებით. „თუ საქმე ფუმფულებისთვის განკუთვნილი სამოსის სპეციალურ ზომებს ეხება, ამაში პრობლემას არავინ ხედავს, – ამბობს Refinery29-თან ინტერვიუში მსახიობი და ბრენდი Seven7-ის დამაარსებელი მელისა მაკკარტი (Melissa McCarthy), – მაგრამ მე არ მესმის, რატომ უნდა მივათვალოთ ვინმე ან რამე გარკვეულ ჯგუფს? მგონია, რომ თუ სამოსის კერვას გადაწყვეტთ, უბრალოდ უნდა შეკეროთ. დიზაინერები, რომლებიც „პლუს საიზის“ მსგავსი კატეგორიებით ოპერირებენ, უბრალოდ ყველაფერს ძალიან ართულებენ“.
და მართლაც: ზოგიერთი ბრენდი პლუს საიზ კოლექციისთვის ცალკე სივრცეს გამოყოფს, თუმცა, იგი სრულიად არ განსხვავდება ძირითადი ზომის სამოსისგან. მაგალითად, შევიხედოთ asos.com -ის განყოფილებაში სახელწოდებით Curvy. აქ წარმოდგენილია არა უფორმო ტომრები, არამედ ტანზე მომდგარი, მინი კაბები და მკერდის ხაზგამსმელი ტოპები. ისმის კითხვა: მაშ რატომ არის ცალკე კატეგორიად გამოტანილი „პლუს საიზ“ განყოფილება? ხომ არ არის ეს პლუს საიზის მომხმარებელი გოგონების უფლებების დარღვევა, რადგან მათთვის განკუთვნილი სამოსის ასორტიმენტი გაცილებით ღარიბია, ვიდრე „ნორმალური“ ზომების მომხმარებლისთვის გათვალისწინებული სამოსის (შედარებისთვის: განყოფილებაში ASOS Curvy, მოცემულია საქონლის მხოლოდ 1661 სახეობა, მაშინ, როდესაც „ჩვეულებრივ“ კატეგორიაში, საქონლის სახეობის რიცხვი 6629-ს აღწევს)?
რასაკვირველია, გასაგებია მარკეტინგის აუცილებელი წესი: მოთხოვნა შობს მიწოდებას. და სანამ მომხმარებელი ფინანსურად უპირატესობას „უფრო მიმზიდველ სილუეტს“ მიანიჭებს (იგულისხმება გამხდარი მოდელი, სახის სწორი ნაკვთებით), პლუს საიზი კვლავ ასორტიმენტის დამამცირებელ პერიფერიად დარჩება.