სტატიები / ქალზე ძალადობა

რატომ ქრებიან ფემინისტი ბლოგერები ინტერნეტ სივრციდან?

მიშელ გოლდბერგი, ვაშინგტონ პოსტი

ჯესიკა ვალენტი (Jessica Valenti) თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფემინისტია. როგორც Guardian-ის მიმომხილველი, იგი რეგულარულად ჩნდება გამოცემის საიტის გვერდზე. იგი Feministing.com-ის ბლოგერი და ხუთი წიგნის ავტორია, რომელთა შორის ერთ-ერთის მიხედვით დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული. ჯესიკა საჯარო ლექციებს მთელი შტატების მასშტაბით კითხულობს. იგი ამბობს, რომ ფემინისტი ავტორები ინტერნეტში დაუნდობელ დევნას განიცდიან, და ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეეძლოს, ალბათ ვინაობას სრულად დამალავდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ფემინიზმზე წერენ, არა მხოლოდ ფიზიკური საფრთხის, არამედ მუდმივი ემოციური წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

ეს ფემინიზმის უცნაური, წინააღმდეგობრივი მხარეა. ერთი მხრივ, ფემინისტურ ხმებზე ასეთი მოთხოვნა ჯერ არასოდეს ყოფილა. ისეთი პოპვარსკვლავები, როგორებიც არიან ბიონსე და ტეილორ სვიფტი, სიამაყით აცხადებენ თავს ფემინისტებად და თაყვანისმცემელთაგან ონლაინ მხარდაჭერასაც უხვად მოიპოვებენ. რამდენიმე წლის შემდეგ, მეინსტრიმ პრესისგან უარყოფილი ფემინისტური ბესტსელერი ტექსტების ნამდვილი ბუმი წამოვიდა: შერილ სანდბერგის (Sheryl Sandberg) “Lean In”, ლენა დანჰემის (Lena Dunham) “Not That Kind of Girl”, როქსან გეის (Roxane Gay) “Bad Feminist” და ემი პოლერის (Amy Poehler) “Yes Please”. „ისტორიები რასობრივ და გენდერულ წინასწარგანწყობებზე უზარმაზარ აუდიტორიას იზიდავს და იდენტობის პოლიტიკას არამყარ მედიაინდუსტრიაში მომგებიან საკითხად აქცევს“, – აღნიშნა ჯონათან ჩეითმა (Jonathan Chait) New York magazine-ში. ეს ფრაზა ჯერ კიდევ ათი წლის წინ წარმოუდგენლად ჟღერდა.

მეორე მხრივ, მედიაში ფემინისტური ხმების გაძლიერება, ამ აქტივისტების მძიმე ფსიქიკური ზიანის ხარჯზე ხორციელდება. ქალები, რომლებიც საკუთარი ჩაგვრის ისტორიებს ყვებიან, ხმის ამოღების გამო ისჯებიან. ქალები, რომლებიც გაკადნიერდნენ და ვიდეოთამაშების სამყაროში არსებული სექსიზმი გააკრიტიკეს, არა მხოლოდ საკუთარი სახლებიდან გააძევეს, არამედ საჯარო გამოსვლებზე უარის თქმაც აიძულეს.

„ინტერნეტ შეურაცხყოფები და მუქარები ჩემი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია“, – ამბობს ლინდი ვესტი (Lindy West), ვეგბვერდ Jezebel-ის ბლოგერი. „ამან მართლაც შეიძლება იქონიოს გავლენა ჩვენს თვითშეფასებაზე“, – დასძენს ჯამია უილსონი (Jamia Wilson), ქალთა ინტერესების დამცველი ფემინისტური ჯგუფის (Women, Action and the Media) აღმასრულებელი დირექტორი.

ადრე ფემინისტებს აკრიტიკებდნენ, რედაქტორის სახელზე საჩივრებს წერდნენ და საპროტესტო აქციებს მიმართავდნენ. ახლანდელი ფემინისტები კი განუწყვეტელი ძალადობრივი, ცინიკური, და სექსუალიზებული სიძულვილის ობიექტები ხდებიან. ფერადკანიანი ქალები რასობრივი წნეხის პარალელურად სექსიზმსაც განიცდიან. „მე რასობრივი კუთხით ძალადობით დამემუქრნენ. არა მგონია, ასეთი რამ მომხდარიყო, თეთრი რომ ვყოფილიყავი. არსებობს ტრავმა, რომელიც მოკვლით და გაუპატიურებით მუქარას მოჰყვება. საბოლოოდ, ეს მუდმივი წნეხი ადამიანების ცხოვრებას, მუშაობას ცვლის“, – ამბობს უილსონი.

თავის ეპოქალურ წიგნში „უკუდარტყმა“ (Backlash), სუზან ფალუდიმ (Susan Faludi) 1980-იანი წლების ანტიფემინისტური კულტურული გზავნილები აღწერა, როგორც „განუხრელად შემცირებადი პროცესი“, რომელიც „მოწოდებული იყო ქალური უსიამოვნებების გასაღვივებლად და მათი პოლიტიკური ნების მოსატეხად“. დღევანდელი ონლაინ უკუდარტყმა ქალის გამოფიტვაზე უარესია. იგი ნამდვილ გადაწვას (burnout) აღწევს. „არ შეიძლება, ყოველ ცისმარე დღეს, ათი წლის მანძილზე, უკანასკნელი სიტყვებით გთათხავდნენ და ამან სერიოზული ზიანი არ მიაყენოს შენს ფსიქიკას“, – ამბობს ვალენტი, რომელიც მუდმივად ფიქრობს საკუთარი საქმიანობისთვის თავის დანებებაზე. შეუძლია კი ფემინისტების ამ თაობას ამის გაძლება?

საკუთარ თავზე ორიენტირებული ქალები უკვე კარგა ხნის წინ იქცნენ მრისხანებისა და სიძულვილის ობიექტად. 1969 წელს, როდესაც მერილინ ვებმა (Marilyn Webb) ვაშინგტონში ჩატარებულ ანტიმილიტარისტულ დემონსტრაციაზე ფემინიზმზე ისაუბრა, ბევრმა მსმენელმა კაცმა მას ლანძღვა-გინებით გაშიშვლება მოსთხოვა, რათა გაეუპატიურებინათ. მეორე ტალღის ფემინისტებს მემარცხენე კაცების მხრიდან წამოსულ მტრულ დამოკიდებულებასთან ისეთი ბრძოლა უხდებოდათ, როგორიც დღეს წარმოუდგენელია. ნონა უილის არონოვიცი (Nona Willis Aronowitz), Talking Points Memo-ს რედაქტორი, ფემინისტი ელენ უილისის ქალიშვილი, გვეუბნება: „დაივიწყეთ შემთხვევითი ონლაინ კომენტატორები, ისინი ყველანი ჩემთან მომუშავე სექსისტი კაცები არიან, რომლებიც ფემინისტებს „სტალინისტ ფემინისტებს“ უწოდებენ“.

დღესდღეობით, ინტერნეტით ბოროტად სარგებლობის გამო, ქალს “სქელი კანის” ქონა მოეთხოვება. ექსპერტობა და აქტივიზმი, ბოლოს და ბოლოს, შედარებით ადვილი რამაა. „საზიზღარი ვირტუალური ტვიტების“ კითხვა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის პრობლემები, რაზე წერაც მიხდება: უსაბუთო იმიგრანტად ცხოვრება ამერიკაში, ოჯახის საკვების მოპოვებისთვის ბრძოლა, უსამართლო პატიმრობა და ა.შ, – აცხადებს სალი კონი (Sally Kohn), გამოცემა Daily Beast-ის მიმომხილველი, წარსულში Fox News-ის ერთადერთი მემარცხენე ლესბოსელი ფემინისტი და ინტერნეტ ბულინგის ხშირი სამიზნე.

არონოვიცის თქმით, ონლაინ თავდასხმების ნიაღვართან გამკლავება არც ისე ადვილია. ზოგიერთმა ახალგაზრდა ქალმა ავტორმა მას ნახევრად ხუმრობით უთხრა, რომ ამ ვითარებაში პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას განიცდიან: „ისინი მსგავსი რამის დაწერას აღარ აპირებენ, რადგან ონლაინ გადმოღვრილ სიძულვილს უფრთხიან“, – ამბობს იგი.

დროდადრო მართლაც ასე ხდება. 2013 წელს, პრო-ჩოის (აბორტის უფლების დამცველი) აქტივისტმა ჟაკლინ მანსონმა (Jaclyn Munson) ანტიაბორტის კრიზისული ცენტრის წინააღმდეგ გაილაშქრა. სულ მალე, მას სტალკერი აეკიდა, რომელიც სიკვდილით ემუქრებოდა. ჟაკლინი ისე დაშინდა, რომ ანთებულ შუქში ეძინა. ერთი წლის წინ, სრულად გამოფიტულმა და გადაქანცულმა, მან უარი განაცხადა ინტერნეტით წერაზე, წაშალა ტვიტერის ანგარიში და ახლა იურიდიულზე სწავლას აპირებს, რომლის დახმარებითაც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებს. „ყოველ წუთას ფრონტის ხაზზე ყოფნა ემოციურად ძალზე გამანადგურებელია“, – ამბობს იგი.

ახლა ორგანიზებული მიზოგინია არსებობს: ფემინიზმზე გაბრაზებული კაცები ვიდეოთამაშების დამცველებად კაცების უფლებებისთვის ერთიანდებიან და ა.შ. (Men’s Rights Movement, Gamergate). „1980-იან და 90-იან წლებში, მეინსტრიმ კულტურაში არსებული მასმედიის საშუალებები უფრო ანტიფემინისტური იყო სლოგანებით „ფემინიზმი მკვდარია“, „ყველა ქალს გათხოვება სურს“, მაგრამ „კაცის უფლებების დაცვა“ და „ვიდეოთამაშების ხელშეუხებლობისთვის ბრძოლა“ რაღაც ახალია – გაცეცხლებულმა კაცებმა ერთმანეთი იპოვეს“, – ამბობს ბლოგერი ქასა პოლიტი (Katha Pollitt).

“შესაძლოა ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი ანტიფემინისტური უკუდარტყმა ძირითადად ელექტრონული სახისაა, ჩვენი წარმატების ნიშანი იყოს, მაგრამ როდესაც ქალთმოძულეები მიზანში კონკრეტულ ქალს იღებენ, ხშირად მათ მის შესახებ პირადი ინფორმაციის უპრეცედენტო რაოდენობა უვარდებათ ხელში. ადრე ყველაფერი გაცილებით ადვილი იყო: წერდი სტატიას, მაგრამ შენი ფოტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განფენილი არ იყო; ადამიანებმა არ იცოდნენ, სად ცხოვრობდი, რა ხდებოდა შენს პირად ცხოვრებაში. ახლანდელი ვითარება კი სრულიად სხვაგვარია”, – აღნიშნავს პოლიტი.

როგორც კი კონკრეტული ქალი კაცების ინტერნეტ სამიზნე ხდება, სხვადასხვა ონლაინ რესურსების მეშვეობით, მისი მისამართით სიძულვილის ნიაღვარი მოედინება. Cosmopolitan-ში ფემინისტური საკითხების მიმომხილველი ჯილ ფილიპოვიჩი (Jill Filipovic) გვიამბობს, თუ როგორ ცდილობდა საკუთარი მეგობრის დარწმუნებას კანდიდატურის დაყენებაზე. „არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მსურს ამის გაკეთება, და ერთ-ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ თვალს გადევნებ ტვიტერზე, ვხედავ, რას გწერენ ადამიანები. ჰოდა, არასოდეს ვისურვებდი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას“, – განაცხადა მან.

დიახ, ამ წნეხთან გამკლავება ყველას როდი შეუძლია. 2014 წელს, აბორტის უფლებისთვის მებრძოლმა ლორენ რანკინმა (Lauren Rankin) ონლაინ აქტიურობა, ნაწილობრივ ტვიტერიც, შეაჩერა, რადგან მისი მისამართით გაკეთებული მუქარები და შეურაცხყოფა მისთვის უკიდურესად დამღლელი გახდა. იგი კვლავ განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობას, თუმცა არა – საჯაროდ. „მე არ მომწონს ინტერნეტით მიღებული მუქარები, საკუთარ ფსიქიკას ვუფრთხილდები. სამწუხაროდ, ამის გამო ინტერნეტ აქტივობას ჩამოვცილდი“, – ამბობს ლორენი.

ბლოგ Feministe-ის ყოფილი რედაქტორის ჯილ ფილიპოვიჩის (Jill Filipovic) თქმით, მართალია, მრავალი წლის მანძილზე მისი „კანი გასქელდა“, ონლაინ თავდასხმების ყოველდღიურმა მოლოდინმა იგი შინაგანად შეცვალა. „უკვე ვეჭვობ, რომ ამ ვირტუალურ თავდასხმებში სიმართლის მარცვალიც ურევია. როდესაც ამდენჯერ კითხულობ, რომ საშინელება და იდიოტი ხარ, უკვე იწყებ დაჯერებას: იქნებ ისინი ხედავენ იმას, რაც მე ვერ ვხედავ? ვერ გამიგია, როგორ უნდა გაატარო მთელი დღე ამ კოშმარების ნიაღვარში, როდესაც ადამიანები ყველაზე დიდ საშინელებებს გეუბნებიან, შემდეგ შინ დაბრუნდე და ნახევარ საათში ემოციურად ნორმალურ ადამიანად იქცე“, – ამბობს იგი.

Feministe-ის დამაარსებელი ლორენ ბრიუსი (Lauren Bruce) ონლაინ ყველასათვის მისაწვდომი როდია. „ცხოვრებიდან ეს ნაწილი აუცილებლად უნდა ამომეჭრა, რათა დანარჩენი ცხოვრება შემძლებოდა. იმისათვის, რომ იმუშაო, გყავდეს კარგი ოჯახი და გრძნობდე ემოციურ მთლიანობას, შეუძლებელია, ერთი ფეხი მუდმივად საწამლავში გედგას“, – აღნიშნავს ლორენი.

ქალები, რომლებიც ამ საწამლავზე უარს ამბობენ, დილემის წინაშე დგანან: ინტერნეტი მათი გზავნილების გავრცელების უმარტივესი გზაა. დანჰემიდან (Dunham) დაწყებული, სანდრა ფლაკითა (Sandra Fluke) და ემა სალკოვიცით (Emma Sulkowicz) დამთავრებული, უკანასკნელი წლების ყველაზე გამოჩენილმა ფიგურებმა საზოგადოებას საკუთარი ცხოვრება გაუხსნეს. ამ ქალების ესსეები ინტერნეტში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. „მათ ისე უჭირდათ პირველი ნაწარმოებების გამოქვეყნება, მაგრამ როგორც კი საკუთარ ვაგინაზე წერა დაიწყეს, უეცრად ყველა გაიხსნა“, – წერს ვალენტი.

თუმცა, ასეთ გულახდილობას სადიზმის გარდაუვალი ნიაღვარი მოჰყვება. ვებგვერდ xoJane უპირატესობას ანიჭებს პირად ისტორიებს. აქ დაბეჭდვა ახალგაზრდა ქალი ავტორების მყისიერ პოპულარობას იწვევს, მაგრამ ისინი ამაზე მალევე ამბობენ უარს. “ჩვენ მოგვყავს ავტორები, ვასწავლით მათ, იქმნება მათი ბრენდი, მაგრამ პირველივე შემთხვევაზე, ქალები უფრო უსაფრთხო ადგილას მიდიან, მაგალითად პრესაში. რა თქმა უნდა, მათი ნაწილი ვერ უმკლავდება ასეთ ზეწოლას“, – ამბობს ონლაინ გამოცემის რედაქტორი ემილი მაკკომბსი (Emily McCombs).

მაკკომბსმა თავადვე გადაწყვიტა, რომ მისი მომდევნო სამუშაო ინტერნეტთან არ იქნება დაკავშირებული. „ონლაინ ავტორის ხვედრია აგრესორებისგან პირდაპირი შეტყობინებების კითხვა. სოციალურ ქსელებში მეუბნებიან, რომ სქელი და მახინჯი ვარ, და ასე გრძელდება ყოველდღე. ინტერნეტ ფორუმები, ადამიანთა მთელი ჯგუფები განიხილავენ, თუ რა ცუდად ვბერდები. ამ სფეროდან გაქცეული და გადამწვარი ბევრი ქალი მინახავს“, – ამბობს იგი.

წყარო: The Washington Post