“ჭარბი წონა“ ბევრი ჩვენგანისთვის დიაგნოზია. „სიმსუქნე“ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში მართლაც შედის. 2013 წელს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ (American Medical Association) ხმა მისცა სიმსუქნის დაავადებად აღიარებას.
თუმცა, ასა-ს გადაწყვეტილებას ყველა სპეციალისტი როდი დათანხმებია. დევიდ კაცი (David L. Katz), იელის უნივერსიტეტის პრევენციული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ „ჩვენი მიდრეკილება ჭარბი წონისკენ – ნორმალური ფიზიოლოგიის ნაწილია. გაცხიმოვნება იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვებით, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია კალორიებისა და ენერგეტიკული რეზერვის სიჭარბით. ეს არის პროცესი, რაც ჯანსაღმა სხეულმა უნდა მოიმოქმედოს კალორიების სიჭარბისას – გადაინახოს ისინი შავი დღისთვის“.
დაავადება – სხეულის მუშაობის დარღვევაა. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, წონის აკრეფა მაშინ, როცა ორგანიზმი ნაკლებ კალორიებს ხარჯავს, ვიდრე მოიხმარს, – ბუნებრივი პროცესია. ცხიმის მომატებული პროცენტი, შესაძლოა, ზოგიერთი დაავადების სტიმულატორი გახდეს, მაგრამ, აუცილებელი არაა, ისინი გამოიწვიოს. ანუ, თავისთავად, ჭარბი წონა დაავადება არაა, ამ ცნების ჩვეული გაგებით. უფრო მეტიც: მას უკავშირდება „ჭარბი წონის პარადოქსი“ (obesity paradox): კვლევების თანახმად, სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე ადამიანებს მეტი შანსი აქვთ, სრულად აღიდგინონ ჯამრთელობა, მაგალითად, გულის შეტევის შემდეგ, ვიდრე სხეულის „ნორმალური“ მასის მქონეებს.
ჩვენ მივეჩვიეთ ფიქრს, თითქოს სილამაზე და ჯამრთელობა ურთიერთკავშირში იყოს. ამის საფუძველზე ვასკვნით კიდეც, რომ ჭარბი წონა ვერ იქნება მიმზიდველი, რადგან „ჯანმრთელი არაა“. სინამდვილეში, სილამაზე და ჯანმრთელობა ერთურთს სულაც არ უკავშირდება ისე, როგორც ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ზოგადად მიჩნეულია, რომ ჯანმრთელობის ზოგიერთი გარეგანი ნიშანი იმიტომ გვგონია მიმზიდველი, რომ ქვეცნობიერად „ხარისხიან“ პარტნიორს ვეძებთ, მათ შორის მასაც, ვისთანაც „ჯანმრთელი ბავშვები გამოგვივა“. ბოლო კვლევები კი გვეუბნება, რომ გარეგნობის შეფასებისას, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ადამიანის ფერტილობის უნარი და არა – ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ასე მაგალითად, ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მქონე გოგონა უფრო მიმზიდველად არ მოგვეჩვენება, ვიდრე – გასტრიტიანი.
ეს მექანიზმი პირუკუც იგივენაირად მუშაობს: მიმზიდველი ადამიანები უფრო ჯანმრთელებად გვეჩვენება. ფსიქოლოგიაში ამას ფიზიკური მიმზიდველობის სტერეოტიპს უწოდებენ, რომელიც, არსობრივად, კოგნიტური დამახინჯებაა. ჩვენ ვირთხებისა და მწერების იმიტომ გვეშინია, რომ ჩვენი ტვინი, მიუხედავად ანტისეპტიკებისა და პასტერიზაციის არსებობისა, მათში ინფექციის სახიფათო გამავრცელებლებს ამოიცნობს. ანალოგიურად, გვგონია, რომ სილამაზის ჩვენეული და საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისი ადამიანები უფრო ჯანმრთელნი არიან, რადგან სილამაზეს მთლიანობაში ყველაფერ კარგთან ვაიგივებთ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების მკვლევარებმა, დაიონმა და მილერმა, შეამჩნიეს, რომ ფიზიკურად მიმზიდველ ადამიანებს ყველაზე ხშირად მიაწერენ სოციალურად სანაქებო თვისებებს. მართალია, ეს თვისებები დამოკიდებულია გეოგრაფიასა და საზოგადოების განვითარების ეტაპზე, მაგრამ ზემოთხსენებული კანონზომიერება ნარჩუნდება. ასე მაგალითად, დასავლურ კულტურაში ლამაზი ადამიანი ძლიერად და დამოუკიდებლად აღიქმება, ხოლო აღმოსავლურში – სხვებზე მზრუნველად და ნდობის ღირსად.
პორტალი Public Library of Science-ის კვლევების თანახმად, ადამიანთა რაც უფრო მრავალფეროვან სხეულებს ვხედავთ, მით უფრო გვიადვილდება ამ მრავალფეროვნების მიღება: მედიაში სხვადასხვა კომპლექციის ქალებს რომ ვხედავდეთ, მათ და საკუთარი თავების მიმართ გაცილებით კეთილგანწყობილები და მშვიდები ვიქნებოდით. თავად ცნება „სილამაზე“ და „ლამაზი ფიგურა“ სოციოკულტურული გამოგონებაა: იმ დროს, როცა მდიდარ ადამიანებს ბევრი ჭამისა და ფიზიკური შრომისთვის თავის არიდების ფუფუნება ჰქონდათ, სიმსუქნე მათი სიმდიდრისა და სტატუსის მაჩვენებელი იყო. თანამედროვე საზოგადოებაში იმისათვის, რომ ივარჯიშო და სწორად იკვებო, ისევ ფული და სოციალური მდგომარეობაა საჭირო. ამიტომ, ახლა სიმდიდრის მარკერად სიგამხდრე იქცა, მოვლილ და მოდურ სამოსთან ერთად.
სოციალური თვალსაზრისით, ჭარბი წონა გამათრახებულია არა მხოლოდ სილამაზის ჭრილში: ჭარბწონიან ადამიანებს სიზარმაცეს, დაუდევრობას, სისუსტეს მიაწერენ; ექიმები მათ წონაში დიდი ალბათობით დაიწყებენ ყველა მათი პრობლემის მიზეზის ძიებას. სამსახურებში, ჭარბწონიან თანამშრომლებს გაცილებით მომთხოვნად ექცევიან, ვიდრე – გამხდრებს. სტერეოტიპული წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ქალი ვალდებულია, იყოს გამხდარი, მოდური, მოვლილი, ასევე მოქმედებს. ქალის ფიგურის მიმართ წაყენებული მოთხოვნები გაცილებით მკაცრია, ვიდრე – კაცისაზე, ხოლო ჭარბწონიან ქალზე გაცილებით დიდი სოციალური წნეხი მოდის, ვიდრე – იგივე კომპლექციის კაცზე.
ბევრი ექსპერტი, მათ შორის დინ ორნიში (Dean Ornish), მიიჩნევს, რომ ჭარბი წონის სტიგმატიზაცია ადამიანებს გახდომას კი არ აიძულებს, არამედ დეპრესიაში აგდებს, კვებით აშლილობებს მართებს და ხანდახან სუიციდისკენაც კი უბიძგებს. გახდომის მუდმივი წარუმატებელი მცდელობები, სოციალური წნეხის ფონზე, ადამიანში უსუსურობასა და სტრესს იწვევს.
ახლა, საზოგადოება ჭარბი წონის მიმართ თითქოს თანდათანობით დამთმენი ხდება: ჩნდებიან პლუს საიზ მოდელები, საიტები და მაღაზიები, სადაც დიდი ზომის სამოსის შეძენა პრობლემა არაა. მაგრამ, თავად დაყოფა «normal»-ად და «plus»-ად იმას გულისხმობს, რომ დიდი ზომები ნორმალური არაა, ხოლო პლას-საიზ მოდელები მაინც გაცილებით გამხდრები არიან, ვიდრე – მათი აუდიტორია. მაგალითად, ASOS Curve-ის გოგონებს 10 ან 8 ზომა სამოსი აცვიათ, მაშინ, როცა პლუს საიზ ხაზი 14 ზომით იწყება.
არ დავიღლებით იმის გამეორებით, რომ ადამიანის გარეგნობა მისი პირადი საქმეა, მისი კომფორტისა და თვითგამოხატვის საკითხი. სისტემა, სადაც ჭარბწონიანი გოგონას ფოტოს ინსტაგრამზე ბანი ედება, ხოლო ჭარბწონიანი მსახიობები ძირითადად კომიკურ როლებს ასრულებენ, ადამიანების უდიდეს რაოდენობას პირდაპირ უბიძგებს, თავი უბედურად იგრძნოს. თუ ჩვენი მიზანია, თავი კომფორტულად ვიგრძნოთ საკუთარ სხეულში და ზოგადად ვიყოთ ბედნიერები, სილამაზის მრავალფეროვნების აღქმა ის თვისებაა, რომელიც ჩვენში უნდა აღვზარდოთ.