სექსუალობა / სტატიები

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მკერდის გასინჯვის შემთხვევაში?

სამედიცინო მომსახურების მიღებისას, არსებობს მეტ-ნაკლებად დელიკატური საკითხები. ერთ-ერთი ასეთი საკითხია სარძევე ჯირკვლის კლინიკური გასინჯვა.

არსებობს სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის საგანგებო პროტოკოლი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს დასახელებულ პროცედურას.

ძუძუს გეგმიური გამოკვლევა ქალის ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი ფაქტორია.  40 წელს გადაცილებული ქალისთვის არსებობს რეკომენდაცია, მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ გაიაროს კონსულტაცია მამოლოგთან.

საქართველოში არ არსებობს მკერდის გასინჯვის   პროტოკოლი, რომელიც ექიმებს დაავალდებულებს, თავადაც გამოიყენონ და ასევე გააცნონ პაციენტს, თუ რა ვითარებაში უნდა ჩატარდეს გამოკვლევა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველ ექიმთან კლინიკური გასინჯვის დროს ამ პროტოკოლის გათვალისწინება ზედმეტია. პირიქით, წესებიდან გადახვევის შემთხვევაში, პაციენტს უფლება აქვს, ექიმს არასწორ ქმედებაზე მიუთითოს.

მსგავსი ტიპის გასინჯვებს სხვადასხვა უსიამოვნო განცდა ახლავს თან: შიში, მორიდებულობა და სიშიშვლესთან დაკავშირებული სირხვილის განცდა. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მძაფრდება საპირისპირო სქესის ექიმთან ურთიერთობის დროს. პროტოკლის არარსებობა კიდევ უფრო ზრდის ალბათობას, რომ ცალკეულ შემთხვეევბში პაციენტები კონსულტაციის ჩატარებისგან თავს იკავებენ. არსებობს ისტორიები და ამ ისტორიებზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, როდესაც ქალები ექიმებისგან კლინიკური გასინჯვის შედეგად დიდ მორალურ ტრავმასა და სექსუალური ძალადობის გამოცდილებას იღებენ (აქვე ვაზუსტებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში მხოლოდ გაუპატიურება და სქესობრივი აქტი არ იგულისხმება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხაზს უსვამს ქალის სექსუალობას – ორგანოებზე მზერა, ეროტიკული სიტყვების თქმა და ა.შ. განიხილება სექსუალურ ძალადობად).

არსებობს The National Breast Cancer Foundation -ის  რამდენიმე რეკომენდაცია:

•    გამოკვლევა უნდა ჩატარდეს განცალკევებულ სივრცეში;
•    ექიმი არ უნდა დაესწროს პაციენტის ჩაცმის/გახდის პროცესს;
•    ახალგაზრდა გოგონას თან უნდა ახლდეს მშობელი ან მეურვე;
•    შიშვლად უნდა ჩანდეს მკერდის ის ნაწილი, რომელსაც შეხებით ან ვიზუალურად ათვალიერებს ექიმი, დანარჩენი ნაწილი უნდა იყოს დაფარული. სიშიშვლის რაც უფრო ნაკლები განცდა აქვს პაციენტს, მით უფრო უადვილდება მას ექიმთან ნდობით ურთიერთობაში შესვლა და შემდგომ ვიზიტზე სტუმრობა.
•    გამოკვლევა იწყება მაშინ, როდესაც პაციენტი მჯდომარე მდგომარეობაშია. დასაწყიში, სარძევე ჯირკვალი ვიზუალურად მოწმდება. შესაძლოა, ექიმმა პაციენტს თავს ზემოთ ხელების აწევა სთხოვოს.  გამოკვლევა დაწოლილ მდგომარეობაში გრძელდება. ამ დროს, ექიმი პალპაციით სინჯავს მკერდს (გასინჯვის ორივე მდგომარეობაში მკერდი, რომელიც არ თვალიერდება, დაფარულია).