ბლოგები / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

რა ფერისაა შეშინებული ადამიანის თვალები?

ავტორი: მარიამ ჯუღელი

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ისტორია. ქვემოთ მოთხრობილი ამბავი არაფრით გამოირჩევა იმ ურიცხვი ადამიანების ისტორიებისგან, რომლებიც იღბლიანსა თუ უიღბლო ვარსკვლავზე დაიბადნენ. თუმცა ჩემი ისტორია ყოველთვის დარჩება ჩემს ისტორიად და მეც ჩემს ერთადერთსა და უერთგულეს იარაღს – სიტყვებს – გზის გასანათებლად გამოვიყენებ.

2019 წლის 19 ივნისს, ოფისი, რომელიც ტაშკენტის ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე წუთით დავტოვე და მაღაზიაში შევირბინე. ზაფხულის გარდამავალი ტემპერატურა და ჩემი გარდამავალი ხასიათიც კარგად ერგებოდა ამ დაუჯერებელ დღესა და დაუჯერებელ ამბავს.

პროდუქტები შევიძინე და ყურსასმენები მოვირგე. სიმღერის მელოდიას გარედან მომავალი ხმები ფარავდა. მეც მშვიდად მოვიხსენი ყურსასმენები და გარშემო მიმოვიხედე. როდესაც დავაფიქსირე, რომ ჩვენი ოფისის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ადამიანები გადმომდგარიყვნენ და ყვიროდნენ – ვინმე დაეხმარეთ, მოკლავს, პატრულს გამოუძახეთო. ინსტინქტურად, ბავშვურად და გაუაზრებლად, იქით გავიქეცი, საითაც მათი მზერა მიემართებოდა.

მახსოვს, არ მქონია კონკრეტული ფიქრები. ერთადერთი ფიქრი, რომელიც აზრად მიტრიალებდა, იყო ის, რომ სადღაც ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მალევე მივხვდი, სად უნდა მივსულიყავი. ავირბინე სადარბაზოს კიბეები და გრძელი დერეფნის ბოლოს არსებულ ღია კარის ზღურბლშიც შევაბიჯე.

კარს მიღმა დაახლოებით ათიოდე ადამიანის შეშინებული და გაფართოებული თვალები დამხვდა. ერთმანეთს რომ კითხვებით მოცულ მზერას აყოლებდნენ და ეკითხებოდნენ ახლა რა უნდა გავაკეთოთო? კითხვა კი მდგომარეობდა შემდეგში: ქალი, რომელიც ოჯახის დიასახლისი აღმოჩნდა, გახლდათ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ცხვირზე ოდნავ თუ შეამჩნევდით უკვე მოწმენდილი სისხლის ნაკვალევს. გარშემო უამრავი ადამიანი ეხვია თავს და მეც ისევე, როგორც დანარჩენები, ერთადერთ კითხვას ვუმეორებდი – რით შემიძლია, დაგეხმაროთ?

მას არ ჰქონია რეაგირება ჩემს კითხვაზე. მხოლოდ ტირილით თუ უპასუხებდა სიცხადეში გადმოსულ არეულ ფერებს. მამაკაცი, რომელიც ოჯახის უფროსის რანგში მოგვევლინა, სახეზე დაბურცული ძარღვებით ოთახებში სცემდა ბოლთას. გაზქურაზე დადგმული საჭმელი ალბათ უკვე რა ხანია რაც ცხელი იყო და ბავშვიც, რომელიც გაუთავებლად ტიროდა, თითქოს გრძობდა, რომ გარემო, სადაც ის იმყოფებოდა, ნეგატივითა და სიმძიმით იყო გაჟღენთლი.

დიასახლისი, ისევე როგორც მამაკაცი, რამდენიმე წუთში ოთახიდან გაქრა და მეც იქ მყოფ ადამიანებთან ერთად დავტოვე სახლი. ჩამოვუყევი საცხოვრებელი კორპუსის კიბეებს ერთ-ერთ მეზობელთან ერთად და აქა-იქ ჩვენ-ჩვენი აზრებიც გავცვალეთ.

სადარბაზოს ზღურბლზე გამოსულებს ქმარი შემოგვხვდა. ვფიქრობ, რომ უცხო პიროვნება, რომელიც გამვლელის სახით ამ დღეს აბუთიების ოჯახს მოევლინა, მათთვის და კონკრეტულად კი ამ პიროვნებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. საფრთხეს, რომელიც შერცხვენილ სახელსა და სავარაუდოდ საზოგადოებრივ რეპუტაციას უკავშირდებოდა.

მეზობელმა გაღიზიანებული პიროვნება ხელის კვრით კორპუსში შეაგდო. ალბათ იფიქრა, რომ ის თავის გზას გაუყვებოდა მე კი ჩემსას, თუმცა ჩემს გზაზე მიმავალს მალევე რეალობა დამეწია.

ახლაც კი, როდესაც ამას ვწერ, ნერვიულობისა და ემოციების ფონზე სხეულის კიდურები მიბუჟდება. თვალწინ მიდგას, როგორ მოდის ჩქარი ნაბიჯით ჩემკენ 26 წლის მამაკაცი, როგორ მაყენებს წარმოუდგენელ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მახსენდება ფიქრი, რომ თუკი გავიქცევი იქნებ მალევე დამეწიოს და უკნიდან მოყენებულმა დარტყმამ სრულად დამაკარგვინოს გონება.

ადგილზე ვრჩები. მეშინია. ვითმენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ვჩუმდები. მხოლოდ ერთსადაიმავე კითხვას ვიმეორებ განუწყვეტლივ – ჩემგან რა გინდა? ჩემგან რა გინდა?

ვდგავარ დიდი და ვპატარავდები. ჩემივე ნაჭუჭში ვიძირები, რომ ეს არ ხდება, მაგრამ დღეს მე აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ის, რაც თავს გადამხდა.

ჩემს წინ დგას ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩემზე ოდნავ მაღალი და მოცულობითია. სახესა და ხელებზე თითოეული ძარღვი დაბერილი აქვს. ზემოდან დამყურებს და იმხელა ხმაზე ყვირის, რომ მისი პირიდან გადმოდენილი ნერწყვი გარშემო იფანტება. ვუყურებ ადამიანს და ვერ ვხედავ, რომ ადამიანია.

მოახლოებისთანავე, პირველად მირტყამს ხელებში და მაყრევინებს ყველაფერს, რაც ხელში მიჭირავს: ტელეფონს, საფულეს, პროდუქტებს… მეშინია. ვხვდები, რომ ქალაქის ცენტრში, ადამიანებით გარშემორტყმული 21 წლის გოგო მარტო ვარ.

პირველ დარტყმას მოჰყვა დარტყმების მთელი კასკადი, ოღონდ ამჯერად არა ხელებში, არამედ – სახეში. ბუნდოვნად ვხედავ, როგორ მირტყამს მუშტებს ახალგაზრდა მამაკაცი გამეტებით სახესა და თავის არეში. მირტყამს უმოწყალოდ და ვხედავ, როგორ გიჟდება ჩემ თვალწინ არსებული არსება, როგორ ეცვლება მას გამომეტყველება და ვხედავ, რომ ადამიანი, რომელიც მირტყამს, ვეღარ მხედავს.

21 წლის განმავლობაში შევსწრებივარ და მინახავს უამრავი ჩხუბი. მინახავს, როგორ ურტყამენ ბიჭები ერთმანეთს, მაგრამ ამ დრომდე არასდროს მენახა ადამიანი, რომელიც ისე გამეტებით დაარტყამდა ადამიანს, როგორც ამ ადამიანმა გამიმეტა მე. ვხედავდი, როგორ ეშლებოდა ნერვებისა და სიტყვების საღერღელი და ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ადამიანს, რომელსაც უნდოდა, რომ მოვეკალი.

ეს ერთადერთი სახელია იმისა, რაც მოხდა. ეს ერთადერთი სახელია იმ გამეტების, როგორც ამ დღეს ბეწვის ხიდზე შერჩენილმა ვიგრძენი თავი.

ხელები სახეზე ავიფარე და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიხევდი უკან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შიშისგან აკანკალებული სიტყვებს ვერნატირები ცრემლებით უკანვე გადავყლაპავდი და ფრთხილი ნაბიჯებით დავიხევდი უკან, რადგან შემეშინდებოდა. შემეშინდებოდა, რომ იქნებ მეტად ვეღარც გამეხილა თვალი.

დღე, რომელზეც მე თქვენ ახლა გიყვებით, საზოგადოებრივი ტრაგედიაა. ტრაგედია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახში ძალადობას ჰქონდა ადგილი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან დამიჯერეთ, რომ ესეც გაივლის, თუმცა არ გაივლის ერთადერთი რამ.

ალბათ მკითხავთ, რაო, და მეც მშვიდად გიპასუხებთ, რომ არ გაივლის დამოკიდებულება. საზოგადოების დამოკიდებულება მომხდარის მიმართ.

იმ ადგილიდან, სადაც მოცემული ფაქტი მოხდა ათიოდე ნაბიჯში ორი ახალგაზრდა გოგონა საუბრობდა. ერთადერთი, რამ რაც მათი რეაქცია იყო მომხდარზე გახლდათ ურეაქციობა.

იმ ადგილიდან, სადაც მოცემული ფაქტი მოხდა, ოცდაათიოდე ნაბიჯში არის სტადიონი, რომელიც პირდაპირ უყურებს მოხდარის ადგილს. სტადიონზე იმ დროისათვის 15-16 წლის ბიჭები თამაშობდნენ და ერთადერთი რეაქცია, რაც მათი მხრიდან ვიგრძენი, გახლდათ ურეაქციობა.

იმ ადგილიდან, სადაც მოცემული ფაქტი მოხდა ოციოდე ნაბიჯში შუახნის მამაკაცები ისხდნენ და საუბრობდნენ. მათ ესმოდათ გინებისა და ყვირილის ხმა, თუმცა ერთადერთი რეაქცია რაც მათი მხრიდან ვიგრძენი გახლდათ ურეაქციობა.

იმ ადგილზე, სადაც მოცემული ფაქტი მოხდა დაახლოვებით სამი სხვადასხვა საცხოვრებელი კორპუსია. თითოეული სახლის ფანჯრები საზაფხულოდ ფართოდ დაღებული დაეტოვებინათ ისევე როგორც ამ ფანჯრებიდან მაყურებელი ადამიანების დაფჩენილი ყბები და გაფართოებული თვალები, თუმცა ერთადერთი რეაქცია რაც მათი მხრიდან ვიგრძენი გახლდათ ურეაქციობა.

მე, 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრბოდი უცხო სახლში უცხო ადამიანის დასახმარებლად შუა ქუჩაში მეზობლებმა, თანატოლებმა, მამაკაცებმა მარტო დამტოვეს. წაიშალა სოლიდარობისა და თანადგომის გრძნობაც და იმის მაგიერ ვინმეს დახმარების ხელი გამოეწოდებინა გონებაში დასადგურებულმა სოკოსებრი აზრმა “ზიანი არ მოგვადგესო” ადამიანები გაისისხლხორცა.

წავიშალე და წაშლილი ვარ ახლაც. წამშალა იმ რეალობამ, რომელსაც 21 წელია, ვეწინააღმდეგები რადგან მინდა, მჯეროდეს, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ. წამშალა იმ უდიდესმა ადამიანურმა შეჯახებამ რეალობასთან, რომელიც 2019 წლის 19 ივნისს გამოვცადე.

შეურაცხყოფილი, ნაცემი და გზააბნეული შუა ქუჩაში ვითხოვდი შველას, ვითხოვდი სასწრაფო დახმარების ნომერს და ვყვიროდი მთელი ძალით, რომ მიმეწვდინა ხმა ამ ადამიანებში დარჩენილი ადამიანობისათვის, თუმცა არავინ მიპასუხა. არავის უთქვამს რომ შეშინებულსა და არეულ გულზე აკრეფილი 115-ის მაგიერ, 112 უნდა ამეკრიფა. არავის უთქვამს ვაიმე შვილოო!

ვიდექი ქუჩაში შეურაცხყოფილი, ნაცემი და ნაგინები. ვიდექი იმიტომ, რომ ვფიქრობდი სადღაც ვიღაცას ჩემი დახმარება სჭირდებოდა და მეც გავიქეცი. პასუხი და ფასი, რომელიც ჩემი დახმარების გაწევის მცდელობისთვის მივიღე არის ტვინის შერყევა ისევე როგორც ნაღრძობი ყბა. პასუხი და ფასი, რომელიც ჩემი დახმარების მცდელობისთვის მივიღე არის ურეაქციო საზოგადოება და მონსტრის მუშტებს შეტოვებული ახალგაზრდა გოგონა.

პასუხი, რომელიც უპასუხობას უფრო ჰგავდა ვიდრე პასუხს.

დღეს, 2019 წლის 24 ივნისს, 5 დღის შემდეგ ვყვები ისტორიას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვყვები, რადგან ჩვენ ადამიანებს გვირჩევნია მჭიდროდ მივაბჯინოთ ერთმანეთს უპეები და თვალი ავარიდოთ ოჯახში ძალადობას, წავიყრუოთ შველად დაყრილი კივილი და გავაგრძელოთ ჩვენს პრობლემებზე მთელი ეს უსახური ფიქრი. ჩვენ თითქოს გვირჩევნია დავლიოთ სადღეგრძელოები ძლიერი ქართველი ქალის პროტოტიპისა, როდესაც ქართველი ქალის დღევანდელი რეალური სახე, ისეთივეა როგორიც იმ ქალის, რომელიც იმ ღია კარის ზღურბლში ვიხილე.

ვფიქრობ, რომ დროა. დროა, გავახილოთ ეს ფართოდ დახუჭული თვალები და წინ დავუდგეთ თბილისის ქუჩებში გამეფებულ რეალობას. აღარ ჩავუაროთ გულგრილად ადამიანების საშველად დაყრილ და მიყრუებულ თხოვნას. დროა, გამოვაღვიძოთ ჩვენში ჩამარხული ადამიანები და დავირქვათ ყველამ ჩვენ-ჩვენი სახელი.

მე ვფიქრობ, რომ დროა. დროა, დავინახოთ ერთმანეთი ნიღბებისა და მთელი ამ შეთითხნილი ავტორიტეტების გარეშე. და თუ თქვენ ვერ მხედავთ, მინდა იცოდეთ, რომ მე ვარ მარიამ ჯუღელი. გოგონა, რომელსაც მთელი გულით სჯეროდა, რომ ქუჩაში ვიღაცას მისი დახმარება სჭირდებოდა, ისიც გაიქცა დასახმარებლად და სცემეს. სცემეს და მის გარშემო არსებულმა ადამიანებმა კი თვალები დახუჭეს და სიტყვები გადაყლაპეს.

დამინახეთ, გთხოვთ!