თანასწორობის პოლიტიკა

“როგორ ბედავთ!” – 16 წლის გრეტას ემოციური სიტყვა გაეროს სამიტის ტრიბუნაზე

2018 წელს, შვედმა სკოლის მოსწავლემ გრეტა ტუნბერგმა (Greta Thunberg) სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო და განაცხადა, რომ სკოლაში პარასკევობით მანამ აღარ ივლის, სანამ პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ. ამ გაბედულმა აქციამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და კლიმატთან დაკავშირებული გაფიცვების მოწყობას სხვა ქვეყნების მოსწავლეებიც აქტიურად შეუდგნენ.

16 წლის ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დღეს ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტია, მან უკვე მოასწრო ეკოპრობლემებზე სასაუბროდ დავოსსა და ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლა.

გუშინ, ნიუ-იორკში, გაეროს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი სამიტზე სიტყვით გრეტა მსოფლიო ლიდერების წინაშე წარსდგა.

“თქვენ, თქვენი ლიტონი სიტყვებით, მოიპარეთ ჩემი ბავშვობა და ოცნებები!”, “ჩვენ მასობრივი განადგურების წინაშე ვიმყოფებით, მაგრამ ერთადერთი, რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ, ეს ფული და ზღაპრებია დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!” – განაცხადა თავის ემოციურ სიტყვაში თვალცრემლიანმა გრეტამ.