სტატიები / ქალზე ძალადობა

როგორ ვისწავლოთ „არას“ თქმა?

უარის თქმის უნარის არქონა უამრავ პრობლემას გვიჩენს: უსარგებლო შეხვედრები, ზედმეტი საქმეები, პასუხისმგებლობა, რომელიც რეალურად არც კი უნდა გვეკისრებოდეს, მუდმივი გადაღლილობა და სხვ. რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ აღარ გვსურს, ვერგებოდეთ ყველას, და როგორ უნდა ვისწავლოთ უარის თქმა? ეს გზა მოკლე არაა, სამაგიეროდ, შედეგი მოთმინებად ნამდვილად ღირს.

პრობლემის დაფიქსირება

ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა. უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ქცევა იმ მომენტში, როცა უხალისო „არას“ ნაცვლად, ვამბობთ: „კი, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ“. დაკვირვება საველე პირობებში სჯობს: როგორც კი რაღაც ძალიან უსიამოვნოსა და არასასურველს დავთანხმდით, მაშინვე უნდა დავაფიქსიროთ, როგორ მოხდა ეს. უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ მომენტებს შენიშვნის სახით ჩავიწერთ დღიურში, ბლოკნოტში ან ტელეფონში. უნდა აღვნიშნოთ ის, რაც მოხდა, ვინ მოგვმართა თხოვნით ან წინადადებით, რა გრძნობები განვიცადეთ ამ დროს, რა გავიფიქრეთ და რა ვუპასუხეთ.

კარგი იქნება, თუ ამ დროს ფსიქოთერაპევტის მხარდაჭერაც გვექნება, რადგან უარის თქმის უნარის არქონას, როგორც წესი, სხვადასხვა პრობლემა ებმის ხოლმე: საკუთარი თავისა და საჭიროებების მიმართ გაუფრთხილებელი დამოკიდებულება, შიში ავტორიტეტების წინაშე, ცუდი ადამიანის საქციელის გამეორების შიში, ან იდეა, რომლის თანახმადაც, „ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა ზღო“. ეს ის საკითხებია, რომლებზე ფიქრიც მოგვიწევს.

ვიღაცას ავტორიტეტის შიში აქვს – მორცხვობს ჩინოვნიკების, ექიმების, ასაკით უფროსი ადამიანების წინაშე. ვიღაც პირიქით, კონფლიქტში შედის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ უარს ვერ ეუბნება სუსტს, უმცროსს და დაუცველს, მაშინაც კი, როდესაც ეს „სუსტი და დაუცველი“ ბავშვობის ასაკიდან კარგა ხნის წინ გამოვიდა და ღიად იყენებს ბოროტად გარშემომყოფთა თანაგრძნობას.

ზოგჯერ, ეს საკითხი გენდერს უკავშირდება: ვიღაც ადვილად ექცევა კაცების გავლენის ქვეშ, ვიღაც კი – ქალების. უნდა გავიხსენოთ ბავშვობისდროინდელი ფიგურებიც: ავტორიტეტული კაცებისა ეშინოდათ მათ, ვისაც სასტიკი, ან აგრესიული მამა ჰყავდა, ქალებს კი მათი, ვისი დედა, ბებია ან სხვა ახლო ნათესავი ემოციურ ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებდა. ეს ძალზე პირობითი მაგალითებია, თუმცა მათ შორის კავშირი არანაკლებ ერთმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, მაგრამ, თუ შევამჩნიეთ, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის გვიჭირს უარის თქმა, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, ვის ჰგვანან ისინი ჩვენი ცხოვრების პერსონაჟთაგან.

უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რა ვითარებასა და გარემოებაში გვიჭირს ყველაზე მეტად საკუთარი ინტერესების დაცვა. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ყველაზე მეტად, უარს კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ ვამბობთ: სამუშაოზე, ახლობლებთან ურთიერთობისას, ან პირად ურთიერთობებში. ეს იმაზე დაფიქრების მიზეზი იქნება, თუ რა ხდება ჩვენი ცხოვრების ამ ნაწილში, ამ ადამიანებთან ურთიერთობებისას. რა შეხედულებები გვაქვს სამსახურის, მეგობრობის, ქორწინების ან პარტნიორული ურთიერთობების შესახებ?

ხშირად, საზღვრების დაწესების ჩვენეულ უნარზე გავლენას ახდენს ჩვენი განწყობა და ფიზიკური მდგომარეობა. რა ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში ვთანხმდებით ხოლმე იმას, რაზე დათანხმებაც სინამდვილეში არ გვსურს? ბევრ ადამიანზე ადვილია ზეწოლის განხორციელება, როცა ისინი დაღლილნი, იმედგაცრუებულნი, შეშინებულნი ან გამოუძინებელნი არიან. მაგრამ, ვიღაცას სხვა პრობლემა აქვს: ის მზადაა, ყველას დაეხმაროს და დაუთმოს, როცა კარგ ფორმაშია, შესანიშნავ ხასიათზე. სწორედ ამ მდგომარეობაში იმატებენ ასეთი ადამიანები უამრავ ზედმეტ საქმეს.

რა გრძნობა გვიბიძგებს თანხმობისკენ?

შესაძლოა, ეს იყოს სირცხვილის, ხათრის ან დანაშაულის გრძნობა. მაგალითად, იმისთვის, თუ უარს ვეტყვით ისეთ ვინმეს, ვინც მართლა დახმარებას საჭიროებს, და მაშინ ვიქნებით „უსულგულო“ და „მუხთალი“ ადამიანი. ან იმის გამო, რომ ჩვენ კარგ ანაზღაურებას ვიღებთ, სამსახურს კი მუდმივად დროზე ადრე ვამთავრებთ.

საჭიროა, გავიგოთ, თუ რა დგას თავის შერცხვენისა და დადანაშაულების უკან. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ „ხელმძღვანელობისთვის ხელფასის დანაპირები მომატების შეხსენება ულამაზოა, რადგან არ მინდა, ანგარებიანი გამოვჩნდე“. სინამდვილეში, უნდა დავფიქრდეთ, საიდან გაჩნდა ის იდეა, რომლის თანახმადაც, მუშაობა ენთუზიაზმით ხდება და არა – ანაზღაურების საფუძველზე? ვის მიაჩნია ასე ჩვენს ოჯახში ან გარემოცვაში? როგორ ზეგავლენას ახდენს ახლა ჩვენზე ეს აზრი?

შესაძლოა, მტკიცე „არა“ იმის შეგრძნებას გვიქრობს, რომ სხვებთან შედარებით, ნაკლებად მნიშვნელოვანნი და დაბლა მდგომნი ვართ? ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ კარგი ურთიერთობების, ღირსეული ცხოვრების, სამართლიანი მოპყრობის პრეტენზია არ უნდა გააჩნდეთ, და თუ უეცრად მას მიიღებენ, მთელი ცხოვრება ამის ვალში უნდა იყვნენ.

უარეს შემთხვევაში, ეს გრძნობა ზოგადად ეუბნება ადამიანს, რომ იგი ამ დედამიწაზე „სამადლოდ“ დადის და სუნთქავს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, დახმარებისთვის მივმართოთ ფსიქოლოგს. ეს გრძნობა ისედაც გვიშხამავს ცხოვრებას, ხოლო უკიდურესი გამოვლინებისას, ძალზე სახიფათოა: იგი გვაიძულებს, წამოვეგოთ მანიპულაციებს, და შესაძლოა, ახლობლების, მეგობრების, კოლეგებისგან ცუდ მოპყრობას, ავანტიურებსა და არახელსაყრელ წინადადებებზე თანხმობას, მოკლედ, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას შეგვაგუოს.

ხშირად, უარის თქმის შიში ურთიერთობების გაფუჭების, ახლობლების დაკარგვის, მარტოდ დარჩენის შიშს უკავშირდება. ჩვენ გვგონია, რომ ადამიანები დაგვტოვებენ, თუ მათ არ დავუთმობთ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, ვაცნობიერებდეთ, რომ „საყვარელი“ და „კომფორტული“ სრულიად სხვადასხვა ცნებებია. ჯერ ერთი, ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ კომფორტულობა უყვართ ჩვენში, სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვუყვარვართ. ეს უფრო გამოყენებას ჰგავს. ხოლო ისინი, ვისაც ნამდვილად ვუყვარვართ, ჩვენს უარს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა, თავდაპირველად გაუკვირდებათ, რადგან ისინი ჩვენგან ამას არ ელოდნენ.

ხმები იმის შესახებ, რომ ძალიან ადვილია იმ ადამიანის სიყვარული, ვინც ცდილობს, ყველას ასიამოვნოს, – მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა შემბოჭველია: გარშემომყოფები მის დაძაბულობას გრძნობენ და თავადაც იძაბებიან. როცა ზედმეტად დამთმობნი და დამყოლნი ვხდებით, მეორე ადამიანს ვაძლევთ სიგნალს, ჩვენს ხარჯზე გააფართოვოს თავისი საზღვრები და ჩვენთან ურთიერთობისას, ეგოისტური კაპრიზების დაკმაყოფილება კიდევ და კიდევ მოისურვოს.

და ბოლოს: საზღვრების მუდმივად გადმოწევა ადრე თუ გვიან გაგვაბრაზებს და საშინლად გაგვაღიზიანებს. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, „მოდი, სხვანაირად ვიმოქმედო, ასე თავს კარგად არ ვგრძნობ“, – ვთანხმდებით, რადგან ვგრძნობთ, რომ უარის თქმა არ ძალგვიძს, შემდეგ კი საბოტაჟს მივმართავთ და თანამოსაუბრეს საყვედურებით ვავსებთ („როგორ არ გესმის, რომ ჩემთვის ძალიან ძნელი იყო სამსახურის შემდეგ ქალაქის მეორე კიდეში გამოსვლა?“). სწორედ ამაში მდგომარეობს ზედმეტი დათმობის ხაფანგი: ჩვენ ვცდილობთ, სხვებმა გაგვიგონ, მაგრამ პასუხად იგივეს ველით. სინამდვილეში, მოსახერხებელია, ყველამ თავისთვის იფიქროს, შემდეგი ნაბიჯი კი უბრალო მოლაპარაკების საქმეა.

როგორ დავიწყოთ უარის თქმა

მას შემდეგ, რაც მიზეზებს გავარკვევთ, პრაქტიკის დრო დგება: თანდათანობით, სხვებისთვის უარის თქმის ჩვევა უნდა გამოვიმუშაოთ. ამაში რამდენიმე ხერხი დაგვეხმარება:

1. ნუ ვიფიქრებთ სხვების ნაცვლად

ნუღარ ვეცდებით სხვის მდგომარეობაში შესვლას: პირველ და მეორე რიგში, უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე. პირდაპირ დასმულ კითხვას პირდაპირვე უნდა ვუპასუხოთ. შეგვიძლია, უარი ალტერნატიული წინადადების შეთავაზებით შევავსოთ, და შეგვიძლია, არანაირი შეთავაზებაც არ გვქონდეს. „შენთვის ოთხშაბათია მოსახერხებელი?“ – „არა, ოთხშაბათს არ მცალია. იყოს სამშაბათი ან ხუთშაბათი“. „გინდა გავისეირნოთ?“ – „არა, საშინლად დავიღალე“.

როგორც წესი, ამას შემდეგი კითხვა მოსდევს ხოლმე: „მაშინ, კინოში ხომ არ წავსულიყავით?“. თუ თანამოსაუბრე ჩვენს პასუხებზე აგრესიულად რეაგირებს და ჩვენს დადანაშაულებას შეუდგება („ესე იგი საერთოდ აღარ გინდა ჩემთან შეხვედრა?“), სავარაუდოდ, ჩვენ წინაშე მანიპულატორია. ეს სრულიად აგრესიული რეაქციაა, და მისი მიზეზების დადგენა საჭიროა, მაგრამ საერთოდ არაა საჭირო მისი წინადადებების მიღება იმის შიშით, რომ იგი არ განაწყენდეს.

იმ ადამიანების ირგვლივ, რომლებსაც უარის თქმა არ შეუძლიათ, ხშირად სხვადასხვა ჯურის მანიპულატორები იყრიან თავს. ეს ნაწილობრივ ხუმრობაა, მაგრამ, თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენს თითოეულ „არაზე“ ირგვლივ თითო მანიპულატორი შემოგვეცლება, – ჩვენთვის ეს ნამდვილი შვება იქნება!

2. დავაკონკრეტოთ ან არ შევიმჩნიოთ შენიღბული თხოვნები

„ხელფასი მომავალ კვირასაა, მე კი საჭმლის ფულიც ძლივს დამრჩა… თან ეს გადაბარგება… ბენზინის ფულიც არ მაქვს, არც სიგარეტის… ცუდადაა ჩემი საქმე!“ – ეს გადაბარგებაში მოხმარების თხოვნაა? სულაც არა. ირიბი და გადაკრული თხოვნების დაიგნორება აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. თუ ზრდასრულ ადამიანს მართლაც სჭირდება უანგარო დახმარება, თან ასეთი სერიოზული და საწვალებელი, უნდა მოიკრიბოს სიმამაცე და ამის შესახებ პირდაპირ გვთხოვოს. ასეთი ფორმით წუწუნის გაგონებისას კი, შეგვიძლია, თანამოსაუბრეს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ, ან საერთოდ სხვა თემაზე ჩამოვუგდოთ საუბარი.

3. უნდა შეგვეძლოს უარის თქმა თავის გამართლების გარეშე

თუ უარის თქმა გვიძნელდება, თავის გამართლება ხაფანგია. სირცხვილი, ან ურთიერთობების გაფუჭების შიში გვიბიძგებს, უარის თქმისას მოვიბოდიშოთ და დაწვრილებით ავხსნათ უარის მიზეზი, მაგრამ უარი ამ შემთხვევაში ძალზე არადამაჯერებლად ჟღერს. „ხომ გესმის, ჩემთან ვერ დარჩები, რადგან დედაჩემი ჩამოდის ამ დღეებში“, – თავს ვიმართლებთ. ამაზე, თანამოსაუბრე გვიპასუხებს: „მოდი, მაშინ როცა დედაშენი წავა, მაშინ მოვალ შენთან?“. ამ მომენტში, უარის თქმა კიდევ უფრო რთულდება: ჯერ ერთი, ადამიანმა ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინა (სინამდვილეში, იგი უბრალოდ თავისთვის მოსახერხებელ ვერსიას გვახვევს თავს). გარდა ამისა, ჩვენი უარის პირველი ნაწილი წინააღმდეგობაში მოვა მეორე ნაწილთან: მოგვიწევს იმის აღიარება, რომ დედის ჩამოსვლა საბაბად გამოვიყენეთ. თუ სიმართლე ისაა, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჩვენთან დატოვება არც ახლა და არც მერე არ გვსურს, მაშინ მას მოჭრილად უნდა ვუპასუხოთ: „მაპატიე, არ შემიძლია“, და კარგი სასტუმრო ვურჩიოთ.

თუ კონკრეტულ პროექტზე ვმუშაობთ და ახალი პროექტის აღება არ გვსურს, მაშინვე უარი უნდა ვთქვათ. ამ შემთხვევაში, მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ საზღვრების დაცვა აუცილებელია. თუ ანაზღაურება არასაკმარისი გვეჩვენება, უნდა დავასახელოთ ის ფასი, რაც ხელს გვაძლევს, და არა – საშუალო არითმეტიკული. თუ ხელს არ გვაძლევს ვადა, – უნდა დავასახელოთ რეალისტური ვადები. ჩვენი სამუშაო იმით არ განისაზღვრება, არის თუ არა იგი მოხერხებული. ჩვენი სამუშაოა მხოლოდ მოვალეობების პროფესიულად შესრულება, სხვა არაფერი.

სხვათა შორის, თუ ჩვენს შერცხვენას დააპირებენ, მაგალითად, ვადების ან ანაზღაურების გამო, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს წარუმატებელ დამსაქმებელთან (კლიენტთან, დამკვეთთან), და მასთან საქმის დაჭერა სასურველიც არაა. როგორც წესი, ადამიანს, რომელსაც ჩვენი დასახელებული ფასი მაღალი მოეჩვენა, გაუკვირდება, უფრო იაფ შემსრულებელს მიმართავს, ან უბრალოდ იტყვის, რომ „სამწუხაროდ, ასეთ თანხას ვერ შემოგვთავაზებს“. მას შეუძლია, ფასზე კვლავ დაგველაპარაკოს, მაგრამ თუ აღშფოთებულია „არასწორი“ ფასით ან „შეკვეთის ზედმეტად გაჭიანურებული შესრულებით“, ან სურს, პირში მოგვახალოს, თუ რა ფასი აქვს სინამდვილეში ჩვენს ნამუშევარს, – ეს სხვა არაფერია, თუ არა აგრესიის ამოფრქვევა ჩვენ წინაშე.

4. უნდა ვისწავლოთ მანიპულაციისა და აგრესიის ამოცნობა

უარზე აღშფოთება ბუნებრივია: ჩვენ ადამიანებს ვერ მოვთხოვთ, „არას“ მოსმენა უხაროდეთ. გასაკვირი არაა, რომ ისინი იქნებიან გაწბილებულნი ანდა სულაც ნაწყენნი. მაშ, რა არის მანიპულაციური რეაქცია?

მანიპულაციაა, როდესაც ვინმე არაადეკვატურად გვარცხვენს იმის გამო, რის გამოც სინამდვილეში არ უნდა გვრცხვენოდეს: რომ არ წავედით კინოში მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სანახავად, რადგან ეს ჟანრი არ გვიყვარს, რომ არ მოგვწონს იაპონური სამზარეულო და სხვა კაფეში წასვლა გვირჩევნია, რომ უახლოეს დასვენების დღეებში დაკავებული ვართ და შეხვედრას მხოლოდ მომავალ შაბათ-კვირას მოვახერხებთ.

საყურადღებოა ის სიტუაციაც, როდესაც მთელი პასუხისმგებლობის გადმობარებას ჩვენზე ცდილობენ და მესამე ვარიანტის ძიებაში, ჩვენგან დიდ დათმობებს მოითხოვენ. მაგალითად, ჩვენთვის შეხვედრა ოთხშაბათსაა მოსახერხებელი, პარტნიორისთვის – პარასკევს, მაგრამ კომპრომისის მოძებნის ნაცვლად, იგი ბრაზობს იმაზე, რომ ყველა საქმეს ვერ მივატოვებთ და არ შევხვდებით მაშინ, როცა მას სცალია. უფრო მეტიც: შესაძლოა, მან ბევრად შორსმიმავალი დასკვნები გააკეთოს: „როგორც ჩანს, საერთოდ აღარ გიყვარვარ, და ჩემთან შეხვედრას სპორტდარბაზი გირჩევნია“.

უკიდურესობასთან გვაქვს საქმე, როდესაც თხოვნა ჩვენი საბაზისო მოთხოვნილებების საზღვრებს სცდება (ჭამა, ძილი, უსაფრთხოება, ფიზიკური კომფორტი), და ამის ცოდნის მიუხედავად, ადამიანი საშინლად განაწყენებულია და აგრესიულად იქცევა. „მაპატიე, მაგრამ გვიან ღამით შენთან ვერ მოვალ – ამ რაიონში მარტო სიარულის მეშინია“ – ვეუბნებით მეგობარს, პასუხად კი გვესმის, რომ ორი ბნელი მოსახვევი მჭიდრო მეგობრობისთვის არანაირი დაბრკოლება არაა, და რომ სინამდვილეში, მასთან ურთიერთობა აღარ გვსურს.

ანდა, ჩვენი ოჯახის წევრებს დილით ადრე ან გვიან საღამოს საქმეები აქვთ დაგეგმილი მაშინ, როცა ჯერ კიდევ/უკვე გვძინავს, და ღრმად აღშფოთებულნი არიან ჩვენი უარით. ისინი მოგვაწერენ სიზარმაცეს, ოჯახის საქმეებში მონაწილეობის სურვილის არქონას ან უგულებელყოფას, თუმცა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ხეირიანად გამოძინება გვჭირდება. იგივე შემთხვევაა, როცა ცდილობენ, ჭამა დაგვაძალონ ან დიეტა გვაიძულონ. სერიოზული დაღლილობის დროს, ქმარი სექსზე უარის თქმის გამო გვიბრაზდება და გვადანაშაულებს, რომ იგი არ გვიყვარს. ყველა ეს მაგალითი არაადეკვატურ რეაქციას აღწერს: არავის აქვს უფლება, ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა ან ხათრის გაწევის უნარი ბოროტად გამოიყენოს.

მაგრამ, ნაკლებ მწვავე შემთხვევებშიც კი, ადამიანის უუნარობა, მიიღოს ჩვენი „არა“, კარგს არაფერს მოასწავებს. რა თქმა უნდა, თუ სადმე გასეირნების მეხუთე შემოთავაზებაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვცალია ან ადგილი არ მოგვწონს, და საპასუხოდ არაფერს ვთავაზობთ, – ადამიანი იფიქრებს, რომ მისი ნახვა არ გვსურს. შესაძლოა, ეს სიმართლეც იყოს, და მაშინ, სჯობს პირადად დაველაპარაკოთ ადამიანებს და მიზეზი ავუხსნათ. მაგრამ, ცუდია, როცა პასუხად ხათრიანი ტექსტი გვაქვს: „მაპატიე, შაბათ-კვირას არ მცალია. მოდი, მომავალ კვირას შევხვდეთ?“. ამას საპასუხო ბრალდება მოჰყვება: „სამსახური მეგობრებს გირჩევნია!“, „ამ ბოლო დროს ძვირად სანახავი გაგვიხდი“. მსგავს გამოხდომებზე რეაგირება შეგვიძლია ჩვენი საზღვრების მყარი მონიშვნით: „მაპატიე, მაგრამ მართლაც დაკავებული ვარ, შემიძლია, შემოგთავაზო მხოლოდ…“. თუ სიტუაცია კვლავ და კვლავ მეორდება, სამწუხაროდ, ერთადერთი გამოსავალი იმ კონკრეტულ ადამიანთან დისტანციის გაზრდაა, რომელსაც საკუთარი საქმეების, ინტერესებისა და საჭიროებების მქონე პიროვნებად არც კი მივაჩნივართ.