ბავშვზე ძალადობა

როგორ ვსაუბრობთ ბავშვებთან ტერორიზმზე?

რჩევები ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის, სოფო ტაბაღუასგან

მაშინ, როდესაც ხდები მშობელი, თითქოს გეძლევა “შუქნიშნის” როლი, სადაც უკრძალავ, აფრთხილებ, აძლევ თავისუფლებას. თითოეული მშობლის ვალია, უზრუნველყოს ბავშვის ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება. თუმცა, არსებობს მოვლენები, რომლებიც ზრდასრულთა კონტროლის და ზემოქმედების მიღმა რჩება. ასეთ მოვლენად შეიძლება განვიხილოთ ტერორიზმი. ტერორიზმის საფრთხის ქვეშ მიღებული სტრესის გამო, ზრდასრულებიც კარგავენ გამკლავების უნარს, გაურკვევლობაში ვარდებიან და ხშირ შემთხვევაში ხდებიან უუნარონი, რომ ბავშვს ასაკთან შესაბამისად გაუზიარონ და აუხსნან ის, რაც გარშემო ხდება. ამ სტატიით შევეცდები, გაგიზიაროთ იმ სპეციალისტების გამოცდილება, რომლებიც ფსიქოლოგიური ტრავმის გარშემო მუშაობენ:

რჩევები სკოლამდელი ბავშვის მშობლებისთვის

  • უნდა გავითვალისწინოთ, რომ 6 წლამდე ბავშვებს წარმოსახვის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, მათი ფანტაზია და რეალური ფაქტი ერთმანეთშია არეული. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ გაზრდილი შიში რეაქცია და ღამის კოშმარული სიზმრები, შეეცადეთ მოარიდოთ საინფორმაციო საშუალებებს, საუბრებს სადაც მაღალი ემოციურობით საუბრობენ მომხდარზე. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ისინი თამაშობენ და თქვენს საქმიანობას ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა სულ გახსოვდეთ, რომ ამ ასაკში ბავშვები ღრუბლის ქულასავით არიან, იწოვენ ყველაფერს, რაც ირგვლივაა.
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხეთ თავიდან აცილება და თქვენმა პატარამ ნახა კადრები ტერორისტული აქტის შესახებ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, უთხარით: “მოდი ტელევიზორი დავასვენოთ” და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ შიშის შემცველი ფრაზები “სასწრაფოდ გამორთე ეს საშინელება” და ა. შ. შეეცადეთ, არ იყოთ დრამატულები ბავშვთან ურთიერთობის დროს, იმისათვის, რომ არ მოახდინოთ მასში ნეგატიური შთაბეჭდილებები.
  • დააკვირდით ბავშვის თამაშს, მაგ: ხომ არ იყენებს LEGO -ს შენობის შექმნისთვის და შემდეგ ესხმის და ანადგურებს მას. ეს არის მაგალითი თამაშის, სადაც ბავშვი ცდილობს გამოხატოს და გადაამუშაოს მიღებული ინფორმაცია. შეეცადეთ, მიუერთდეთ მას თამაშისას, უთხარით: ”მგონი დროა დახმარების სამსახური მოვიდეს, არა?“, შეეცადეთ, ააშენოთ მასთან ერთად, ჰკითხეთ, რისი დამატების შემთხვევაში გახდებოდა ეს სივრცე უფრო უსაფრთხო. ბავშვისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განცდა, მიეცით ეს განცდა მასთან ყოფნით!

რჩევები სასკოლო ასაკის ბავშვის მშობლებისთვის

  • დაიწყეთ საუბარი შეკითხვით, თუ რა ტიპის ინფორმაცია აქვს მას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თინეიჯერებისთვის, ვინაიდან სოციალური მედია მათთვის ხელმისაწვდომია. ასევე მოაყოლეთ, თუ რა თქვეს მისმა თანატოლებმა ტერორისტების და ტერორიზმის მოვლენის შესახებ. გახსოვდეთ, რომ მას ამ ეტაპზე სჭირდება მიღებული ინფორმაციისგან დაცლა, ვენტილაცია. თუ ბავშვი უარს გეუბნებათ და არ სურს ამ თემაზე საუბარი, ნუ დაატანთ ძალას, თქვენი მიზანია მასთან ყოფნა და არა ზეწოლა, მთავარია იცოდეს, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც მისი ემოციების გაზიარება აინტერესებს.
  • როდესად მის მონათხრობში შიშს იპოვით, შეეცადეთ, შიშის ემოციის ნორმალიზება შეძლოთ. ნუ ეტყვით, რომ საშიში არაფერია, პირიქით, უთხარით, რომ იგრძნო შიში კატასტროფების დროს სრულიად ნორმალურია.
  • შეეცადეთ, ამ მოვლენაში პოზიტიური მარცვალი იპოვოთ და აუცილებლად გაუზიაროთ თქვენს შვილს. მაგალითად: გააკეთეთ აქცენტი გადარჩენილი ადამიანების რიცხვზე, მოუყევით იმ ადამიანების შესახებ, ვინც ამ მოვლენის დროს გმირობა გამოიჩინა.
  • შეახსენეთ ბავშვს, რომ სამყაროში უფრო მეტი სიკეთეა, ვიდრე ბოროტება. უთხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა და ტერორიზმი არსებობს, ამ მოვლენას მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა არ უჭერს მხარს.
  • ბავშვებს ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ რომელიმე რელიგიაა ამ პროცესში დამნაშავე. აუხსენით, რომ “ტერორისტები არიან ადამიანები, ვინც იყენებენ ძალადობას და ქმნიან შიშს გარშემო, რომ უმრავლესობა მუსლიმების არის მშვიდობის მსურველი სამყაროში“.