ლაურა ტორნტონი, აშშ-ში მარშალის გერმანული ფონდის დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორი
გასულ თვეში, უნგრეთმა და პოლონეთმა წარმატებით მიაღწიეს ტერმინი “გენდერული თანასწორობის” ამოღებას ევროკავშირის პორტუგალიაში მიმდინარე სამიტიდან. მარტში, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა თურქეთი სტამბოლის კონვენციიდან გაიყვანა, რომელიც იურიდიულ ვალდებულებას აკისრებდა ქვეყანას, ებრძოლა ქალთა მიმართ ძალადობასთან და პასუხისგებაში მიეცა ამაში დამნაშავენი. აზერბაიჯანში ხელისუფლებამ ქალთა უფლებადამცველთა წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ააგორა.
მსგავსი ისტორია უამრავია, თუმცა კომენტატორები ამას იშვიათად თუ უკავშირებენ გაცილებით ფართო ტენდენციებს. ექსპერტები სამართლიანად შეშფოთებულნი არიან ავტორიტარიზმის ზრდით, თუმცა შედარებით ნაკლებ დროს უთმობენ ავტორიტარული ხელისუფლებების ერთ-ერთ რჩეულ საკითხს – სქესს.
ეს სტრატეგია ისეთივე ძველია, როგორიც – თავად ავტორიტარიზმი. დიქტატორები მანიპულირებენ უცხოელებთან დაკავშირებული შიშით, კულტურული ცვლილებებითა და უმცირესობებით, რათა საზოგადოება დაასუსტონ და მისი ყურადღება სხვაგან გადაიტანონ. ამისთვის, ისინი სიამოვნებით იყენებენ ტრადიციულ იერარქიებს. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლოა გენდერული განსხვავებანი.
ავიღოთ თუნდაც კანონი ოჯახში ძალადობაზე. პუტინის რუსეთმა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული კანონების უმრავლესობა გააუქმა, იმ დროს, როდესაც ინდოეთის ამბიციური ავტორიტეტი ნარენდრა მოდი ქორწინებაში გაუპატიურების კრიმინალიზაციას ებრძოდა. კაცის დომინაცია ოჯახში თავად ავტორიტარული სახელმწიფოს სტრუქტურას იმეორებს: სხვაგვარად მოაზროვნეებს აჩუმებს, დამნაშავეები კი დაუსჯელნი რჩებიან. საზოგადოება დაყოფილია – კაცი ქალზე აღმატებულია, სახელმწიფო კი – კაცზე. ერდოღანი ჩიოდა, რომ სტამბოლის კონვენციაში გაწერილი სასჯელი ოჯახში ძალადობისთვის, ემუქრებოდა არსებულ წესრიგსა და “ქორწინების სიწმინდეს”. ქალთა უფლებადამცველნი ამბობენ, რომ ეს გაამყარებს ქალის სტატუსს, როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქისა, რომ არაფერი ვთქვათ მისი სიცოცხლის დაცულობის არარსებობაზე.
ავტორიტარიზმის ზოგიერთი მომხრე “ღირსების კულტურას” იშველიებს ქალების პოლიტიკური ცხოვრებიდან გასადევნად, რათა პოტენციური საფრთხე მოაცილოს ავტორიტარულ მმართველობას. პოლიტიკაში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიციისგან და სახელმწიფო უშიშროების სამსახურებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სექსუალური მუქარები. აქტივისტი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება, რაც ახლა აზერბაიჯანში ხდება, შესაძლოა, ქალის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნის ტაქტიკა იყოს. 2020 წელს ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა ქალმა თვითმკვლელობა სცადა იმის გამო, რომ ინტერნეტით დევნისა და პირადი ცხოვრების გასაჯაროების ფაქტების წინაშე აღმოჩნდა.
“კონსერვატიული ღირებულებებით” აპელირებამ, რომელიც ხშირად გენდერულ საკითხებზეა ორიენტირებული, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგი გამოიღოს. რუსეთმა ეს ტაქტიკა განსაკუთრებული წარმატებით საქართველოში გამოიყენა, სადაც მან ფემინიზმი და ლგბტქი უფლებები წარმოაჩინა, როგორც “ანტიქართული” მოვლენა. ამან ხელი შეუწყო თითქოს “დასავლური გარყვნილების” ნარატივის გავრცელებას, რითიც იყო მცდელობა ქვეყნის ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ სწრაფვის ჩახშობისა – ეს ხომ რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანია.
კრემლმა შექმნა და გაავრცელა სკანდინავიური ქვეყნების ამსახველი კონტენტი, რომელიც სქესის ნაცვალსახელებს აიგნორებდა, გერმანიის გეი პრაიდების კოსტიუმირებული გამოსახულებები კაცების მონაწილეობით, და ნარატივები ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც ქორწინებაზე უარს ამბობენ. საქართველომ კონსტიტუციაში ქორწინების ჰეტეროსექსუალობის შესახებ ჩანაწერი 2018 წელს გააკეთა, თუმცა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არავინ ითხოვდა. ქვეყანა რუსეთის ხაფანგში მოექცა და ანტილიბერალიზმმა გაიმარჯვა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების 40%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ნატო კანდიდატ ქვეყნებს “დასავლური კულტურული ფასეულობების დამკვიდრებას” სთხოვს. ნუ შეგეშლებათ: სქესი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა.
აშშ-ში განხეთქილების თესვა ასევე მოხვდა რუსეთის ინტერესებში. დემოკრატიის უზრუნველყოფის პროცესში, ჩვენ რუსულ ნარატივებსაც ვხვდებით. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ მაგალითად რუსული საინფორმაციო ოპერაციები, უამრავი დაფინანსებული სტატიით, კვებავენ მოძრაობას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებსა და გოგონებს ქალთა სპორტის სახეობებში ჩართვას უშლის ხელს. რუსეთისგან დაფინანსებული მედიები გენდერულ საკითხებს სხვა პოპულარულ ნარატივებს ურევენ – ელიტებისა და ძირითადი მედიების კრიტიკას, იდენტობის პოლიტიკას, პოლიტკორექტულობას და სხვ.
ჩვენ უნდა, გავაცნობიეროთ რეალობა: მუდმივი ავტორიტარული შეტევები გენდერულ საკითხებზე – ეს არის სტრატეგია და არა – ერთჯერად მოვლენათა ჯაჭვი. ავტორიტარისტები სულს უბერავენ ქალთმოძულეობისა და დაუთმენლობის არსებულ ნაკვერჩხალს და ცდილობენ, ქალები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გააძევონ, თან ხელს უწყობენ ოჯახში ძალადობას და აჩაღებენ კულტურულ ომებს ლგბტქი საზოგადოების წინააღმდეგ. ძლიერნი ამა ქვეყნისანი დიდ მოგებას ნახულობენ საზოგადოებაში ამ ფენობრივი სისტემისგან, რათა უზრუნველყონ მათი კონტროლი და შეასუსტონ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამ საფრთხისგან თავის დასაცავად, ჩვენ გულდასმით უნდა გავაანალიზოთ ინფორმაციები და მოვლენები გენდერულ ჭრილში. დეზინფორმაციის მონიტორინგის ჯგუფს შეუძლია გენდერული მონათხრობის თვალის მიდევნება და გამოაშკარავება. ჟურნალისტებს უნდა ვასწავლოთ ავტორიტარული თემების გავრცელების შეზღუდვა. დემოკრატიული ინსტიტუტების დასანერგად, უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომიტეტები გენდერული თანასწორობის განხრით, ისე, როგორც დანიაში, ინდოეთში, საქართველოსა და დომინიკელთა რესპუბლიკაში. ეს ხელს შეუწყობს კანონმდებლობის დეტალურ შემოწმებას დისკრიმინაციული ზემოქმედებისგან.
თავდასხმების გაგრძელებაც მნიშვნელოვანია. საკვანძო როლი ეკისრება ეროვნული იდენტობის ტოლერანტულ, ლიბერალურ და სამართლიან ნარატივებს. მაგალითად, ესტონეთში ეს ელფებისა და ტროლების შეპირისპირებით მოახერხეს.
მაგრამ ავტორირატული ტაქტიკის შეწინააღმდეგების ამაღლება რთულ პრობლემებს უკავშირდება. ზედმეტად ხშირად აჯილდოებენ მოქალაქეები ამა ქვეყნის ძლიერთ ამ შუღლის გაღვივებისთვის, არჩევნებზე გამარჯვებებით. ეს ხანგრძლივი ბრძოლაა. ჩვენ ფარ-ხმალს ვერ დავყრით.