სექსუალური ძალადობა / სტატიები

როგორ მდიდრდებიან პორნოსაიტ Pornhub-ის მფლობელები “პორნოშურისძიების“ ვიდეორგოლების გამოქვეყნებით

დიდი ხანი არაა, რაც ცნობილი გახდა, რომ პორნოსაიტ Pornhub-ის მფლობელები “პორნოშურისძიების“ ვიდეორგოლების გამოქვეყნებით დიდ თანხებს გამოიმუშავებენ და სულაც არ ჩქარობენ მათ წაშლას, როდესაც დაზარალებულთაგან ამის მოთხოვნა მისდით.

მსგავსი „პორნოშურისძიების“ ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჯენიფერმა თავი განადგურებულად იგრძნო, როდესაც საიტზე მისი მონაწილეობით ვიდეო ასობით ათასმა ადამიანმა ნახა.

პორნოშურისძიებას უწოდებენ ინტერნეტით ინტიმური ხასიათის ფოტო ან ვიდეომასალის განთავსებას, მასში მონაწილე პირების ნებართვის გარეშე. ყველაზე ხშირად, მსგავს ჩანაწერებს ყოფილ შეყვარებულზე ან მეუღლეზე შურისძიების მიზნით ავრცელებენ.

ინტერნეტკამპანია #NotYourPorn-ის აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი კონტენტი Pornhub-ის მფლობელ კომპანიას, MindGeek-ს, საშუალებას აძლევს, უამრავი ფული გამოიმუშაოს რეკლამაზე.

Pornhub-ის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ მტკიცედ გმობენ მსგავსი ვიდეორგოლების გამოქვეყნებას. კომპანიის მტკიცებით, მათთან მოქმედებს ამ ინდუსტრიაში ყველაზე პროგრესული პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ პორნოშურისძიების წინააღმდეგაა მიმართული.

პორნოსაიტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აქამდე მასთან არ შესულა ჯენიფერის არანაირი თხოვნა, მისი მონაწილეობით ვიდეოს წაშლასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემის გადაჭრაზე უკვე მუშაობს.

ჯენიფერი გვიამბობს, რომ წელიწადნახევრის წინ, როდესაც დროს ოჯახთან ერთად ატარებდა, ჩვეულებისამებრ ტელეფონს დახედა და… უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება იხილა.

როგორც აღმოჩნდა, მისი დის ბოიფრენდმა მისი მონაწილეობით ვიდეო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ პორნოსაიტზე – Pornhub-ზე, აღმოაჩინა.

იმ მომენტისთვის, ვიდეო რეიტინგით ათეულში იმყოფებოდა და ასობით ათასი ნახვა ჰქონდა. „შოკში ჩავვარდი. თავს განადგურებულად და დამცირებულად ვგრძნობდი“, – ამბობს ჯენიფერი.

მას გაახსენდა, რომ თავის ყოფილ ინტიმურ პარტნიორთან ინტიმური ხასიათის ექვსი ვიდეორგოლი ჩაიწერა. ისინი ამ მოვლენამდე რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ, და ჯენიფერს ამ ვიდეოების გამოქვეყნებაზე თანხმობა არ განუცხადებია.

მას შემდეგ, რაც ჯენიფერმა ვიდეოების გამოქვეყნების შესახებ შეიტყო, Pornhub-მა ისინი ერთ კვირაში წაშალა, მაგრამ ვიღაცამ მათი გადმოწერა, დამონტაჟება და საიტზე კვლავ ატვირთვა მოასწრო.

– როდესაც მე ხელახლა ვიჩივლე ამაზე, საიტის ადმინისტრაციამ დამაიგნორა, – ამბობს ჯენიფერი. იგი გადაამისამართეს სხვა კომპანიაში, რომელიც Pornhub-ის ვიდეოების წაშლის საკითხებზე მუშაობდა, იქ კი მისი თხოვნა უპასუხოდ დატოვეს. ჯენიფერმა პოლიციასაც მიმართა, მაგრამ ამ მომენტამდე, ამაზე პასუხი არავის უგია.

#NotYourPorn-ის აქტივისტი კეიტ აიზეკსი (Kate Isaacs) ამბობს, რომ პორნოშურისძიების ვიდეორგოლები ხშირად ხვდება „მოყვარული“ ან „შინაური“ პორნოს კატეგორიებში – ეს განყოფილებები საიტის სარეკლამო მხარისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. კეიტის თქმით, რესურსის ადმინისტრაცია გაცილებით აქტიურად უნდა მუშაობდეს მსგავსი კონტენტის წაშლაზე, წაშლის შემდეგ კი განმეორებითი ატვირთვის აღკვეთაზე.

როდესაც ინტერნეტში ეს ვიდეო გამოჩნდა, ჯენიფერს ახალი ურთიერთობა ჰქონდა, რომლისთვისაც ეს ამბავი სერიოზულ გამოცდად იქცა. მისი ბოიფრენდს მეგობრები გაუთავებლად დასცინოდნენ ამის გამო.

ასევე, ამ ვიდეოებმა წარუშლელი კვალი დატოვა მის მოზარდ გოგონაზე, რომელიც დღემდე გონს ვერ მოსულა.

bbc.com