29 ნოემბერი, 2018 წ., ქნარ ხუდოიანი
დროთა განმავლობაში რევოლუციური „ახალი სომხეთის“ პოლიტიკაში უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება, რაც ასევე ამწვავებს დებატებს ფემინისტურ წრეებში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს სომხეთის პატრიარქალური სისტემა, შიგნიდან თუ გარედან?
„ხავერდოვანი რევოლუციის მეთოდები – დეცენტრალიზაცია და ჰორიზონტალურობა ქალებს საშუალებას აძლევდა, ჩართულიყვნენ. პროცესები იმდენად ბუნებრივად განვითარდა, ქალების დამატებით წახალისების საჭიროება არ შექმნილა. ქუჩაში ვითარება იერარქიას აღარ ექვემდებარებოდა, შესაძლოა, ანარქიულიც კი გახდა“, – ამგვარად აჯამებს ქალთა როლს რევოლუციაში ფემინისტი მარია კაპარაპეტიანი, რომელიც მოძრაობა „უარყავი სერჟის“ ერთ-ერთ ორგანიზატორია. ამ მოძრაობამ ათწლეულების განმავლობაში მმართველი რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლება დაახმო.
ბევრ ქალსა და გოგონას დღემდე ახსოვს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე, 18 აპრილს კარაპეტიანის მიერ წარმოთქმული ცნობილი სიტყვა, მოწოდებით – „დიდხანს ვიცოცხლოთ, დებო!“ თუმცა, მარია ამბობს, რომ საკმაოდ რთული არჩევანი გააკეთა, როცა სომხეთის ოპოზიციურ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებაში“ გაწევრიანება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.
კარაპეტიანი ერთადერთი ქალი არ არის, რომელიც მიიჩნევს, რომ დროა, ხავერდოვანმა რევოლუციამ ქვეყნის ინსტიტუციათა და ადგილობრივ თვითმმართველობათა სისტემაში გადაინაცვლოს. 23 სექტემბერს ერევანში ჩატარებულ პირველ პოსტრევოლუციურ მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდნენ აქტივისტი ქალები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს, სახელად „ჩემი ნაბიჯი“, შეუერთდნენ.
ხმათა 81%-ის მოპოვებით ფაშინიანის ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შედეგად, საკრებულოში 65-დან 57 ადგილი დაიკავა, საიდანაც 15 ქალებს ერგოთ.
10 ოქტომბერს ერევანის სამხრეთით არსებულ ქალაქ ვაღარშაპატში (ეჩმიაძინში) დიანა გასპარიანმა მერის არჩევნები მოიგო და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც მერის პოზიციის დაკავება შეძლო. დეკემბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში კი უფრო მეტი ქალი კანდიდატის მონაწილეობა იგეგმება.
მართალია, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოთა საქმიანობაში ქალთა მონაწილეობას, თუმცა, კვლავ არ არის ცხადი, ამ პროცესების შედეგად რამდენად გაუმჯობესდება ქალთა უფლებების დაცვა.
სომხეთში რადიკალ ფემინისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოებში მუშაობა ფემინიზმის მიზანს, ქალთა გამათავისუფლებელ იდეას ეწინააღმდეგება. მათი მოსაზრებით, სახელმწიფო კერძო საკუთრებისა და ოჯახის ერთიანობის დაცვას ემსახურება, რაც გულისხმობს იმ საკუთრების დაცვას, რომელიც სომხეთში ძირითადად მამაკაცებს ეკუთვნით, ოჯახები კი ქალების უფლებების დარღვევის უპირველეს ადგილია. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ორგანოებში საქმიანობის ნაცვლად, ქალთა, როგორც „გენდერული კლასის“ უფლებებისთვის ბრძოლა, მათი თემის გაძლიერებით უნდა მოხდეს, ასევე თანამშრომლობის მოდელის შემუშავებითა და სოციალური ურთიერთობების დამყარებით, და არა იმ წარმატებულ ქალთა ერთეული მაგალითებით, რომლებმაც შუშის ჭერის ბარიერის გადალახვა შეძლეს.
პატრიარქატის მიმდევრების ჰუმანური სახე
ახალი პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს გენდერული თანასწორობის შესახებ. 8 მაისს, როდესაც პოსტზე დაინიშნა, მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუშვა ქალთა როლს და აღნიშნა, რომ „ქალთა მასობრივი მონაწილეობა სწორედ ის ფაქტორია, რომლებიც მომხდარ რევოლუციას „სიყვარულისა და სოლიდარობის“ მოვლენად აქცევს“. თუმცა, მან ასევე თქვა ფრაზა, რომელმაც ქვეყანაში ფემინისტთა შეშფოთება გამოიწვია: „რევოლუციამ დაამტკიცა, რომ ქალთა აქტიური თანამონაწილეობა [პოლიტიკაში] თავსებადია ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ იდენტობასა და ოჯახის ეროვნულ აღქმასთან“.
ფემინისტთა უმეტესობა თანხმდება, რომ ახალ მთავრობას ქალთა მოძრაობის შესახებ საკმარისი ცოდნა არ აქვს, თუმცა უმეტესობა მათგანი ასევე მზად არის, თუნდაც დროებით, თვალი დახუჭოს ამ ფაქტზე, რადგან შესაძლო კონტრრევოლუცია მთავარ რისკად მოიაზრება და ახლა მისი თავიდან არიდება პრიორიტეტია.
„რევოლუციამდელ პერიოდში მხოლოდ იძულებითი ჩარევის გზით შეგვეძლო მონაწილეობა, მაგალითად, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობას განიხილავდა“, – ამბობს ლარა აჰარონიანი, ერევანში ქალთა რესურსცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. „დიახ – მთავრობის ახალი წევრები იმავე პატრიარქალურ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, ისინიც პატრიარქალური წყობილების მომხრენი არიან. მაგრამ წინამორბედებისგან განსხვავებით მზად არიან, მოგვისმინონ, რათა ცნობადობა აიმაღლონ და სამოქალაქო საზოგადოებასთან ითანამშრომლონ,“ – ასევე აღნიშნა მან.
აჰარონიანი მიიჩნევს, რომ ქალთა თანამონაწილეობას წინ უნდა უძღოდეს სახელმწიფოს მიერ გარკვეულ ნაბიჯების გადადგმა. ერთ-ერთი ამგვარი ნაბიჯი საარჩევნო გენდერული კვოტების გაზრდა იქნებოდა, რასაც პარლამენტში არსებული ქალთა არათანაბარი წარმომადგენლობის გამოსწორება შეუძლია. სომხეთის ბოლო, 1 ნოემბერს დათხოვილ პარლამენტში, ქალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა მხოლოდ 18%-ს შეადგენდა. „ქალები უნდა იყვნენ ჩართული პროცესებში, რათა თავიანთ საჭიროებათა გაჟღერება შეძლონ. მაშინ როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ, სამართლიანი და თანასწორი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, პარლამენტის 50% სწორედ ქალებით დაკომპლექტდეს“,- აღნიშნავს აჰარონიანი.
აქტივიზმის დათმობა პარტიული პოლიტიკის სანაცვლოდ
პარტიის „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“ ძველი წევრი სევან პატროსიანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარტიული სისტემა ენთუზიასტი ფემინისტებისგან ნამდვილად მოითხოვს კომპრომისებს. „როგორც საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი სიმონ დე ბოვუარი აღნიშნავდა, მას უწევდა ბრძოლა ორ ფრონტზე, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ. მხოლოდ ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საკითხის გადაწყვეტის გზას. მე არ მქონია ილუზია, რომ რევოლუცია ქალებს პოლიტიკაში სრულ თანასწორობას მოუტანდა და ეს არც ყოფილა პრიორიტეტი. ბევრი სხვა ფემინისტისგან განსხვავებით, იმედი არ გამიცრუვდა როდესაც ფაშინიანმა კაბინეტში მხოლოდ ორი ქალი დანიშნა მინისტრის პოზიციაზე, რადგან უფრო მეტის მოლოდინი არც მქონია“, – თქვა პეტროსიანმა.
„ჩემთვის პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ ეს მოძრაობა არ იყო ღარიბთათვის. პროტესტი ეხებოდა რესპუბლიკური პარტიისა და კორუფციისგან გათავისუფლებას, ასევე გამჭვირვალობისთვის ბრძოლას. დიახ, მთავრობა ჩემთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა, შემიძლია სურვილისებრ მივწერო შეკითხვა ჩემს მეგობარ მინისტრის მოადგილეს, თუმცა მთავრობა ხალხთან არ დაახლოებულა, მაგალითად, რეგიონში მცხოვრებ სოფლის მოსახლეობასთან“, – ასევე აღნიშნა პეტროსიანმა.
ხავერდოვან რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე, ფაშინიანის მთავარი მოკავშირე ლენა ნაზარიანი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც აქტივიზმი პარტიული პოლიტიკის სანაცვლოდ დათმო. ნაზარიანი გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე აქტიურ აქტივისტად და ჟურნალისტად საქმიანობდა არაერთი წლის განმავლობაში, თუმცა, 2015 წელს ფაშინიანის პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.
ლენა ნაზარიანმა პარტიის პოლიტიკურ კიბეზე გზა გაიკვალა და დღესდღეობით პარლამენტში „იელკის“ პოლიტიკური ალიანსის ფრაქციას უძღვება. ბევრი ქალისთვის ის სამაგალითოა და ხშირად თინეიჯერ გოგონები ერთობლივი ფოტოს გადაღებასაც სთხოვენ ხოლმე. „არ მომწონს, როდესაც ქალები ცუდად ჩანან, თითქოს მათ აქტიურობისთვის წახალისება სჭირდებათ. არა, ეს ასე არ არის, ისინი უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან საჭირონი არიან. როცა მათ მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ, ამას თავიანთი საქმით დაამტკიცებენ“, – ამბობს ნაზარიანი. „მე, პირადად, ვამჯობინებ ქალებთან თანამშრომლობას, როდესაც ამის არჩევანი მეძლევა, რადგან ისინი მეტად გუნდურად მოთამაშეები არიან, უფრო მეტად სურთ შედეგის მიღწევა და ნაკლებად – შეჯიბრი“, – ასევე აღნიშნა მან.
სოციალური, და არა – ინდივიდების ტრანსფორმაცია
სომხეთში ის ყველაზე რადიკალი ფემინისტები, რომლებიც სახელმწიფოსთან კომპრომისზე წასვლის შესახებ უარს აცხადებენ, პოზიციას იმ ქალების გადაწყვეტილებათა დაგმობის გარეშე გამოხატავენ, რომლებიც კომპრომისზე მიდიან.
„არ ვამბობ, რომ ქალები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ, თუმცა ვფიქრობ, რომ მხოლოდ მონაწილეობა საბოლოო თვითმიზანს არ უნდა წარმოადგენდეს“, – ამბობს აქტივისტი ანა შეჰნაზარიანი. „თუ ქალი პარლამენტში შევა, მან კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენოს ის გზები, როგორც ხდება გადაწყვეტილებათა მიღება. თუ ქალის თანამონაწილეობა ინსტიტუციაში სისტემის შიგნიდან ნგრევას, მის მეტად დემოკრატიულობისკენ ცვლილებასა და მოსახლეობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების მიზანს ემსახურება, ამგვარ მონაწილეობას მივესალმები“. „პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ეჩმიაძინის მერი ქალი იქნება თუ არა, თუკი ის არ იქნება ქალთა წარმომადგენელი […] შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ქალია – მანე ტანდილიანი, თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემაა, რომ ის არ საუბრობს ქალთა საკითხებზე, მაგალითად, იმ პრობლემებზე, რასაც დიასახლისები აწყდებიან, როდესაც არაანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება უწევთ.“ – ასევე აღნიშნა მან.
შაჰნაზარიანი და მისი კოლეგა არპინე გალფაიანი აქტივიზმის არაერთი მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორის, ეხმარებოდნენ ადგილობრივ თემებს ტეჰუტში, ამულსარის ოქროს მოპოვების პროექტის წინააღმდეგ მებრძოლი კოლექტიური მოძრაობის შექმნაში.
გალფაიანი აფრთხილებს ქალებს პოლიტიკის მახეში გაბმის შესახებ, რასაც მათთვის მხოლოდ სიმბოლური როლის მიცემა მოჰყვება. „ქალებს იყენებენ, რათა კვოტებით გათვალისწინებული ადგილები შეივსოს, აძლევენ ცრუ იმედს, რომ ვითარება გაუმჯობესდება“, – ამბობს ის. „მჯერა, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც წარმომადგენლობით დემოკრატიას ემყარება, აქვთ სრული კონტროლის და ძალაუფლების სხვებისთვის გაზიარებაზე უარყოფის ჩანაფიქრი“, – ასევე აღნიშნა გალფაიანმა.
მისი თქმით, სისტემა „ახალისებს ყველაზე შეძლებული და არაჰუმანური კორპორატიული ელიტების ინტერესებს, რასაც იერარქიული სახე აქვს. კაცებს (ძირითადად, შეძლებულ ჰეტეროსექსუალი მამაკაცებს), წლების განმავლობაში, ყოველთვის ეკავათ იერარქიულად პრივილეგირებული პოზიციები და შესაბამისად, ქალებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა ამ „კლუბის“ წევრობა. მაშინაც კი, როდესაც ქალებს შესაძლებლობა უჩნდებათ იერარქიის მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ, ვალდებულები ხდებიან ემსახურონ უსამართლო იერარქიული სისტემის ინტერესებს“. „მე ვამჯობინებ ვიმუშაო ამ სისტემის დანგრევისთვის, და არა უკეთ წარმოსაჩენად. შესაბამისად, ვირჩევ მხარი დავუჭირო და გავაძლიერო მხოლოდ ის სისტემები, რომლებიც, ჩემი რწმენით, სამართლიანია და თავისუფლების იდეას ემსახურება“, – აღნიშნავს გალფაიანი.
შაჰნაზარიანი ასევე ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას, თუ რამდენად არიან თავად ქალები ინფორმირებული დაქვემდებარების გენდერულ მიზეზებზე. მისი თქმით, „პოლიტიკურად აქტიურობისთვის არ არის აუცილებელი ქალი პარლამენტის წევრი გახდეს. მაგალითად, თუ დიასახლისი ცდილობს დაიცვას მეზობელი ქალი ოჯახურ ძალადობისგან, ის პოლიტიკურ ქმედებას ახორციელებს“.
პატრიარქატის ნგრევა ყველა შესაძლო გზით
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ფემინისტები სომხეთში თანხმდებიან, რომ აზრთა სხვადასხვაობა „რეფორმატორ ფემინისტებსა და რადიკალ ფემინისტებს“ შორის არ არსებობს და რომ ცვლილება ყოველთვის ამ ორი ძალის გაერთიანებული ძალისხმევით ხდება შესაძლებელი. ისინი ხშირად მიუთითებენ მე-19 საუკუნის ბრიტანეთში დაწყებულ სუფრაჟისტების მოძრაობაზე, რომელთა მონაწილე სამხედრო ქალთა მოძრაობა კონსერვატორ ფემინისტ ჯგუფებთან ერთად იბრძოდა.
სომხეთში პოლიტიკურად აქტიური ქალების უმეტესობა თანხმდება, რომ რევოლუცია უნდა გაგრძელდეს და ცნობილი ფემინისტური სლოგანი – “პირადი პოლიტიკურია“ ისევ ცოცხალია. ზოგიერთი მათგანი „პირადის“ ნაწილზეა ორიენტირებული და საკუთარ თავზე დაუღალავ მუშაობას განაგრძობს, რათა პრივილეგირებულ კაცებთან უთანასწორო ბრძოლა მოიგოს და არსებული სოციალური სტრუქტურის ცვლილებისთვის იბრძოლოს.
თარგმანი: ნათია კუპრავა