სტატიები

როგორ შეუწყო ხელი რუსულმა ქსელებმა იტალიის ულტრამემარჯვენე ძალების აღზევებას

EL PAÍS, 2018 წლის 1 მარტი

ბოლო თვეებია, რუსული მანქანა იტალიის საქმეებში აქტიურად ერევა. იგი დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს საიმიგრაციო საკითხში, რათა ამით გააძლიეროს რადიკალური პარტიების მხარდაჭერა საყოველთაო არჩევნების წინ.

სოციალურ ქსელებში 98 191 პროფილიდან დაპოსტილი 1 055 774 შეტყობინების ანალიზი გვიჩვენებს, რომ იმიგრაციასთან მებრძოლი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ანგარიშები მედიაორგანიზაცია „სპუტნიკის“ მიერ გამოქვეყნებულ ბმულებს აზიარებდნენ. „სპუტნიკი“ რუსეთის მთავრობას ეკუთვნის და იტალიურ ენაზეც ვრცელდება, რათა იტალიის ცრუ სახე განავრცოს. ამ სცენარის მიხედვით, ქვეყანას იპყრობენ ლტოლვილები, რომლებიც დამნაშავენი არიან უმუშევრობასა და ინფლაციაში, და კრიზისს „კიდევ უფრო ამწვავებს პროევროპელი პოლიტიკოსების პასიურობა“. საერთო ჯამში, „სპუტნიკის“ მთავარი სამიზნე და „დამნაშავე“ ევროკავშირია.

„სპუტკინის“ მონაჩმახი ასე გამოიყურება: „2065 წელს იტალიაში იმიგრანტთა კვოტებმა, შესაძლოა, მოსახლეობის მთლიან რაოდენობას 40%-ით გადააჭარბოს“, „იმიგრანტული ქაოსი სოციალური ომის დასაწყისია“.

გლობალურმა კომპანიამ Alto Data Analytics-მა, რომელიც ბევრ მონაცემს და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს საზოგადოებრივი აზრის ანალიზისთვის მასმედიასა და სოციალურ ქსელებში, კვლევა ჩაატარა, რომელიც ნიუსების, ბლოგებისა და ვიდეორგოლების კონტენტს იკვლევდა 3 164 წყაროდან, 2017 წლის 1 თებერვლისა და 31 ივლისის შუალედში.

კვლევამ აჩვენა, რომ Sputnik Italia-მ საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებული საჯარო დებატების ყველაზე დიდი რადიკალიზაცია მოახდინა. Alto Dato Analytics-ის მონაცემებით, იტალიაში მომუშავე უცხოური მედიასაშუალებებიდან, The Huffington Post-ის იტალიური ვერსიის შემდეგ, „სპუტნიკი“ სიდიდით მეორეა, ვისი ალგორითმებიც საიტებს სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა რიცხვისა და გაზიარებების რაოდენობის მიხედვით აფასებდა, Google-ის ალგორითმების მსგავსად.

დებატები იმიგრაციის ირგვლივ იტალიაში წარმოებული კამპანიის მთავარ თემად იქცა და სრულიად არ შეეხო სხვა თემებს. გამოკითხვების თანახმად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია მკაფიო პოზიცია იმიგრაციასთან დაკავშირებით, არჩევნებზე უყურადღებოდ დარჩება. ეს სიტუაცია კარგად ასახავს იმ დაძაბულობას ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში, რომელსაც მრავალი თვის მანძილზე არ გააჩნდა დისკუსია და დებატები, და იგი სულ უფრო და უფრო წარმატებული რადიკალური პოზიციით ჩანაცვლდა.

ქსენოფობიური განწყობების მქონე ლიგის წარმოშობა, რომელსაც მატეო სალვინი (Matteo Salvini) უდგას სათავეში, და მძლავრი მმართველი კოალიციის მემარჯვენე ცენტრისტი ნაწილი სილვიო ბერლუსკონის მეთაურობით, ან Casa Pound – ღიად ფაშისტური ჯგუფი, რომელიც პარლამენტში მოხვედრას იმედოვნებს, ამის ნათელი დადასტურებაა.

„სპუტნიკი“ საკვანძო მოთამაშეა იტალიაში დესტაბილიზაციის შექმნის საკითხში, თუმცა, იგი ამ საქმეში ერთადერთი არაა. არსებობს კიდევ ერთი ქსელი პატარა ვებგვერდებისა, რომელიც მხოლოდ ანტიიმიგრაციულ მესიჯებზე მუშაობს, მაგალითად, All the Immigrants’ Crimes,” “The Populist” ან “Italy, my homeland“. ამ საქმისთვის გამოყენებული ავტომატიზებული ანგარიშების ან ბოტების აქტივობის მაჩვენებელი, რათა ვებგვერდების კონტენტი ვირუსულად გავრცელდეს, ის არის, რომ იმიგრაციის საკითხებზე მასალებს ორჯერ მეტი გამოხმაურება აქვს, ვიდრე – ანტიიმიგრაციულს. დაკვირვების პერიოდში, ტვიტერზე ანტიიმიგრანტთა პროფილები ამ თემაზე გაკეთებული კომენტარების 68%-ს შეადგენდა.

რუსული დეზინფორმაციული ქსელები იგივე მოდელს იყენებენ, როგორც ადრე: საეჭვო წყაროები, მიკერძოებული ექსპერტები და სენსაციური სათაურები, რომლებსაც ათობით ათასი გაზიარება აქვს, კონტენტის ვირუსულად გავრცელებისა და პრობლემის ხელოვნურად გამწვავების მიზნით. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რუსეთის გავლენას აანალიზებს ბრეგზიტის რეფერენდუმთან დაკავშირებით, ხოლო ესპანეთის კონგრესი იგივეს აკეთებს კატალონიაში სეპარატისტულ კრიზისთან დაკავშირებით. აშშ-ში საგანგებო საბჭო იძიებს რუსეთის მონაწილეობის საკითხს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

2016 წელს, როდესაც იტალიაში იმიგრაციულმა კრიზისმა კულმინაციას მოაღწია 181 436 ადამიანისგან შემდგარი ახალი ნაკადით (შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები), ქვეყანა უკვე კრიტიკულ ეტაპზე აღმოჩნდა. პროგნოზი იმაში მდგომარეობდა, რომ 2017 წელს იმიგრანტთა რიცხვი 30%-მდე გაიზრდებოდა, რაც პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის პოპულისტურ-რასისტულ რიტორიკას გამოკვებავდა. ამ ტენდენციამ მთავრობაზეც იმოქმედა, რომელმაც ვერ შეძლო იმიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის მიცემის ფუნდამენტური კანონის მიღება. პირველ ყოვლისა, ამან მეტად ლიგის მიერ გავრცელებული რადიკალური რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი, რომელმაც დისკურსზე კონტროლი დააწესა და საარჩევნო რეიტინგები აიწია.

მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ „სპუტნიკის“ ბმულების გამზიარებელი პროფილების 90%, იყო პროფილები, რომლებიც რეგულარულად ავრცელებდნენ ანტიმიგრაციულ მესიჯებს იტალიურ ენაზე. მონაცემების თანახმად, „სპუტნიკი“ იმიგრაციას უსაფრთხოების პრობლემებს, კრიმინალსა და ტერორიზმს უკავშირებს, დროდადრო კი, შეთქმულების თეორიებსაც, მაგალითად, ისეთებს, რომელიც ამტკიცებს, რომ მიგრაციული კრიზისი ქვეყანაში გაცილებით მასშტაბური დესტაბილიზაციის სტრატეგიის ნაწილია.

პაოლო ჯენტილონის (Paolo Gentiloni ) ამჟამინდელი მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული შეხედულებების დემოკრატიული პარტიისთვის (PD) ყველაზე დიდი საშიშროება იმაში მდგომარეობდა, რომ კამპანიის შედეგად, საბოლოო ჯამში, ყველაზე აქტუალური საიმიგრაციო პრობლემები გახდებოდა. ეს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა უკიდურესი მემარჯვენეების, ლიგისა და Brothers of Italy-ს აღზევებას, რომლებიც მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას ქმნიან. ყველა გამოკითხვებით, იგი დღეს რეიტინგის სათავეშია მოქცეული, ხმათა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით. აი რატომ შეიმუშავა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარკო მინიტიმ (Marco Minniti) ლიბიის მთავრობასა და არმიასთან ერთად, გეგმა მიგრაციის შესაკავებლად. ამან იმუშავა. შარშან ივლისიდან მოყოლებული, სასაზღვრე დაცვამ ზომების მიღება დაიწყო და მიგრანტთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო.

საერთო ჯამში, შარშანდელი წელი 119 369 მიგრანტის შემოსვლით დასრულდა, და სოციალური დაძაბულობა გარკვეულწილად მინავლდა.

მაგრამ, არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, 4 თებერვალს მომხდარმა ინციდენტმა გვიჩვენა, რომ მთავრობის მთელი ჯაფა ამაო იყო. 28 წლის კაცმა, ლიგის კანდიდატმა ჩრდილოეთის ქალაქში, მანქანიდან ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე აფრიკელ მიგრანტს და ექვსი მათგანი დაჭრა. ამ მოულოდნელ ინციდენტში, ლიგამ შეძლო ნარატივის კვლავ კონტროლქვეშ აყვანა და ინციდენტის მაგალითზე იმიგრაციით გამოწვეულ სოციალურ დაძაბულობაზე საუბრის განახლება.

ისევე, როგორც მაგალითად გერმანიაში, რუსეთმა იტალიაშიც ჩვეულებრივ დაალაგა ურთიერთობები პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს. მისი კავშირი ლიგასთან და პოპულისტურ ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასთან აშკარა იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. სალვინი 2017 წლის მარტში კრემლში ევროპულ პარტიებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირთან, სერგეი ჟელეზნიაკთან, შეამჩნიეს. იმ დღეს, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლიც თვეების მანძილზე ჭიანურდებოდა. ვლადიმირ პუტინის გასახარად, სალვინიმ რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს გაუქმების პირობა დადო, რაც, ლიდერის თქმით, იტალიას 5 მილიარდი ევროს ზარალად დაუჯდა იტალიური ხორცისა და ტექსტილის წარმოებას.

შეთანხმების ტექსტში საუბარია „თანამშრომლობაზე უსაფრთხოების, ტრადიციული ფასეულობების დაცვის სფეროში და მომავალ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იტალიასა და რუსეთს შორის“. ეს არის იდეა, რომელიც საფრანგეთში, მარინ ლე პენის მიერ ნაციონალური ფრონტის (FN) ან ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის მიერ ხელმოწერილ ყველა დოკუმენტში ჟღერს. ორივე, ისევე, როგორც იტალიის ლიგა და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“, ევროკავშირს სერიოზულად უპირისპირდება.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.