სექსუალობა / სტატიები

რომელია ქალის „იდეალური“ ფიგურა?

მრავალი საუკუნის მანძილზე, მოდა ქალის სხეულს განიხილავდა, როგორც რაღაც მორჩილ, დამყოლ ინსტრუმენტს, რომლისთვისაც რთული სოციალური ნორმების ან მოდის ინდუსტრიის ცვალებადი კაპრიზების მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი ფორმის მიცემაა შესაძლებელი.

იმისათვის, რომ ქალის ფიგურის მრავალფეროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ესთეტიკური ფაშიზმით არ შემოიფარგლებოდეს, მსგავსი მიდგომები კრიტიკულად უნდა გავიაზროთ.

XVIII საუკუნეში, წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოდური ქალის ფიგურა, ძირითადად მხოლოდ საზოგადოების ელიტურ ნაწილს აღელვებდა. კორსეტის ტარება აუცილებელი იყო, და ეს მხოლოდ სხეულის უფრო წერწეტად წარმოსაჩენად არ ხდებოდა.

კორსეტის ასეთ ფართო გავრცელებას გაცილებით რთული მიზეზები ჰქონდა, რაც კულტურულ წარმოდგენებს უკავშირდებოდა კეთილდღეობის, კლასისა და ქალის ფიზიკური მიმზიდველობის შესახებ.

ქალის სხეული კორსეტში გასაოცრად სასტიკად ეკვეტებოდა. მოძრაობაში ამგვარად შებოჭილი ქალისთვის სიარულის ელეგანტურობის შენარჩუნება კარგი მანერებისა და ჩინებული აღზრდის დასტური იყო. გარდა ამისა, გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ „ქალის სხეული სუსტია და მას მუდმივი გამყარება სჭირდება“.

იმ დროის ზოგიერთი ცნობილი მწერალი და მოაზროვნე ამ იდეებს სასტიკად აკრიტიკებდა. მაგალითად, განმანათლებლობის ეპოქის დიდი მოაზროვნე ჟან-ჟაკ რუსო კორსეტში იმის ზუსტ მეტაფორას ხედავდა, თუ როგორ ზღუდავს ინდივიდს სოციალური ინსტიტუტები. თუმცა, მისმა შეხედულებებმა გავლენა ვერაფერზე მოახდინა.

მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, როცა არისტოკრატი ქალის მიბაძვა მოდაში აღარ იყო და საშიშროებასაც შეიცავდა, კორსეტმა სწრაფად დაკარგა პოპულარობა.

ამ ეპოქის ქალებმა ამპირის სტილის კაბები ირჩიეს – უფრო თავისუფალი თარგის, შემაღლებული წელით, მკერდის ქვეშ ქამრით. ნაპოლეონის მოსვლის შემდეგ, ქალის სამოსში აქცენტი მკერდზე გადმოვიდა, როგორც სხეულის ყველაზე „ფასეულ“ ნაწილზე. დასავლურ კულტურაში, ქალის სხეულის ქვედა ნაწილი მნიშვნელოვნად არ მიიჩნეოდა. ამიტომაც, ასწლეულების მანძილზე, იგი გრძელი კაბების ქვეშ იყო დამალული. შემდგომი ეპოქის კრინოლინის კაბების სტილი კარგად შეესაბამებოდა ავანსცენაზე გამოსულ ბურჟუაზიას, რომელსაც თავისი სიმდიდრის დემონსტრირება სურდა.

კრინოლინი

ამ პერიოდში, კაცის სამოსის სტილი თავშეკავებულია, მაგრამ, თუ კაცს იმის საშუალება ჰქონდა, ცოლისთვის კრინოლინის კაბა ჩაეცმია (რაც უამრავ ქსოვილსა და ჩაცმაში დამხმარე მსახურს მოითხოვდა), ე. ი. მას მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა.

1870 წელს, ტურნიურის გაჩენამ (ქალის კაბის უკანა ნაწილზე „მიშენებული“ გაფორმება), საზოგადოების ყურადღება ქალის სილუეტის კიდევ ერთ ნაწილზე – უკანალზე – გაამახვილა.

ტურნიური

ევროპაში მრეწველობა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, იზრდებოდა ტანსაცმლის მაღაზიების პოპულარობა, რითიც საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებს შეეძლოთ სარგებლობა. მალე, სტანდარტიზაციის დროც მოვიდა, რაც ქალის იდეალური სილუეტის ყველა სოციალური კლასისთვის გაზიარებასაც ნიშნავდა.

ამის ერთ-ერთი შედეგი კორსეტის პოპულარობის დაბრუნებაც გახდა. მიუხედავად საზოგადო ფიგურებისა და ექიმების გაფრთხილებებისა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე დაუღალავად საუბრობდნენ ამ ვიწრო და მოუხერხებელი ატრიბუტის ტარების სახიფათოობაზე, როგორც კი ფართო მასებს კორსეტების შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდათ, მათ იგი მაშინვე გამოიყენეს.

ის ფაქტი, რომ იმ დროის ბევრი სარეკლამო განცხადება მყიდველს 18-დან 30 დუიმამდე (45,72 – 76,2 სმ) ზომის კორსეტებს სთავაზობდა, იმაზე მეტყველებს, რომ მისი პოტენციური მყიდველების პარამეტრები არანაირად არ შეესაბამებოდა სიწერწეტის ადრეულ იდეალებს.

XX საუკუნის დასაწყისი ქალების სულისშემხუთველი კორსეტებისგან გათავისუფლების მცდელობებით აღინიშნა. ამის კარგი მაგალითი იყო ლონდონის უნივერმაღის „ლიბერთის“ მიერ წარმოდგენილი კაბები, რომლის პოპულარობაც მოდერნის სტილის აყვავებას დაემთხვა. ლიბერთის სტილი მხატვრულ ელიტას მოეწონა, მაგრამ ფართო საზოგადოებას ზედმეტად ექსცენტრული მოეჩვენა და ისიც კი, ვისაც იგი მოსწონდა, სახლის გარეთ მას იშვიათად იცვამდა.

ასე იყო თუ ისე, კორსეტმა პოპულარობა მხოლოდ 1920-იან წლებში დაკარგა, როცა სცენაზე ფლეპერი გამოვიდა. თუმცა, სამოსის ახალი სტილი ასევე საკმაოდ მომთხოვნი იყო ქალების მიმართ: ხაზგასმული ანდროგინულობა იგივე კორსეტის მსგავსი მომჭერი კონსტრუქციის ტარებით მიიღწეოდა. რა თქმა უნდა, ეს ქამარი კორსეტზე გაცილებით კომფორტული იყო, მაგრამ მაინც, იგი ქალის ფიგურას მისთვის უჩვეულო ფორმას ანიჭებდა.

იმ ქალებმა კი, ვისთვისაც ფლეპერის ფიგურა მიუღწეველ ოცნებად დარჩა, მოდურად ჩაცმის სხვა გზას მიაგნეს. არასტანდარტული ზომების ქალები ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა, მოდური გამოცემების დიდი ნაწილი მათ ჯიუტად აიგნორებდა. მართალია, 1930-იან წლებში მოდაში ვიწროწელიანი კაბები დაბრუნდა, ზოგიერთი დიზაინერი გაცილებით დიდი ზომების სამოსს ქმნიდა, ვიდრე ამას იმ წლების მოდური ფოტოები წარმოგვიდგენს. ხშირად, ასეთი არასტანდარტული ზომების კაბების წელის გარშემოწერილობა 31 დუიმს (78,74 სმ) უტოლდებოდა.

დიორი

1940-იან წლებში, ქალის ჩაცმულობაში ფართო მხრები და ვიწყო თეძოები გახდა პოპულარული. ეს სილუეტი მთელი ათწლეული დომინირებდა, ვიდრე კრისტიან დიორმა დემონსტრაციულად არ დაასრულა იგი, თავისი კოლექციით New Look, სადაც ხაზგასმული იყო ბიუსტი, კაბაზე კი 20 მეტრი ქსოვილი იხარჯებოდა. დიორმა ასე უპასუხა ომგამოვლილი პერიოდის სიღარიბეს. ამგვარი ხაზგასმულად „ქალური“ ესთეტიკა მთელი 50-იანი წლების სიმბოლოდ იქცა.

ანდროგინულობა, „ბიჭურობა“, ქალის მოდაში 1960-იან წლებში დაბრუნდა, მაგრამ 1920-იანებისგან განსხვავებით, ჩაცმულობა ღია გახდა, ასეთი კაბების ქვეშ კი შეუძლებელი იყო მომჭიმავი ელემენტების გამოყენება.

თუმცა, კორსეტების ნაცვლად, მოდაში სხვა შეზღუდვები დამკვიდრდა, ამჯერად ათასნაირი დიეტებისა და ვარჯიშების სახით. ეს ყველაფერი იგივე მიზნით გამოიყენებოდა – საკუთარი სხეულის დასაბეჩავებლად, მისი „სტანდარტების“ შესაბამისობაში მოსაყვანად, რომელსაც კვლავ საზოგადოება კარნახობდა.

ქრისთლ ქერინგტონის პერსონაჟი სერიალი “დინასტიიდან” – 80-იანების იდეალური ქალი, განიერი მხრებით, სპორტული აღნაგობითა და დიდი ბიუსტით

1970-იანი-1980-იანი წლების სტანდარტები სპორტულ, ნავარჯიშევ სხეულს მოითხოვდა. ამ დროის მოდის ჟურნალებში თავს იწონებდნენ გამხდარი და დაკუნთული მოდელები, რომლებსაც, ამასთანავე, აბსურდულად ფუმფულა მკერდი ჰქონდათ. ქალების უმეტესობისთვის ამგვარი გარეგნობის მიღწევა მხოლოდ ოპერაციის გზით იყო შესაძლებელი.

1990-იანებში, კეიტ მოსმა ტვიგის გაშეშებულ სტილს გადააბიჯა, თუმცა, მოდაში ავადმყოფური სიგამხდრე დაამკვიდრა.

XXI საუკუნის დასაწყისში, მართალია, სიგამხდრე მოდის ინდუსტრიაში კვლავ დომინირებდა, მაგრამ სოციალურ ქსელებში ატეხილი ბუმი იმის მიზეზი გახდა, რომ ადამიანების შეხედულებები მოდაზე თანდათანობით შეიცვალა. პერსონალური სტილის ბლოგებმა ტვიტერსა და ინსტაგრამზე, მოდის საკითხებზე მსჯელობაში სრულიად სხვადასხვა სოციალური ფენების ადამიანები ჩართო.

მოდური ბრენდების ნაწილი ენთუზიაზმით უჭერდა მზარს ინკლუზიურ შეხედულებას იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალის ფიგურა. მაგალითად, დიზაინერმა ბეკა მაკჩარენ-ტრანმა (Becca McCharen-Tran), თავისი ბრენდის Chromat-ის კოლექციის ჩვენებაში სხვადასხვა რასის, კომპლექციისა და გენდერული იდენტობის ადამიანები ჩართო.

ამერიკელი კრისტიან სირიანო (Christian Siriano) კიდევ უფრო შორს წავიდა. იგი ჩვენებებში პლუს საიზ მოდელებს იწვევს და ევროპულ 60 ზომამდე (ამერიკული 26) სამოსს კერავს.

როცა მსახიობმა ლესლი ჯონსმა (Leslie Jones) ტვიტერზე დაიწუწუნა, რომ მისი ზომის სამოსს არც ერთი ლეიბლი არ უშვებს, სირიანომ განაცხადა, რომ მისთვის ეს პატივი იქნებოდა. დიზაინერმა ლესლის გასაოცარი წითელი კაბა შეუკერა.

ლესლი ჯონსის კაბა, კრისტიან სირიანოსგან

ეს შემთხვევა მთელი დისკუსიის საფუძვლად იქცა იმის შესახებ, რომ თანამედროვე სამოდელო ბრენდები „არასტანდარტული“ ფიგურის ქალებს უგულებელყოფენ. მოდის ექსპერტი ემა მაკლენდონის (Emma McClendon) აზრით, ამ დისკუსიის განვრცობა აუცილებელია.

„არასწორი ფიგურა? არა, ეს ჩვენი წარმოდგენებია ზომების შესახებ არასწორი, – ამბობს იგი, – და ვიდრე ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, ჩვენ ვერ გავთავისუფლდებით იმ პრობლემებისგან, რაც დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს“.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ.