ესმა გუმბერიძის ბლოგი
პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე დღეს თუ არა, როდისღა უნდა დავწერო.
კვოტირება იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობით განისაზღვრება, მინიმუმ რა პროცენტულობით უნდა ფიგურირებდეს საარჩევნო სიაში ქალი კანდიდატები. პრინციპში, მხოლოდ ქალი კი არა, ზოგადად რა პროცენტულობით უნდა იყოს ორივე სქესი წარმოდგენილი სიაში. უბრალოდ, რადგანაც სწორედ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა პარლამენტის დონეზე არის პრობლემური საქართველოში, იმიტომაც ქალებზე მახვილდება ყურადღება, თორემ მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში, სავალდებულო დროებითი გენდერული კვოტირების გაუქმების წინააღმდეგ ბოლოს მამაკაცები გამოვიდნენ, რადგან ის პარლამენტში მათი ქალების თანაბრად მოხვედრის გარანტიაც იყო.
სხვათა შორის, 1988–89 წლების მიჯნაზე მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მიტინგებზე ქალები ჭარბობდნენ. დღესაც ძალიან ბევრ ოჯახს სწორედ ქალი არჩენს. ქალებმა სერიოზული წვლილი შეიტანეს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში (მათ შორის საკუთარი სიცოცხლის ხარჯზეც), ასევე ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. ამის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებამდე ისინი რატომღაც ვერ აღწევენ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაღაროებში მოსახვედრად არ ითხოვენ ქალები კვოტებს ან ჯარში, სხვათა შორის, ისრაელში – არცთუ ხელწამოსაკრავ სახელმწიფოში, ქალებზეც ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუ ვინმეს თავის სარჩენად მუშად ყოფნა ჭირდება (და მუშად ადამიანები არა სიამოვნების, არამედ თავის სარჩენად მიდიან ხოლმე), ამასაც არ გამოვრიცხავ – მათ შორის ამის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ ქალებს საჭიროების შემთხვევაში.
ახლა ავხსნი, თუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს, რომ ამ კვოტირების შემოღების შედეგად პარლამენტში მხოლოდ ქალები დარჩებიან და ა.შ.
სავალდებულო კვოტირება შეეხება მხოლოდ პროპორციული სიით არჩეულ კანდიდატებს. ყოველი მეორე კანდიდატი სიაში ქალი იმას ნიშნავს, რომ ქალებს პარლამენტში მხოლოდ 37 ადგილი ექნებათ გარანტირებული 150–დან, მაჟორიტარული სიით კი ქალები არსებული სტერეოტიპების გამო იშვიათად თუ ხვდებიან პარლამენტში. ასეთი სულ რამდენიმე იქნება. ამიტომ, კვოტირების აღწერილი სისტემით 2020 წლის არჩევნების შედეგად 50–ზე ანუ პარლამენტართა 1/3–ზემეტი არა მგონია, რომ გვყავდეს. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რომელიც უკვე მთლიანად პროპორციული სიებით ჩატარდება, – იქაც ვერ იქნება მკაცრად გარანტირებული, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარი გახდებიან ქალები, იმიტომ, რომ პროპორციული პარტიული საარჩევნო სიები იქნება ღია. ანუ სიაში კანდიდატის ნომერს/თანმიმდევრობას პარტია კი არა, არამედ ამომრჩეველი განსაზღვრავს. პარტიული სიიდან ყველაზე მეტი ხმა ვისაც ექნება, ის გავა სიის პირველ ადგილას, ვისაც ყველაზე ნაკლები – სიის ბოლო ადგილას. ამიტომ, სიის ნახევარს ქალები რომც შეადგენდნენ, შეიძლება, ამომრჩეველმა ისე დაალაგოს სია, რომ ქალები პარლამენტში დიდ უმცირესობაში აღმოჩნდნენ ან სულაც ვერ მოხვდნენ, რაც, იმედია, არ მოხდება. შესაბამისად, სავალდებულო გენდერული კვოტირება პარლამენტში ქალთა ზუსტი ოდენობის დადგენას კი არ ემსახურება, არამედ იმის გარანტიას, რომ ქალ პარლამენტართა რიცხვმა რამდენიმე ათეული მაინც შეადგინოს. ის იძლევა გარანტიას, რომ ქალები, იმ პირობებში, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სწორედ ქალები შეადგენენ, ზოგადად მოხვდებიან პარლამენტში.
ახლა რაც შეეხება იმას, რომ თუ ქალი არ არის კვალიფიციური, რატომ უნდა მოხვდეს პარლამენტში მხოლოდ სქესის გამო. ამასთან დაკავშირებით ადრეც დამიწერია, რომ სასამართლო კორპუსის შემადგენლობიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი ქალია დანიშვნით თანამდებობაზე, სადაც დანიშვნის კრიტერიუმი არის პროფესიული გამოცდის ჩაბარება და, პარლამენტის წევრობისგან განსხვავებით, კანონით პირდაპირ დადგენილი სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. იმასაც აღვნიშნავ, რომ სამინისტროებში საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაზე მომუშავე რიგით მოხელეთა დიდი უმრავლესობა ქალია და ჩვენს რეალობაში სწორედ სამინისტროებიდან მოდის საკანონმდებლო ინიციატივათა დიდი უმრავლესობა. ანუ, იქ მომუშავე ქალებს აქვთ კანონშემოქმედების, კანონის დაწერის უნარი და სწორედ ესაა პარლამენტის წევრის მთავარი მოვალეობა. ეს მათთვის, ვისაც ეს აღარ ახსოვს. უბრალოდ, ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო არ არიან საზოგადოებაში წარმოჩენილნი.
და ბოლოს, რომც ჩავთვალოთ, რომ დღეს მამაკაცებთან შედარებით ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია პარლამენტის წევრობისთვის საჭირო უნარების მქონე ქალი, საკმაოდ ხშირია, რომ სწორედ კანონით შექმნილი შესაძლებლობა აძლიერებს ადამიანებს, აძლევთ მათ განვითარების მოტივაციას. შშმ პირთა თემში, მაგალითად, გამიგია, რომ ვაკანსიებზე აპლიკაციები არ შეაქვთ, რადგან არ იციან, იქნება თუ არა შშმ პირის სამსახურში აყვანა დამსაქმებლისთვის მისაღები. იქ ხომ არ ეწერა, რომ შშმ პირებსაც შეუძლიათ საბუთების შეტანაო. მსგავსი ადამიანებისთვის შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები გახდა სწორედ იმის ბიძგი, რომ მათაც შეუძლიათ თურმე დასაქმების ცდა. იგივე ინკლუზიური განათლების დანერგვამ ხელი შეუწყო შშმ მოსწავლეების მომრავლებას სკოლებში, რადგან ამ პროგრამის არსებობით შშმ ბავშვების მშობლებს ეთქვათ, რომ მათაც შეუძლიათ, შვილები მიიყვანონ სკოლაში და მათ შორის არასპეციალიზებულ სკოლაშიც და სახლში არ გამოკეტონ. სისტემა გაუმართავია, შესაბამისად მშობლებს ბევრი ბრძოლა უწევთ შშმ ბავშვების სკოლებში უკეთესი განათლებისა და რეალიზებისთვის, მაგრამ კანონმდებლობამ და არასრულყოფილმა პროგრამამ მათ ბრძოლის მოტივაცია მისცა. საერთოდ რატომ იყო, რომ შშმ პირთა უფლებებზე საუბარი და მათ შორის თავად შშმ პირთა მხრიდანაც, საქართველოში დიდწილად დაიწყო და გააქტიურდა სწორედ შშმ პირთა გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ? მანამდე რა, არ იყვნენ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუ საჭიროებები არ ჰქონდათ? როგორ არა, მაგრამ სახელმწიფოსა და საზოგადოებას უჭირს თავისი ვიწრო წრის პრობლემების იქით გახედვა დროისა და ენერგიის არქონის, მათ ცხოვრებაში არსებული უამრავი გამოწვევისა და სიძნელის გამო, რამე თუ არ აიძულებს, თუ არ უბიძგებს… შშმ პირებიც ვერ იაზრებდნენ, რომ მათაც აქვთ უფლებები და შეუძლიათ, ითხოვონ და მოითხოვონ.
ავიღოთ ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული სპეციალური კანონმდებლობა. თუ ქალს ქმარი სცემდა, მას ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის არსებული კანონმდებლობის, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გარეშეც შეეძლო ჩივილი. მოძალადის დასჯა და პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელი იყო სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ცემის ზოგადი მუხლითაც. მაგრამ, ეს საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. ფსიქოლოგიურად ქალებსაც, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც, სამართალდამცავებსაც/პოლიციას/პროკურატურას/გამომძიებლებსაც და მოსამართლეებსაც ეგონათ, რომ რადგან ეს შემთხვევები კანონში პირდაპირ არ არის ასახული, ისინი ვერც იქნება დასჯადი მათი ოჯახური სპეციფიკიდან/ხასიათიდან გამომდინარე და მათი გამოძიება არ ღირს ან არ შეიძლება.
ასევეა ქალთა სავალდებულო საპარლამენტო კვოტირებაც. შესაძლოა, სწორედ იმის გააზრებამ, რომ ქალის მონაწილეობა პოლიტიკურ და საპარლამენტო ცხოვრებაში კანონის დონეზეა გარანტირებული, წაახალისოს ქალები, განვითარდნენ, დაინტერესდნენ პოლიტიკური ცხოვრებით, გამოიყენონ საკუთარი უკვე არსებული ცოდნა და გამოცდილება ქვეყნისთვის.