სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეათე ლატვიელი მოზარდი მეგობრებს ინტერნეტით საკუთარ შიშველ ფოტოს უგზავნის. მოზარდებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ მათი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. გარდა ამისა, სექსტინგის მოყვარულნი შესაძლოა დევნისა და შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ.
ლატვიაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ახალგაზრდობას ახალი ჰობი აქვს – სექსტინგი. არა, ეს სპორტის სახეობა არ გახლავთ. სექსტინგი ნაცნობებისთვის პიკანტური ხასიათის ფოტოების ინტერნეტით დაგზავნის პროცესია, რომელსაც ძალზე საგანგაშო შედეგები მოჰყვება ხოლმე. მოზარდები თავიანთ დედიშობილა ფოტოებს ერთმანეთს უგზავნიან, რის შედეგადაც ხშირად შანტაჟის მსხვერპლნი ხდებიან. გარდა ამისა, ისინი არღვევენ კანონს პორნოგრაფიული ხასიათის მასალების გავრცელების შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, სექტემბერში ლატვიურმა ცენტრმა Dardedze, კამპანია წამოიწყო სახელწოდებით „ეს-ესაა გამოგიგზავნე“. ამ კამპანიის მიზანი იყო საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ შიშველ არასრულწლოვანთა ფოტოების გადაგზავნა ინტერნეტით სავალალო შედეგებით სრულდება მათთვისაც, ვინც გზავნის, და მათთვისაც, ვინც ავრცელებს. „ახალგაზრდებში სხვადასხვა სახის ფოტო და ვიდეოფაილების გაცვლა ძალზე პოპულარულია. საკუთარი შიშველი ფოტოს გავრცელება მეგობრებსა და ნაცნობებში ბევრს უწყინარი ხუმრობა ჰქონია, რადგან მოზარდები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად დამამცირებელი იყოს მათი გავრცელება იმ ადამიანებისთვის, ვინც მასზეა გამოსახული. ამან შესაძლოა სირცხვილის, დანაშაულის, უსუსურობის გრძნობებთან ერთად ისეთი უსერიოზულესი პრობლემა წარმოქმნას, როგორც სუიციდური აზრებია“, – აცხადებს ცენტრი Dardedze-ს ფსიქოლოგი ლიგა რედლიხა.
მისი თქმით, ცენტრის მიერ წარმოწყებული კამპანიის მიზანია, მოზარდებს აუხსნას, რომ არასრულწლოვანთა შიშველი ფოტოების გავრცელება უწყინარი საქმიანობა სულაც არაა. ეს არის ძალადობა, რომლის საფუძველზეც ამის გამავრცელებელი მოზარდები სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან – პორნოგრაფიული ხასიათის მასალების გავრცელების მუხლით. ყველა მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი შიშველი ფოტოების დაგზავნა უახლოესი მეგობრებისთვისაც კი დაუშვებელი და სახიფათო ქმედებაა. ფოტო შესაძლოა ინტერნეტით გავრცელდეს, მოზარდი მუქარების, დამცირების და შანტაჟის მსხვერპლი შეიძლება გახდეს – შესაძლოა, ფოტოების შემდეგი გავრცელების დაშინებით, მას ფული ან ახალი ფოტოები გამოსძალონ.
„მშობლებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა არ აქვთ, გააკონტროლონ ყველაფერი, რითიც მოზარდი ტელეფონში და პლანშეტშია დაკავებული. ეს ახალგაზრდებისთვის ერთგვარი სტიმულია, იაქტიურონ სხვადასხვა სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში. ამ ვითარებაში, უფროსების მოვალეობაა, იყვნენ დაკვირვებულნი, ამ საკითხში კომპეტენტურნი და მოზარდებთან ერთად აქტიურად განიხილონ ამგვარი ქმედებების შედეგები, აუცილებლობის შემთხვევაში კი მათ მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვან“, – ამბობს ფსიქოლოგი.
კამპანიის ფარგლებში, ლატვიის სკოლებში საინფორმაციო ხასიათის პლაკატები განთავსდა, მედიაში კი მუდმივად ფიგურირებდა საკითხი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები შვილებთან შიშველი ფოტოების გავრცელების რისკებზე საუბრისას ან მაშინ, თუ მოზარდი უკვე სექსტინგის მსხვერპლი გახდა.
კამპანიამ ცალკე ყურადღება დაუთმო მასწავლებლებთან მუშაობას, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმზრდელობითი საუბრების ჩატარებას. ასევე, სექსტინგის მსხვერპლთ კონსულტაციებს უწევენ იმ შემთხვევაშიც, თუ ფოტოები ქსელში უკვე გავრცელებულია – რა უნდა გაკეთდეს და ვის მიმართოს მსხვერპლმა.
რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საკუთარი შიშველი ფოტოების ინტერნეტით დაგზავნა:
- ეს მასალა შესაძლოა ფოტოზე გამოსახული მოზარდის კლასელებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა იხილონ;
- ფოტოებს იხილავენ სრულიად უცხო ადამიანები;
- შესაძლოა, ფოტოები სექსმომსახურების ვებგვერდებზეც განთავსდეს;
- ფოტოზე გამოსახულმა ადამიანმა მიიღოს ათასობით შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი კომენტარი, უსიამოვნო სატელეფონო ზარები, შანტაჟი, ტერორი და აუტანელი ცხოვრება.
- შესაძლოა, ეს ფოტოები ვინმემ 10, 20, 30 წლის შემდეგ გამოაქვეყნოს.