სტატიები / ქალზე ძალადობა

სამხრეთ აფრიკაში მრავალქმრიანობის დაკანონების იდეამ კონსერვატორთა აღშფოთება გამოიწვია

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების წინადადებას პოლიანდრიის (ქალის მრავალქმრიანობა) ლეგალიზაციაზე კონსერვატორთა მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.

ეს არ აკვირვებს პროფესორ კოლის მაჩოკოს (Collis Machoko), ამ საკითხის ცნობილ მკვლევარს.

“მთელი ეს პროტესტები კონტროლს უკავშირდება. აფრიკული საზოგადოება მზად არაა ნამდვილი თანასწორობისთვის. ჩვენ არ ვიცით, რა ვუყოთ ქალებს, რომლებსაც შემდეგ ვეღარ ვაკონტროლებთ”, – ამბობს იგი.

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური კონსტიტუციაა. იგი ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც და პოლიგამიასაც, თუმცა მხოლოდ – კაცებისთვის.

ბიზნესმენი და ტელეწამყვანი მუსა მსელეკუ (Musa Mseleku), რომელსაც თავად ოთხი ცოლი ჰყავს, მრავალქმრიანობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა.

“ეს აფრიკულ კულტურას ანგრევს. ამ ხალხის ბავშვებს რას ვუხერხებთ? როგორ გაარჩევენ ისინი თავიანთ იდენტობებს? ქალმა კაცის როლი როგორ იტვირთოს? ეს გაუგონარი რამაა. ქალი როგორ გადაიხდის ლობოლუს (გამოსასყიდი საცოლისთვის) კაცისთვის? კაცი ქალის გვარზე გადავიდეს?” – კითხულობს მსელეკუ.

პროფესორმა მაჩოკომ პოლიანდრია თავის სამშობლოში – მეზობელ ზიმბაბვეში იკვლია. იგი ესაუბრა 20 ქალსა და მათ 45 პატნიორს, რომლების მსგავსი წესით ცხოვრობდნენ, თუმცა ამ ქორწინებებს სოციალური ტაბუ ადევს და კანონი არ სცნობს.

“პოლიანდრია, იმის გამო, რომ მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაურბის, იატაკქვეშეთში მოქმედებს. აქ ნახავთ ისეთ გასაიდუმლოებას, როგორიც მასონებს ახასიათებთ. მსგავს ურთიერთობაში მყოფი ადამიანები თუ წააწყდებიან ისეთ ვინმეს, რომელსაც არ ენდობიან, ისინი იმასაც კი უარყოფენ, რომ მსგავსი ქორწინება საერთოდ არსებობს. ეს ყველაფერი რეპრესიებისა და დევნის შიშით ხდება”, – ამბობს იგი.

პროფესორი მაჩოკოს კვლევის ყველა მონაწილე ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრობს, თუმცა იმყოფება პოლიანდრიულ კავშირში და ამაზე ღიად საუბრობენ ერთმანეთში.

“ერთ-ერთ ქალს არ ასვენებდა პოლიანდრიულობაზე ფიქრი ჯერ კიდევ მეექვსე კლასში (12 წლის ასაკში), მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სკაში დედა ფუტკარი და მრავალი სხვა ფუტკარი ცხოვრობს. როდესაც იგი გაიზარდა, სექსი ჰქონდა ერთდროულად რამდენიმე პარტნიორთან, რომლებმაც ერთმანეთის შესახებ იცოდნენ. მისი 9 პარტნიორიდან 4 ამჟამინდელი ქმარია”, – ამბობს იგი.

პოლიანდრიაში, ქალი ხშირადაა ურთიერთობების ინიციატორი და ქმრებს სთავაზობს, შეუერთდეს მის კავშირებს. მას უფლება აქვს, გაშორდეს თანა-ქმარს, თუ მიაჩნია, რომ იგი სხვა მის ურთიერთობებს ურევს.

პროფესორი მაჩოკო ამბობს, რომ სიყვარული მთავარი მიზეზია, რის გამოც მისი რესპონდენტი ქმრები თანა-ქმრების სტატუსს დასჯერდნენ. მათ არ სურდათ ცოლის დაკარგვა.

ზოგიერთი კაციც იმ ფაქტს იშველიებს, რომ ვერ აკმაყოფილებს ცოლს სექსუალური თვალსაზრისით და ამიტომ თანხმდება მეორე ქმრის მოყვანას, რომ დაშორება და რომანები აიცილოს თავიდან.

მეორე მიზეზი უნაყოფობაა: ზოგიერთი ქმარი იმაზე თანახმაა, რომ მის ცოლს სხვა ქმარი ჰყავდეს, რათა მან შვილები გააჩინოს. ამგვარად, კაცები “ინარჩუნებენ სახეს”.

სამხრეთაფრიკელმა აქტივისტებმა მთავრობას მიმართეს, ლეგალიზაცია გაუკეთოს მსგავს კავშირებს, არჩევანის თავისუფლებისა და თანასწორობის სახელით. მათი წინადადება ჩართულია დოკუმენტში, ოფიციალურად “მწვანე წიგნის” სახელწოდებით. დოკუმენტი მთავრობამ საზოგადოებრივი განხილვისთვის გამოაქვეყნა.

“მნიშვნელოვანია, რომ მწვანე წიგნი ადამიანის უფლებათა დაცვისკენაა მიმართული, და მას ჩვენ ვერ დავაიგნორებთ. ეს სამართლებრივი რეფორმა საზოგადოებაში პატრიარქალური შეხედულებების საპირისპირო წესს ამკვიდრებს”, – ამბობს ქალთა უფლებებზე მომუშავე ადვოკატ შერლინ მეი (Charlene May).

წინადადება პოლიანდრიის დაკანონების შესახებ მიუღებელია რელიგიის მსახურებისთვის, რომლებიც პარლამენტში სხედან. მათი აზრით, ეს კანონი “საზოგადოებას დაანგრევს”.

“მოვა დრო, როცა ერთ-ერთი ქმარი იტყვის: შენ დროის დიდ ნაწილს ამ კაცს უთმობ და არა – მე, და ამის საფუძველზე, კონფლიქტები გაჩაღდება”, – ამბობს აფრიკის ქრიატიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი კენეტ მეშუ (Kenneth Meshoe).

“წარმოიდგენიათ? როცა ბავშვი დაიბადება, დნმ-ის ანალიზის გაკეთება გახდება საჭირო იმის დასადგენად, თუ ვინაა მამა”, – დასძენს ისლამური პარტიის “ალ-ჯამა” ლიდერი განიფ ჰენდრიკსი (Ganief Hendricks).

თუმცა, პროფესორი მაჩოკოს თქმით, პოლიანდრია არსებობდა კენიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ნიგერიაში, და დღემდე კანონით ნებადართულია გაბონში.

“ქრისტიანობისა და კოლონიზაციის მოსვლასთან ერთად, ქალის როლი შემცირდა. თანასწორობა აღარ არსებობდა. ქორწინება იერარქიის დამყარების ერთ-ერთი ინსტრუმენტად იქცა. რაც შეეხება პოლიანდრიაში დაბადებული ბავშვების შესახებ ღელვას, ესეც პატრიარქალური მიდგომაა. არადა, საკითხი ძალიან მარტივია: მსგავსი კავშირებისას გაჩენილი ბავშვები ოჯახის ბავშვებად მიიჩნევა”, – ამბობს ის.

bbc.com