"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა

საფარი

„საფარი“ ძალადობის მსხვერპლი ქალის, ნ. ი.-ს ინტერესებს იცავს.

წლების განმავლობაში, ნ. ი.-ზე სისტემატიური სახის ძალადობა ყოფილი მეუღლისა და მისი ოჯახის მხრიდან ხორციელდებოდა. შემაკავებელი ორდერები და სასამართლო განაჩენები უტყუარად ადასტურებენ ფაქტს, რომ ყოფილი მეუღლის ლ. ქ.-ს შურისძიებით მოტივით განმსჭვალული ოჯახის წევრები მიზანმიმართულად ახდენდნენ შესაძლო ცრუ დასმენასა და ტყუილი ინფორმაციების საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდებას.

2021 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, ეკა თხელიძის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თანახმად, თითქოს ნ. ი.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს გ. ქ.-ს. ორდერის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 30 დღე, რის საფუძველზეც, ნ. ო.-ს აკრძალული აქვს შვილთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ე. წ. მსხვერპლი იმყოფება. მას არ შეუძლია ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონით, სოციალური ქსელის თუ სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

დავის საგნად ქცეული შემაკავებელი ორდერი დაფუძნებული იყო არარეალურ ინფორმაციაზე და გამოცემული იყო უსაფუძვლოდ.

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „საფარის“ სარჩელი დავის საგნად ქცეული შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, რადგან ის არარეალურ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უსაფუძვლოდ იყო გამოცემული.

ორდერის გამოცემის შემდეგ, შსს-ს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. დაგვიანებით გამოკითხა ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და მხოლოდ ასე გამოსცა შემაკავებელი ორდერი დედის წინააღმდეგ არასრულწლოვანის დაცვის მიზნით.

სასამართლო პროცესზე ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დაკვირვებით, 11 წლის ბავშვის ჩვენება არ იყო გულწრფელი. „საფარის“ მიერ წარდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ არასრულწლოვანი მოძალადე მამის ოჯახის ზემოქმედების ქვეშ იყო და ჰქონდა დასწავლილი ქცევები დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად.

სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა შსს-ს ორდერის გამომცემი წარმომადგენელი და განმარტა, რომ “ბავშვის საუკეთესო ინტერესს” არ წარმოადგენდა ბავშვის მართლმაჯულების პროცესში მსგავსი მეორეული ვიქტიმიზაცია.

„ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, მოსამართლის მიერ სწორი შეფასება და უსაფუძვლოდ გამოცემული ორდერის გაუქმება. გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ და ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა მიწევს, რაც შეუძლებელი იქნებოდა მოძალადის სტატუსის შემთხვევაში, დედა-შვილის დავა ამ შემთხვევაში ძალიან უსაფუძვლო და არაფრისმომცემია. ჩვენს შემთხვევაში, საბედნიეროდ, არ ყოფილა არანაირი ძალადობა, თუმცა ცრუ ჩვენების საფუძველზე ბავშვი, რომელიც არასდროს იძინებდა დედის გარეშე, უკვე ერთი თვეა, რაც უჩემოდაა; პარალელურად კი არ წყდება მუქარის შემცვლელი ზარები ყოფილი მამამთილის მხრიდან, რომელიც შურისძიების იარაღად იყენებს ჩემს შვილს.

მინდა, რომ რეალურად შეფასდეს მოვლენები. მანამ, სანამ მსგავს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეს რომელიმე ორგანო, აუცილებელია, რომ წინასწარ შეისწავლონ და გამოიძიონ საქმე.  ძალიან მიხარია, რომ „საფართან“ ერთად შევძელი და სამართლიანობას მივაღწიე. იმედი მაქვს, დაწყებული საქმე ბოლომდე სამართლიანად დასრულდება.“ – აცხადებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ნ. ი.

საფარი განაგრძობს ნ. ი.-ს სამართლებრივ დაცვას.