სოციალურ ქსელებში, ხშირად ვხედავთ ცნობილი ადამიანების ფოტოებს, რომელთა სამოსიც იღლიის არეში სველია. ამ ადამიანებს დასცინიან, კიცხავენ, არცხვენენ, არაჰიგიენურობაში სდებენ ბრალს.
ამის პარალელურად, ბაზარზე ვხედავთ ათასნაირი დეოდორანტის რეკლამას, რომელიც იღლიის “მშრალად შენახვას” გვპირდება.
მსგავს საინფორმაციო სივრცეებში მოქცეულ ადამიანებს ხშირად უჭირთ, გაერკვნენ სიმართლეში: სინამდვილეში, “ნორმალურია” თუ არა მაღალ ტემპერატურაზე იღლიიდან ოფლდენა და ღირს თუ არა მისი ჩახშობა სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით?
ოფლდენა თერმორეგულაციის მძლავრი მექანიზმია, იგი ორგანიზმს გადახურებისგან იცავს. საოფლე ჯირკვლების გამონაყოფი ორთქლდება ჩვენს კანზე და ამით, ჩვენ გაგრილების შესაძლებლობა გვეძლევა. სწორედ ამის გამოა, რომ ოფლის გამოყოფის უუნარო ადამიანებში სითბური დარტყმის ალბათობა მკვეთრად მაღალია. მაღალი ტემპერატურის დროს, საოფლე ჯირკვლები თავის ტვინის, ჰორმონებისა და სტრესის დროს გამომუშავებული ნეირომედიატორების სიგნალებზე რეაგირებს.
ოფლიანობასთან დაკავშირებით, არსებობს ჰიპერჰიდროზის პრობლემაც – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საშუალოზე მეტად ოფლიანდება. ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი, როდესაც საოფლე ჯირკვლების ჰიპერფუნქცია თავისთავად ჩნდება, და მეორადი, როდესაც მას ორგანიზმის სხვა მდგომარეობა ან დაავადება განაპირობებს – მაგალითად, მენოპაუზა, შაქრიანი დიაბეტი, სტრესი და სხვ. ოფლის ჭარბი გამოყოფა, შესაძლოა, რომელიმე მედიკამენტის მიღების ჩვენებასაც წარმოადგენდეს. სტრესული ჰიპერჰიდროზი ერთ-ერთი ურთულესი მდგომარეობაა, რომელიც უწყვეტი ჯაჭვის პრინციპს ემყარება: ადამიანი განიცდის, რომ ხალხში გაოფლიანდება, და ამის ფამო უარესად ოფლიანდება.
როდესაც ვვარჯიშობთ, გაოფლიანების არ გვრცხვენია, პირიქით, ამით ვამაყობთ კიდეც: აქტიური ოფლიანობა ამ დროს ხარისხიან ვარჯიშთან, გაჯანსაღებასთან და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდასთან ასოცირდება (სინამდვილეში, ტოქსინები ჩვენი ორგანიზმიდან ძირითადად ფეკალიების სახით გამოდის, და არა ოფლის სახით).
მაშინ, თუ გაოფლიანება კარგია, რატომ არსებობს სამოსზე სველ ლაქებთან დაკავშირებული შემარცხვენელი სტიგმა? როდის იქცევა სასარგებლო სამარცხვინოდ? საიდან გაჩნდა იდეალურად მშრალი იღლიის კულტი?
რა თქმა უნდა, იქიდანვე, საიდანაც ცელულიტისა და თვალის ირგვლივ ნაოჭების გაქრობის მანია – მარკეტინგიდან. როგორც ცნობილია, მარკეტინგის ამოცანა არა მხოლოდ საჭირო ნივთების გაყიდვაა, არამედ – მყიდველისთვის სრულიად გამოუსადეგარი, არასაჭირო ნივთების შესაღებაც. რეკლამა ანტიპერსტირანტს გვისახავს, როგორც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს: “მაისური მშრალია და საერთოდ არ ყარს” – იმას ნიშნავს, რომ სველი მაისური ყარს და სირცხვილია. დეოდორანტის ან ჰიგიენური საფენების ტიპური რეკლამა გვეუბნება, რომ ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციები სასირცხვილოა. ჩვენ ხარბად ვიძენთ ყველა დეოდორანტს, რაც კი თვალში გვხვდება, მაგრამ ჩვენს მაისურზე წყეული სველი ლაქები კვლავ და კვლავ ჩნდება. როგორც კი ჩვენი მისამართით ვინმეს ჩაფიქრებულ მზერას ვიჭერთ, ჩვენი ტვინი მაშინვე იმაზე ჭმუნვას იწყებს, რომ ეს მზერა ჩვენი იღლიისკენ იყო მომართული.
ამ შემთხვევებში, ოფლიანობა ყოველგვარ მიზეზს გარეშე, თავისთავად ნაგულისხმევ ნაკლად მიიჩნევა. წინასაარჩევნო მარათონისას, დონალდ ტრამპი თავის კონკურენტ მარკო რუბიოს ჭარბი ოფლიანობის გამო “აკრიტიკებდა”. ამ მხრივ, ტრამპს არც სარეკლამო ინდუსტრია და ფილმები ჩამორჩება. ლიდერი ქალები აქ ტანზე იდეალურად მორგებულ კაბებში არიან გამოწყობილნი, მათ შორის იღლიაზე მომდგარშიც. თანამედროვე ბიზნეს-კულტურა აიდეალებს ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არა მხოლოდ ემოციური, არამედ ფიზიოლოგიური რეაქციები: ისინი რობოტები არიან, რომლებიც სევდას არ ცნობენ, მენსტრუაციული გამონადენით არასოდეს დასვრილან, არც ოფლდენით იტანჯებიან.
ყვითელი გამოცემები, რომლებიც ცნობილი ადამიანების ყველა ნაბიჯს აღრიცხავენ, ყოველდღიურად უამრავ ფოტოს აქვეყნებენ, სადაც ჯუდ ლო, სკარლეტ იოჰანსონი, ტომ კრუზი, ჰოლი ბერი, ჯენ ნიკოლსონი, ნაომი კემპბელი, ნიკოლ კიდმანი და ათობით (თუ ასობით არა!) სხვა ადამიანი სველი იღლიებით არიან აღბეჭდილნი. ამ გულისამრევ შეიმინგს ბიზნესი ოპერატიულად გამოეხმაურა და ახლა „მშრალი“ ანტიპერსპირანტების ბუმს იღლიის ერთჯერადი საფენის ხაზიც დაემატა, რომელიც ოფლს იწოვს და სამოსზე გამოჟონვის საშუალებას არ აძლევს.
მიუხედავად ვარსკვლავთა ყოველდღიური შერცხვენისა, იმის გამო, რომ საზოგადოებაში ამ პრობლემებზე საუბარი გახსნილი არაა, ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადამიანები მასზე ნაკლებ ოფლიანდებიან (ინგლისის დედოფლის დიზაინერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი უდიდებულესობა არასოდეს ოფლიანობს).
საბოლოო ჯამში, ჩვენმა მედიებმა საერთოდ წაშალეს ზღვარი ოფლის ნორმალურ, ჯანსაღ გამოყოფასა და ჰიპერჰიდროზს შორის, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მართლაც პრობლემაა.
რაც შეეხება ჭარბ ოფლიანობას, მას ადამიანისთვის ბევრი უხერხულობის შექმნა შეუძლია: ხელის ჩამორთმევისას სისველის შეგრძნებიდან დაწყებული, საჯაროდ გამოსვლის პანიკური შიშით დამთავრებული. აქსილარული (იღლიის) ჰიპერჰიდროზის მქონე პაციენტების ნახევარი, ამის გამო თავდაჯერებულობას საერთოდ კარგავს, 20%-ს კი დეპრესია სტანჯავს. ხელის გულის ჰიპერჰიდროზის მქონე ადამიანების 77%-ს ხელის ჩამორთმევის პანიკურად ესირცხვილება, 90% კი სოციალურ სიტუაციებში უხერხულობას გრძნობს. ჰიპერჰიდროზის მქონე ქალებს ექიმთან მისვლისაც კი ესირცხვილებათ, რადგან საზოგადოებაში მიღებული წარმოდგენის თანახმად, “ნამდვილი ლედი არასოდეს ოფლიანდება”.
რა უნდა ვიღონოთ ამ შემთხვევაში?
ჯერ ერთი: აქ სირცხვილი და კომპლექსები სრულიად უადგილოა. ადამიანები რობოტები არ არიან, და კრიშტიანუ რონალდუს გაოფლიანებულ სამოსში გადაღებული ფოტოების ინტერნეტში გამოდება ყველაზე დიდი სისულელეა, რისი მოფიქრებაც კი ადამიანს შეუძლია. საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან 40-გრადუსიან პაპანაქებაში ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების შერცხვენის მიზნით გამომქვეყნებლები?
ნორმალური ოფლდენის დიაპაზონი ძალზე დიდია. ამიტომ, თუ საშინელ სიცხეში მაისური ზურგზე მიგეკვრებათ ან ხელისგულები გაგიოფლიანდებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპერჰიდროზი გჭირთ.
მეორეც: უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი იღლიები, ისევე, როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილები, ჩვენი პირადი საქმეა, და ანტიპერსპირანტები სოციალური კი არა, პირადი ჰიგიენის მოსაზრებით უნდა გამოვიყენოთ.
თუ ეჭვი გვაქვს ჰიპერჰიდროზზე, სჯობს, ექიმს მივმართოთ. პირველადი ჰიპერჰიდროზი, განსაკუთრებით ადგილობრივი და არა გენერალიზებული, კლინიკური ანტიპერსპირანტებითა და ბოტოქსის ინექციებით კორექტირდება. ცნობისათვის: ხელის ჩამორთმევის დროს ადამიანის სველი ხელისგული, არც ვირუსული დაავადებებისა და არც არასაკმარისი ჰიგიენის ბრალია.
ემი რო (Amy Roe), The Guardian-ის ჟურნალისტი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ სველი თმის გამო შეარცხვინეს, ამის შესახებ წერს: „ქალის სხეული მძლავრი ტაბუებითაა გარშემორტყმული, მაგრამ ამ ტაბუს ძალა არაფერია იმ ძალასთან შედარებით, რასაც მე გარბენის შემდეგ ვგრძნობ“. ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს იმისა, რომ ცოცხლები ვართ და ჩვენი სხეული ფუნქციონირებს. კარგი იქნებოდა, რომ ფრაზა Ladies don’t sweat, they glisten (ლედი არ ოფლიანდება, ლედი ბრწყინავს), დამრიგებლურ-შემარცხვენელი დებულებიდან, სპორტდარბაზში მოვარჯიშე გოგონების მაისურზე აღბეჭდილ საქილიკო წარწერად გადაქცეულიყო.