კავშირმა „საფარმა“ საქართველოს სახალხო დამცველს სასკოლო სახელმძღვანელოში დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტებთან დაკავშირებით მიმართა (იხ. მიმართვის სრული ტექსტი).
საუბარია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული ბიოლოგიის მერვე კლასის სახელმძღვანელოზე მალხაზ მაყაშვილისა და რუსუდან ახვლედიანის ავტორობით (გამომცემლობა “მერიდიანი”, გამომცემლობა “კლიო”, 2012), სადაც დისკრიმინაციული სახის ტერმინები, ფრაზები და მსჯელობებია გამოყენებული. სახელმძღვანელოს ავტორების წყალობით, ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსთან, შიდსთან და ნარკომანიასთან დაკავშირებული პირები არახელსაყრელ მოპყრობას და სტიგმატიზაციას დაექვემდებარნენ, რაც მათი უფლებების დარღვევასა და საზოგადოებისგან გარიყვას უწყობს ხელს.
კერძოდ, ბიოლოგიის დასახელებულ სახელმძღვანელოში სხვადასხვა სახის დისკრიმინაციულ მიდგომებს ვაწყდებით: წამალდამოკიდებული პირების მიმართ გამოყენებულია ტერმინი “ნარკომანი”, მოცემულია შიდს-ით დაავადებული წამალდამოკიდებული პირის სურათი, ტერმინი შიდსი და აივ-ინფექცია გამოყენებულია, როგორც ერთი და იგივე შინაარსის მქონე სინონიმური ტერმინები და სხვ.
გლობალური კომისიის ანგარიში ნარკოტიკებთან ბრძოლის პოლიტიკის შესახებ მოგვიწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ადამიანების კრიმინალიზაცია, სოციალური იზოლაცია-მარგინალიზაცია და მათზე დამღის დასმა-სტიგმატიზაცია, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს მაგრამ ზიანს არ აყენებენ სხვებს”.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 2002 წლის შემდეგ საქართველოში ინტრავენური ნარკომანიის გზით აივ ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია. 1999 წლიდან 2001 წლამდე ევროპის ქვეყნებში აივ-ინფიცირების შემთხვევების მეტი წილი მოდიოდა ინტრავენურ ნარკომანიაზე, თუმცა 2002 წლიდან ინტრავენური ნარკომანიის პირობებში ინფიცირების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აივ ინფექციის ეპიდემიის დაწყებიდან საქართველოში ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება აივ-ის გავრცელების მთავარი გზა იყო, მაგრამ 2013 და 2014 წლების განმავლობაში, აივის ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კავშირით გადაცემამ წამყვანი ხასიათი მიიღო. მოცემულ შემთხვევაში, ეს ამტკიცებს სახელმძღვანელოს მცდარ ინფორმაციას, რომ შიდსით მხოლოდ ან უმეტესად წამალდამოკიდებული პირები ავადდებიან.
სახელმძღვანელოში მოცემული არასწორი ინფორმაცია კიდევ უფრო ზრდის სტიგმას. ტექსტში ვკითხულობთ, რომ აივ-ინფექციის შეჭრის შემდეგ ადამიანი მომენტალურად ავადდება შიდსით და განწირულია სიკვდილისთვის. ეს არსებითად არასწორი ინფორმაციაა და აუდიტორიაში შიშს თესავს. ამგვარი არასწორი ინფორმაციით დატვირთული ადამიანი საკუთარი უსაფრთხოების მიზნით რა თქმა უნდა მაქსიმალურად შეეცდება, იზოლირება გაუკეთოს ინფიცირებულ პირს: შეწყვიტოს ან არ დაიწყოს მასთან საქმიანი თუ პირადი ხასიათის ურთიერთობა.
სახელმძღვანელო მოსწავლეებს ისეთ ინფორმაციას აწვდის, რაც აივ-პირების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის საფრთხეს შეიცავს. ინფიცირებულ პირებს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების ქონის შესაძლებლობა ეზღუდებათ, ვინაიდან მათთან შესაძლო სქესობრივი კავშირი სახელმძღვანელოს მიხედვით სიკვდილს გამოიწვევს.
ზემოთ აღნიშნული სტიგმატიზაციისა და საზოგადოებისგან გარიყვის მცდელობების შედეგად, აივ ინფიცირებულ და წამალდამოკიდებულ პირებს ერღვევათ საქართველოს კონსტიტუციით და სხვა კანონებით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები: თავისუფლებისა და თანასწორობის უფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა.
კონკრეტულად, დასახელებული სახელმძღვანელოს კონტენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16 და მე-17 მუხლებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს, საქართველოს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელთა თანახმადაც, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
კავშირი „საფარი“ აცხადებს, რომ დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტის შემქმნელი ავტორების გარდა, აღნიშნულზე ასევე პასუხისმგებელია საქართველოს განათლების სამინისტრო, ვინაიდან სახელმძღვანელოს გრიფს განათლების სამინისტრო ანიჭებს.
საქართველოს კანონი განათლების შესახებ მიუთითებს: „ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული“. შესაბამისად, განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელო არღვევს განათლების შესახებ კანონს, როდესაც მოსწავლეებს აწვდიან დისკრიმინაციულ მასალას აივ ინფიცირებულთა და წამალდამოკიდებულ პირთა შესახებ.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კავშირი „საფარი“ საქართველოს სახალხო დამცველს ზემოთხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით სთხოვს:
- გამოსცეს რეკომენდაცია ბიოლოგიის მერვე კლასის სახელმძღვანელოსთვის გრიფის ჩამორთმევასთან დაკავშირებით;
- სახელმძღვანელოს ავტორების დაევალოთ დისკრიმინაციული ფრაზებისა და ტერმინების ტექსტიდან ამოღება;
- განათლების სამინისტროს დაევალოს გრიფის მინიჭების პროცესში სახელმძღვანელოების ანალიზი დისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.