საუდის არაბეთის მეფემ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მოქალაქე ქალებს 2018 წლის ივნისიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ექნებათ.
აქამდე, საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს ავტომობილის მართვა ეკრძალებოდათ. იმ ქალებს, რომლებიც საჭესთან ჯდომას თვითნებურად გადაწყვეტდნენ, ხშირად აპატიმრებდნენ კიდეც.
საუდის არაბეთის ქალების კამპანია ავტომობილის მართვის უფლების მოთხოვნით უკვე მრავალი წლის მანძილზე გრძელდება, მაგრამ ამ „სიახლის“ წინააღმდეგ ადგილობრივი კონსერვატორი ღვთისმსახურები ილაშქრებდნენ.
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „მეფის ბრძანება არეგულირებს მოძრაობის წესებს, მათ შორის მართვის მოწმობის გაცემას კაცებისთვის და ქალებისთვის, თანაბარი უფლებებით“.
მეფის ბრძანების მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო კომისია შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა, ფინანსთა, შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროების წარმომადგენელთაგან შედგება. სწორედ ამ კომისიამ უნდა განსაზღვროს, როგორ უნდა განხორციელდეს მეფის გადაწყვეტილება.