ამერიკულ სახელისუფლებო კორიდორებში ისევე შესაძლებელია სახელი ჯონის მქონე კაცის პოვნა, როგორც – ქალისა.
რესპუბლიკელი ქალი სენატორი გაცილებით ცოტაა, ვიდრე – სახელი ჯონის მქონე კაცები, მიუხედავად იმისა, რომ ჯონი კაცი მოსახლეობის მხოლოდ 3,3%-ს ჰქვია, ხოლო ქალები მოსახლეობის საერთო რიცხოვნების 50,8%-ს შეადგენენ. გუბერნატორის თანამდებობაზე ქალთა მონაწილეობა გაცილებით დაბალია, ვიდრე – სახელი ჯონის მქონე კაცებისა. ასევე, გაცილებით ნაკლებმა ქალმა გადაიღო შარშან მაღალშემოსავლიანი ფილმების ასეულში შემავალი ფილმები, ვიდრე – სახელი მაიკლისა და ჯეიმსის მქონე კაცებმა, ერთად აღებულმა.
ეს მონაცემები ჩვენი განახლებული „შუშის ჭერის“ ინდექსიდან ავიღეთ, სადაც ქალებისა და კაცების აქტივობა ამერიკაში მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი თანამდებობების შეფარდებაა განხილული, პოლიტიკის, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, სამეცნიერო წრეების, კინოსა და მედიის სფეროების მაგალითზე.
ჩვენ მიერ განხილულ ლიდერთა ჯგუფებში, შარშან მაღალშემოსავლიანი ფილმების რეჟისორთა შორის ქალთა მონაწილეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შემდგომ მოდიან რისკიანი კაპიტალისტები და ქვედა პალატის წარმომადგენელი რესპუბლიკელები, შემდეგ კი – როგორც რესპუბლიკელი სენატორები და გუბერნატორები, ასევე – დემოკრატები.
მაკარტურის ფონდის genius-ის 24 გრანტიორიდან წელს მხოლოდ 9 იყო ქალი, ხოლო კაცებს შორის არც ერთს არ ერქვა ჯონი. ეს ჯგუფი კომიტეტმა კრეატიულობის, აზროვნების სიფართოვისა და „მომავალი მიღწევების პერსპექტიულობის“ ნიშნით აარჩია, და ბევრი თვალსაზრისით გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე – სხვა ჯგუფები. ამიტომაც, ეს ყველაფერი აისახა ჯგუფის გენდერულ შეფარდებასა და კაცების სახელებზე. ჩვენ მიერ განხილული ერთადერთი კატეგორია, სადაც ლიდერთა ნახევარზე მეტს – დაახლ. 52%-ს – ქალები შეადგენდნენ, ტირაჟიანი 50 ჟურნალის რედაქტორის პოზიცია იყო. შესაძლოა, ეს იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ პოპულარული ჟურნალების უმრავლესობა ქალებზე, მოდასა და ცხოვრების სტილზეა.
ჩვენი ინდექსი Ernst & Young-ის 2015 წლის ანგარიშითაა შთაგონებული, სადაც ნაჩვენებია, რომ ქალები კომპანიების დირექტორთა საბჭოების წევრთა 16%-ს შეადგენენ, Standard & Poor-ის 1500 ინდექსით, გაცილებით ნაკლებს, ვიდრე სახელების ჯონის, რობერტის, ჯეიმსისა და უილიამის მქონე კაცები. ეს რიცხვი რამდენადმე გაუმჯობესებულია: Ernst & Young-ის განახლებული მონაცემების თანახმად, მმართველობის წევრთა 19% ახლა ქალია.
The Upshot-მა „შუშის ჭერის ინდექსი“ (Glass Ceiling Index) პირველად სამი წლის წინ გამოაქვეყნა. The Upshot-ის ეკონომისტმა და კორესპონდენტმა ჯასტინ ვულფერსმა (Justin Wolfers) სხვადასხვა კატეგორიებს გადახედა და ქალების და იმ კაცების თანაფარდობა გამოთვალა, რომლებიც კაცის ყველაზე გავრცელებულ სახელებს ატარებდნენ. მას შემდეგ, ქალთა მდგომარეობა ხელმძღვანელ პოზიციებზე დიდად არ გაუმჯობესებულა.
ამჯერად, ჩვენ საკითხი რამდენადმე სხვაგვარად ვიკვლიეთ: კაცის რამდენი გავრცელებული სახელია საჭირო თითოეულ ჯგუფში იმისათვის, რომ ყველა ქალის რიცხობრიობას გადააჭარბოს? ზოგიერთ შემთხვევაში, რესპუბლიკელი სენატორების, დემოკრატი გუბერნატორების ან Fortune 500-ის სიაში მყოფი კომპანიების ხელმძღვანელების სიიდან, მაგალითად, სახელი ჯონის მქონე კაცების რაოდენობა საკმარისი ან თითქმის საკმარისი იყო პარიტეტის მისაღწევად. ზოგიერთ სხვა დაწესებულებაში, ქალების რიცხობრიობის გადასაფარად კაცის მხოლოდ ორი სახელი იყო საკმარისი.
კონკრეტული სახელების მქონე კაცების ძალაუფლებაში კონცენტრირება მეტყველებს არა მხოლოდ დამახინჯებულ გენდერულ წარმოდგენაზე, არამედ – ამერიკული პოლიტიკის, კულტურისა და განათლების ბევრი ინსტიტუტის თეთრკანიანობაზე. როგორც Times-ის 2016 წლის ანალიზშია ნაჩვენები, თეთრკანიანი კაცები ამერიკაში ბევრ ლიდერ კატეგორიაში კვლავ დომინირებენ.
ქალები კაცებზე მეტ კოლეჯის სტიპენდიას იღებენ, და კაცებზე ხშირად მუშაობენ იმ პროფესიებით, რომელიც ადრე „კაცისად“ ითვლებოდა, მაგრამ მაინც, მათი სწრაფვა სახელისუფლებო პოზიციებისკენ შენელებული ან ჩიხში მოქცეულია. მკვლევარები ამბობენ, რომ ამას ბევრი მიზეზი აქვს. ქალებს დიდი ალბათობით წყვეტა აქვთ კარიერაში, ბავშვების აღზრდის გამო, კაცები კი მფარველობენ და აწინაურებენ თავისნაირებს.
ასევე, ქალები ორმაგ სტანდარტებს აწყდებიან: ხელისუფლებაში მყოფი კაცები უნდა იყვნენ ჯიუტები და ამბიციურები, მაშინ, როდესაც ქალებს ამგვარი ქმედებების გამო ხშირად აკრიტიკებენ.
კვლევები გვიჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ქალებს რიცხოვნებით მუდამ კაცები სჯობნიან, – დისკრიმინაციაა.
შუშის ჭერის ინდექსი შესაძლოა, შეიცვალოს, თუ ქალთა დიდი რაოდენობა შეავსებს სამუშაო ადგილებს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ დაბრკოლებათა უმრავლესობა კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის პოზიციებზე საკმარისად კვალიფიციური ქალების ნაკლებობა ნამდვილად არ არსებობს. სავარაუდოდ, ყველაზე ადრე რაც შეიცვლება, ისაა, რომ პასუხისმგებელ თანამდებობებზე ნაკლები ჯონი და რობერტი და მეტი ლაიამი და ნოა მოვა.
სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ: nytimes.com