"საფარის" საქმეები

,,საფარისა” და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი განცხადება ხანუმ ჯეირანოვას საქმის შესახებ

2014 წელს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელები 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმით გაუსწორდნენ, რასაც შედეგად მოჰყვა ქალის სიკვდილი. გამოძიების ვერსიით, ქალმა თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება არ დაინტერესებულა, ადგილი ხომ არ ჰქონია თვითმკვლელობის ინსცენირებას, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რომელიც რეალურად საფუძვლად ედო ქალის მიმართ გამოყენებულ ძალადობას. მიუხედავად მასმედიით გავრცელებული არაერთი ინფორმაციისა, რომელიც ცხადად ადასტურებდა ჯეირანოვას მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს, საქმის სრულყოფილად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა საქართველოს ხელისუფლებამ არ და ვერ უზრუნველყო.

ეროვნულ დონეზე, ყველა შესაძლო მექანიზმის წარუმატებლად ამოწურვისა და სახელმწიფოს არასათანადო ნებელობის ფონზე – წარმართულიყო სრულფასოვანი გამოძიება, 2018 წლის სექტემბერში, „საფარმა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით,  გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე.[1]

2021 წლის, 11 ნოემბერს, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) აღნიშნულ საქმეზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა.[2] საქმეზე მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით – ქალს სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

CEDAW-ს კომიტეტი გამოხატავს წუხილს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვაზე ძალადობის განმახორციელებელი პირების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. კომიტეტი ასევე წუხილს გამოთქვამს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, – დაებრუნებინათ იგი საკუთარ ნათესავებთან, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

კომიტეტის წევრის, გენოვევა ტიშევას, განცხადებით, „ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ინტერსექციული დისკრიმინაციის მსხვერპლი”. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ რომ დაეცვა ქალბატონი ჯეირანოვა გენდერული ძალადობისგან, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვას სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა და არ იქნა მიღებული ყველა შესაბამისი ზომა მის მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება, გამოიძია და დაესაჯა მსხვერპლზე თავდასხმასა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.

საკუთარი გადაწყვეტილებით, CEDAW-ს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს დამნაშავე პირები. ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მსხვერპლის შვილებისადმი უზრუნველყოს შესაბამისი რეპარაცია, მათ შორის – მათთვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდითა და, ასევე, ოფიციალური ბოდიშის მოხდით.

გარდა ამისა, კომიტეტმა საკუთარ მოსაზრებებში საქართველოსთვის ზოგადი სახის რეკომენდაციებიც გასცა. სხვა ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღმოფხვრას დაუსჯელობა და უზრუნველყოს ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობაზე სწრაფი  და სრულყოფილი რეაგირება, მოახდინოს დამნაშავეთა იდენტიფიცირება და დასჯა. ამასთან, კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთათვის უზრუნველყოს სავალდებულო ტრეინინგები ქალთა მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და ღირსების სახელით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ჯვარედინი დისკრიმინაცია და გენდერული სენსიტიურობა.

კომიტეტი, ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განმარტოს და მაკვალიფიცირებელ გარემოებებად განსაზღვროს ღირსების სახელითა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. კომიტეტის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ შეაგროვოს ინფორმაცია ფემიციდისა და წახალისებული/იძულებითი თვითმკვლელობის შესახებ, აწარმოოს შესაბამისი სტატისტიკა და ამ ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, გააძლიეროს ქალების დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, ასევე, ქალებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათთვის გასაგებ ენაზე, ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ცნოებიერების ამაღლება ღირსების სახელით და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის შესახებ.

კომიტეტის გადაწყვეტილება თავისი შინაარსით პრეცედენტული და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია ქალთა უფლებების დაცვის სტანდარტის ასამაღლებლად, როგორც საქართველოში, ისე – კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმის წევრ სხვა სახელმწიფოებში. კონკრეტულ შემთხვევაში, კონვენციის ფაკულტატური ოქმი 7.4 მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს 6 თვიანი ვადა, რათა კომიტეტს წარუდგინოს წერილობითი პასუხი, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმულ ყველა ნაბიჯზე.

კავშირი “საფარი” და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმებიან კომიტეტის გადაწყვეტილებას და მიიჩნევენ, რომ იგი სიღრმისეულად ასახავს საქართველოში, განსაკუთრებით კი, ეთნიკური უმცირესობების თემებში მცხოვრებ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას.

,,საფარი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კომიტეტის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესრულებას და, აღნიშნულთან დაკავშირებით, უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებულობას.

“საფარი” და ადამიანის უფლებათა ცენტრი, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მუშაობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

კავშირი ,,საფარი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

[1]           იხ.  ვრცლად: https://bit.ly/3Fc6a87

[2]           იხ. CEDAW-ის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე: https://bit.ly/3wFCj4U