ქალთა ორგანიზაცია „საფარი“ ეხმიანება ფეისბუქის ყალბ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გაერთიანება“ განთავსებულ კლიპს, რომელიც სექსისტური შინაარსისაა და აცხადებს, რომ ქალი ვერ გახდება
საქართველოს პრეზიდენტი. კლიპი 75 000 მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა ნახა და დიდმა ნაწილმა ის რეალურ პოლიტიკურ რეკლამად აღიქვა. ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ განაცხადა, რომ აღნიშნული კლიპი და ფეისბუქ გვერდი მას არ ეკუთვნის.
წინასწაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია პრეზიდენტობის კანდიდატებზე მათი დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანდება არა მხოლოდ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის ინტერესები, არამედ საზოგადოებრივი ინტერესიც, ვინაიდან აღნიშნული კლიპი აღრმავებს დისკრიმინაციას ქალთა მიმართ. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს დღემდე არ გამოუყენებიათ სექსისტური ენა და მოვუწოდებთ პარტიებს და მათ მომხრეებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული ენის გამოყენებისაგან.