„საფარს“ ახალი პროექტების მენეჯერი ჰყავს – ნათია გამხიტაშვილი, რომელიც უკვე მიმდინარე თვიდან აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციის საქმიანობაში.
ნათიამ 2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტი, სამართლის მიმართულებით. იმავე წელს, სწავლა განაგრძო საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით ქალაქ ტურკუში, ფინეთში.
ამავე მიმართულებით, ნათიას უმუშავია კვლევის ასისტენტად და ინტენსიური კურსებისათვის course secretary-ის პოზიციაზე, რის პარალელურად, მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო პროექტში. ნათია, როგორც ფინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების აქტიური წევრი, მოხალისეობრივი საქმიანობის საფუძველზე, ბენეფიციარ ბავშვებთან და ქალებთან მუშაობდა ტურკუს თავშესაფრის მაძიებელთა მისაღებ ცენტრში.
ნათია გამხიტაშვლი: „საქართველოში ჩამოსვლისთანავე გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო საფარის მიერ გამოცხადებულ კონკურში, რადგან ვფიქრობ, რომ გენდერული უთანასწორობა, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ გავრცელებული და, ამავდროულად, დაფარული ან არასერიოზულად აღქმული თემაა საქართველოში. ამასთან, ჩემთვის სასიამოვნოა ისეთ ორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში, სწორედ გენდერული საკითხების მიმართ სენსიტიურობის ნაკლებობის პირობებში, უამრავ ქალს უწევს დახმარებას და ამ კუთხით წარმატებულ პრეცედენტებს ამკვიდრებს. დღევანდელი გადმოსახედიდან სურვილი მაქვს, გავხდე ადამიანის უფლებათა დამცველი რეგიონული და საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით“.