რამდენიმე თვის წინ, ლალი კოკაიას* სრულიად მოულოდნელად და არასამართლიანად, გაუგებარი მიზეზით, სამსახური დაატოვებინეს. გამოსავლის ძიებაში, ლალი ერთ-ერთმა მეგობარმა ბაია პატარაიასა და “საფარს” დააკავშირა.
“საფარის” იურისტთან კონსულტაციის შედეგად, თავდაჯერება შემემატა. თუ მანამდე არ ვიცოდი, ღირდა თუ არა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ დამარწმუნეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ძალიან მალე მოვაგვარეთ ბიუროკრატიული საკითხები, “საფარის” იურისტმა თეა თადაშვილმა სარჩელი შეადგინა და ჩემ მაგივრადაც კი ჩააბარა სასამართლოში (პატარა ბავშვების დედისთვის სასამართლოს რიგში დაზოგილი დროც ძალიან დიდი საჩუქარია)”, – იხსენებს ლალი.
სარჩელის შეტანის პარალელურად, მოლაპარაკება დაიწყო ლალი კოკაიას დამსაქმებელთან, რომელმაც მას სხვა პოზიცია შესთავაზა და მალევე გაუფორმა ახალი კონტრაქტი.
“ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა ქალს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, არ შეეგუონ უსამართლობას, არ მისცენ არავის უფლება, დაჩაგრონ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალები არიან, რომ ჰყავთ შვილები. გარშემო ბევრი ადამიანია, ვისთვისაც დავის სასამართლოში დაწყება “ცუდ ტონად” ითვლება. ჩემ გარშემოც იყვნენ ასეთები, თუმცა, საბედნიეროდ, ძლიერი ქალების და “საფარის” მხარდაჭერით, ეს ადამიანები დავივიწყე და დავიწყე ბრძოლა, რომელიც, ვთვლი, რომ მოვიგე. ამ მოგების შემდეგ კი ასე მგონია, რომ ყველა ბრძოლას მოვიგებ”, – აღნიშნავს ლალი.
*კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, ბენეფიციარის სახელი და გვარი შეცვლილია.