2017 წელი “საფარის” მუშაობაში მნიშვნელოვანი, დაძაბული და შრომატევადი იყო. სხვადასხვა პროექტების განხორციელების წარმატების და შედეგიანობის მთავარი ფაქტორების შესახებ ორგანიზაციის თანამშრომლები საუბრობენ.
ბაია პატარაია, “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი: ეს წელი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი საქმიანობა განვახორციელეთ. ეს იყო „ქალები პოლიტიკურ პარტიებში: მითების დეკონსტრუქცია“ და “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი” – საბაზისო კვლევები. ამ საკითხს ყურადღება არ ექცეოდა და ამ კვლევების წყალობით, გარკვეული ნათელი მოეფინა არსებულ სიტუაციას.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევა დისკრიმინაციული შევიწროების შესახებ. მასში ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა ვიკვლიეთ და ჩვენთვის იგი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენი კანონმდებლობა შეიცავს ხარვეზებს – ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიწროების დარეგულირება საერთოდ არაა გათვალისწინებული.
ეს წელი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ჩვენ მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი “მარიკა წივწივაძის საქმე” დაკომუნიცირდა, ანუ წარმატებით გადავიდა შემდეგ ეტაპზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ფემიციდის საქმესთან დაკავშირებით ჩვენთან ჯერ არ ყოფილა და იმედია, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელზეც გადაწყვეტლებას მიიღებენ. ასევე, ამ საქმეში საქალაქო სასამართლომ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილა და შსს-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა წივწივაძის მკვლელობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მკვლელობაში მხოლოდ მკვლელი კი არ არის პასუხისმგებელი, არამედ – სახელმწიფოც, კერძოდ პოლიციაც, რადგან მან ძალადობის შესახებ იცოდა და მისი თავიდან არიდებაც შეეძლო, მაგრამ გულგრილად მოეკიდა საქმეს და სათანადო ღონისძიებები არ განახორციელა.
წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ჩვენ დამატებითი იურისტები ავიყვანეთ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე. ამ იურისტებმა 200-ზე მეტ ადამიანს გაუწიეს კონსულტაცია და რეალურად დაეხმარნენ მათ.
წელს, “საფარმა” მასშტაბური კამპანია ჩაატარა სექსუალურ შევიწროებაზე – “რა მოხდა ქუჩაში”. მას შემოდგომაზე მოჰყვა კამპანია #MeToo, რომელიც იგივე თემატიკას ეხმიანებოდა. ამ ყველაფრის წყალობით, საკითხის ირგვლივ მასშტაბური დისკუსია გაიმართა და საზოგადოებაში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების პროცესიც წარმატებით წარიმართა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტიც მალე მიიღებს შესაბამის კანონმდებლობას.
წლევანდელი წელი იმითიც იყო მნიშვნელოვანი, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოხდა. მუხლი, რომელმაც “საფარმა” სამი წლის წინ შეიმუშავა, “ადევნების” სახით შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და რეალურად ეს ახლა უკვე დასჯადი ქმედებაა. ჩვენ ამ მუხლის მიღებას რამდენიმე წლის განმავლობაში ვლობირებდით და რეალური შედეგიც მივიღეთ. “საფარში” შემოსულ რამდენიმე საქმეზე სწორედ ადევნების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება შსს-ში.
რაც შეეხება კანონპროექტს გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით, მასზე ჩვენ 2014 წლიდან ვმუშაობთ. წელს, 37500 ხელმოწერა შევიდა პარლამენტში, შესაბამისი კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით. პარლამენტში საკონმიტეტო მოსმენებმა წარმატებით ჩაიარა და იმედიანად ვართ, რომ 2018-ში ეს კანონპროექტი შესაძლოა, ძალაში შევიდეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე. ვაპირებთ, რომ უკვე CEDAW-ში ხანუმ ჯეირანოვას საქმე წავიღოთ.
ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მუშაობა განვაგრძოთ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ ქალებს: როდესაც კვოტების შესახებ კანონი ძალაში შევა, პარტიებს უკვე ჰყავდეთ საუკეთესოდ მომზადებული ქალი კანდიდატები, რომლებსაც უკვე სიებში წარადგენენ. გვინდა, პარტიების ამ მიმართლულებით განვითარებას ხელი შევuწყოთ.
ასევე, უფრო მასშტაბურ მუშაობას დავიწყებთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. წელს ჩატარებული კვლევა უკვე გვაძლევს მიმართულებას, თუ რა კუთხით უნდა გაიშალოს მუშაობა. ადვოკატირებასა და ლობირებას განვაგრძობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშირთან და სხვებთან, იმისათვის, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.
წელს, ქვემო ქართლის ყველა აზერბაიჯანულენოვანი სკოლა დავფარეთ, სადაც ადრეული ქორწინების პრევენციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებთან. მათ ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზე მივაწოდეთ. ამ შეხვედრებს უძღვებოდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ თბილისში, 1+4 პროგრამით. ვფიქრობ, რომ ეს უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტი იყო. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, იმედი გვაქვს, რომ სხვა რეგიონებშიც ვიმუშავებთ – კახეთში, აჭარაში, სადაც განსაკუთრებით მაღალია ადრეული ქორწინების მაჩვენებელი, რადგან, ერთია კანონმდებლობა, მეორეა მექანიზმები – როგორ მუშაობს, მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კი საზოგადოების მენტალიტეტი და ცნობიერებაა. ყველა ამ მიმართულებითაა სამუშაო გასატარებელი აუცილებლად.
წარმატებად შეიძლება, ჩაითვალის ის, რომ უკვე მეორე წელია, რაც ვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას შსს-ში, რომელიც გენდერულ ძალადობაზე იმუშავებდა და წლის ბოლოს, ახალი მენეჯმენტის პირობებში, შსს-მ უკვე დააანონსა, რომ ამ კუთხით ცალკე დეპარტამენტის შექმნას აპირებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს “საფარის” წარმატებაცაა, რომელიც, პარტნიორებთან ერთად, სწორედ ამ ცვლილებას ადვოკატირებდა.
ელისო რუხაძე, “საფარის” იურისტი: მიმდინარე წელი იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან “საფარის” მიერ გაწეული დახმარების შედეგად, დავეხმარეთ ძალადობის არაერთ მსხვერპლს, გამოვავლინეთ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ხარვეზები და მონაწილეობა მივიღეთ მნიშვნელოვანი და პრეცედენტული საქმეების განხილვაში.
თეა თადაშვილი, “საფარის” იურისტი: კავშირი ,,საფარი’’ 2017 წლის ზაფხულიდან იურიდიულ მომსახურებას უწევს ქალებს მათი უფლებების დაცვის მიზნით; იურიდიული მომსახურება შეეხება ოჯახში ძალადობის საკითხებს, ოჯახურ დანაშაულებს, საოჯახო-საქორწინო ურთიერთობებიდან გამომდინარე ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს; მითითებული დროის მანძილზე, კავშირ ,,საფარის’’ იურისტებმა ბენეფიციარებს გაუწიეს იურიდიული კონსულტაციები, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საერთო სასამართლოებში, პოლიციისა და პროკუტარურის ორგანოებში საქმის წარმოების/სამართალწარმეობის დაწყების მიზნით შეადგინეს სარჩელები, საჩივრები, განცხადებები; დასახელებულ სახელმწიფო ორგანოებში ,,საფარის’’ იურისტები იმავდროულად ახორციელებდნენ ბენეფიციარების წარმომადგენლობას; კავშირი ,,საფარი’’ ამ შინაარსის საქმიანობას გააგრძელებს მომავალ წელსაც.
შორენა გაბუნია, “საფარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: წლევადნელი წელი დაძაბული, ხშირად თავბრუდამხვევი სისწრაფით მრბოლი, თუმცა წარმატებული და უმნიშვნელოვანესი იყო. არაფერია იმის შეგრძნებაზე უკეთესი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ბრძოლის შედეგები უკვე ჩვენს ქვეყანაში თვალსაჩინო ხდება. თუმცა, ფემიციდისა და გენდერული ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკა კვლავაც შეგვახსენებს, რომ ქვეყანაში კანონის დაცვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით კიდევ ძალზე ბევრი რამაა გასაკეთებელი.
მარი კურტანიძე, “საფარის” იურისტი: წლევანდელი წელი განსაკუთრებით დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. პირადად ჩემთვის, ყველაზე საინტერესო იყო საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან, რომლებიც დისკრიმინაციის და თანასწორობის თემებზე ჩავატარეთ. ყველაზე წარმატებულ ინიციატივად და პროექტად მიმაჩნია ტრენერთა ტრეინინგები აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის, რომელიც ადრეული ქორწინების თემას ეძღვნებოდა. სტუდენტებმა შემდეგ 90-ამდე სკოლაში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ადრეული ქორწინების თემაზე. ვხედავდი, როგორი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ახალგაზრდები საქმეს და მჯერა, ის ინიციატივებია ყველაზე წარმატებული, სადაც მაქსიმალურად არიან ჩართულები ის ადამიანები, რომელთაც პრობლემა თავად ეხებათ, როცა ისინი ხდებიან მთავარი აქტორები და ცოდნის გამავრცელებლები.
წელს, ასევე, განვახორციელეთ პროექტი, რომელიც ეხებოდა თაობათშორისი დიალოგის გაღრმავებას ფემინისტებს შორის. ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც ვიმსჯელეთ ქართული ფემინისტური აქტივიზმის გამოწვევებზე, მარცხსა და მიღწევებზე და გამოვეცით პუბლიკაცია, სადაც 12 სხვადასხვა თაობის ფემინისტი გვიზიარებს პირად გამცდილებას, მის ფემინისტურ გზაზე და აქტივიზმზე. ჩემთვის, როგორც ფემინისტი აქტივისტისთვის, ეს პროექტი ყველაზე მეტად საინტერესო და მნიშნველოვანი იყო, რადგან თანამებრძოლებთან დიალოგის და აზრების გაცვლის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა.
რაც შეეხება სამართალწარმოებას, ორ სტრატეგიულად მნიშნველოვან საქმეს გამოვყოფ – პირველი ეხება სექსუალურ შევიწროებას შრომით ურთიერთობებში, კერძოდ, “თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ”. აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში სექსუალური შევიწროების საქმეების წარმოება სასამართლოში თითქმის არ ხდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქალები ამაზე არ საუბრობენ. ამასთან, კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების რეგულირების მხრივ დაუხვეწავია. ამ საქმემ დიდი როლი ითამაშა, ასევე, საზოგადოებაში დისკუსიის და მსჯელობის წამოწევის თვალსაზრისითაც, რაც ცნობიერების ამაღლებისთვის არის ძალიან მნიშნველოვანი. ასევე, გამოვყოფდი მარიკა წივწივაძის საქმეს, რომელიც სტრასბურგში გავაგზავნეთ. საქმე ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს ფემიციდის შემთხვევის დროს. ჩვენ ვდაობთ, რომ სახელმწიფომ არ დაიცვა მარიკა წივწივაძის სიცოცხლის უფლება, რაც ასევე მოიცავდა მარიკას მიმართ დისკრიმინაციას. მოხარული ვარ, რომ საქმეს სწრაფი მსვლელობა მიეცა და სულ რაღაც ორ თვეში დაკომუნიცირდა. ამ ეტაპზე ჩვენ გაგზავნილი გვაქვს პასუხი სახელმწიფოს პოზიციაზე და ველოდებით საქმის შემდომ მსვლელობას.
სოფო გოგიშვილი, “საფარის” იურისტი: წელს მნიშვნელოვანი იყო მარიკა წივწივაძის საქმის ადგილობრივ დონეზე მოგება, ასევე მისი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნა. მომზადდა რამდენიმე საინტერესო კვლევა, მაგალითად კვლევა დისკრიმინაციული შევიწროების შესახებ, რომელიც საინტერესო იქნება სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის.
ნათია გვრიტიშვილი, “საფარის” პროექტების კოორდინატორი: 2017 წლის მეორე ნახევარში განვახორციელეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“, პროექტის ფარგლებში 20 აზერბაიჯანელი ახალგაზრდა დავატრენინგეთ, რომლებიც შემდეგ, ქვემო ქართლის 90 აზერბაიჯანულენოვან სკოლაში შეხვდნენ 7-12 კლასების მოსწავლეებს და აზერბაიჯანულად ესაუბრნენ ადრეული ქორწინების საკითხებზე. პროექტი განსაკუთრებით ეფექტიანი იყო, რადგან ბავშვებს ესაუბრნენ მათ ენაზე, მათივე თანატოლები. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეფასებები მივიღეთ პროექტის მონაწილეებისგან. ამით რა თქმა უნდა, არ დავასრულებთ ამ საკითხზე მუშაობას და მომავალი წლიდან განახლებული ძალებით შევუდგებით ადრეული და იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას.
თაკო გოლიჯაშვილი, “საფარის” იურისტი: 2017 წელი ჩემთვის საფარში მუშაობის პირველი წელი იყო. ვიტყოდი, რომ ყველა ის მოლოდინი გამართლდა, რაც სამსახურში მისვლის პირველივე დღეს მქონდა. გასული წელი იყო გამოწვევებით სავსე. ვიმუშავე რამდენიმე წარმატებულ პროექტზე და გავიცანი ბევრი, ჩემთვის საინტერესო ადამიანი.
ქრისტინე მარგველაშვილი, “საფარის” მკვლევარი: 2017 წელი ჩემთვის საფარის გუნდთან შემოერთების წელი იყო. ეს წელი მთლიანად დაეთმო საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის და ინიციატივების კვლევას. ჩავატარეთ 40 მდე სიღრმისეული ინტერვიუ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში ჩართულ აქტორებთან, როგორიცაა სახელმწიფო ინსტიტუტები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო (ბიზნეს) სექტორი. გამოვლინდა, რომ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, ასევე თვითრწმენა (ე.წ აგენტობა) მნიშვნელოვანი შემაფერხებელია ქალის ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტად ჩამოყალიბების გზაზე. იმედი მაქვს, რომ შემუშავებული რეკომენდაციები პრაქტიკაში გატარდება და 2018 წელი ქალების ეკონომიკურად გაძლიერების წელი იქნება.