გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ განიხილება.
2015 წლის 23 მარტს, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, კავშირმა „საფარმა“ საქართველოს მეორე ციკლით შეფასებისთვის, კოლექტიური [სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად] ალტერნატიული ანგარიში მოამზადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოსთვის. ანგარიშში განხილულია 2011 წელს საქართველოსთვის პირველი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესის, სამართლებრივი ჩარჩოსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. ამასთან, დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მიზანშეწონილია არსებული მდგომარეობის გასამჯობესებლად.
კოალიციურ ანგარიშში “ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში” განხილულია ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა – მათ შორის, გენდერული ასპექტები, როგორც ქალთა სოციალური მოწყვლადობისა და უსახლკარობის განმაპირობებელი გარემოება და მათ საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები. კავშირმა „საფარმა“ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემდეგ ორგანიზაციებთან ერთად მიიღო: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „აკესო – საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისთვის“, „ჰერა XXI“ და „ალტერნატიული საქართველო“.
ზემოთხსენებული ანგარიშის ჟენევაში წარდგენა 2015 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.