ბურკინის (მუსლიმი ქალების დახურული საცურაო კოსტიუმი) ირგვლივ გაჩაღებული საზოგადოებრივი პოლემიკა ერთ-ერთი მთავარი თემაა ფრანგულ მემარჯვენე ცენტრისტული პარტია რესპუბლიკელების შიდაპოლიტიკურ კამპანიაში.
2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფრანგმა მემარჯვენეებმა ერთიანი კანდიდატი სამ თვეში უნდა წარადგინონ. ამ მომენტისთვის, პირველად არჩევნებში ფავორიტი საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ალენ ჟიუპე (Alain Juppé) და ექს პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (Nicolas Sarkozy) არიან.
„ჩვენ გვჭირდება კანონი, რომელიც საფრანგეთის პლაჟებსა და აუზებზე ბურკინის ტარებას აკრძალავს“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ. მისი აზრით, ეს საცურაო კოსტიუმი „ისლამური ექსტრემიზმის სიმბოლოა“. მანამდე, პოლიტიკოსმა ყველა იმ ფრანგული ქალაქის მერს დაუჭირა მხარი, რომელმაც ბურკინზე აკრძალვა დააწესა.
ბორდოს მერი ალენ ჟიუპე სარკოზის ძირითადი მეტოქეა. იგი ბურკინის აკრძალვის წინააღმდეგ ილაშქრებს და ამბობს, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა არ ეგების. „მოდით გავერთიანდეთ და არ დავიქსაქსოთ. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს სირცხვილის დამღები დავასვათ, უნდა გავმთლიანდეთ“, – აცხადებს იგი.
უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ალენ ჟიუპეს კანდიდატურა დამაჯერებლად ლიდერობს 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ბორდოს მერისთვის ხმის მისაცემად მისი თანაპარტიელების 38%-ის მზად, მაშინ, როდესაც სარკოზის მხოლოდ 14% უჭერს მხარს.
რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი უკვე აიღო. იგი პირველადი კენჭისყრით დასრულდება, რომელიც ამა წლის 20 ნოემბერს არის დანიშნული. თუ ხმათა ნახევარზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, 27 ნოემბერს პრაიმერის მეორე ტური გაიმართება, რომლის შედეგადაც ფრანგი მემარჯვენეები იმ საბოლოო კანდიდატს გამოავლენენ, რომელიც მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბურკინის აკრძალვა შეაჩერა მანამ, სანამ მის ტარებაზე სასამართლოს დადგენილება არ იქნება მიღებული. ამ ზაფხულს საფრანგეთის დაახლოებით 30 კურორტზე ბურკინის აკრძალვის საკითხმა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ცხარე კამათი გამოიწვია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა (Bernard Cazeneuve) ქვეყანაში ბურკინის აკრძალვის ზომების მიღებას „ანსტიკონსტიტუციური“ უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთში ამგვარი ნაბიჯი „გამოუსწორებელ დაძაბულობას გამოიწვევს”.