აქამდე ითვლებოდა, რომ საქართველოში გოგონებისთვის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა არ არსებობდა. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციამ “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა” (IWPR) ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კახეთის რამდენიმე სოფელში შინაურ პირობებში გოგონების წინადაცვეთას ახორციელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტი აიდა მირმაკსუმოვა გვიამბობს:
აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ყვარლის რაიონის სამ სოფელში: თივში, სარუსოსა ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში გავრცელებული პატარა გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა გამოვლინდა.
„ჩვენ მუსლიმები ვართ, ვიცავთ ჩვენს წეს-ჩვეულებებს. წინადაცვეთა ჩვენი ადათია, მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია“, – ამბობს ნაიდა სოფელ სარუსოდან. ამ სტატიაში მისი სახელი, ისევე, როგორც სხვებისა, შეცვლილია.
საქართველოს კონსტიტუცია თითოეული მოქალაქის რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების გარანტია, მაგრამ იგი უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობასაც. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ირღვევა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციაც, რომლის ხელმომწერიც საქართველოა.
რეალურად, ქართველებმა ძალზე ცოტა რამ იციან ავარიელი თემის შესახებ, რომლის მშობლიური ეთნიკური ჯგუფი ისტორიულად რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რეაპუბლიკაში მდებარეობს. მე-18 საუკუნეში, მეზობელ საქართველოს ყვარლის რაიონთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შედეგად, ზოგიერთი ავარიელი აქ დამკვიდრდა და მათი 3000-მდე შთამომავალი დღემდე ყვარლის რაიონში ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები ავარიელები საკუთარი სამშობლოსგან დაშორებულ რაიონში მკვიდრობენ, მათ მყარად აქვთ შენარჩუნებული საკუთარი კულტურა და ტრადიციები, მათ შორის ენა, სამზარეულო, საქორწინო, დაკრძალვის და რელიგიური რიტუალები.
ამინა მაგომედოვა, სარუსოს მკვიდრი, გოგონებს წინადაცვეთას უკვე 20 წლის მანძილზე უტარებს. მას არც კი ახსოვს, რამდენმა გოგონამ გაიარა მის ხელში, მხოლოს ამბობს, რომ „მათი რიცხვი ძალიან დიდია“.„მუსლიმები წინადაცვეთას ბიჭებსაც უკეთებენ და გოგონებსაც. მე მხოლოდ გოგონებს ვუკეთებ“, – ამბობს იგი.
წინადაცვეთისას, ბიჭები რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც მათ ქირურგი მკურნალობს. გოგონების პროცედურა შინაურ პირობებში ტარდება. კლიტორს მათ მაკრატლით კვეთენ, ჭრილობას კი სპირტით ამუშავებენ.
„კლიტორის კიდეზე შავი წერტილია – ჩემი ამოცანაა მისი გაკვეთა. ეს ხელობა დედისგან ვისწავლე. იგი ამ საქმეში გამოცდილი იყო, სოფელში ყველას უტარებდა ამას. პირადად მე პროცედურას უცხო ადამიანს არ ვუკეთებ, მხოლოდ მათთან ვმუშაობ, ვისაც ვიცნობ. ბიჭების საქმე გაცილებით რთულია, აქ ექიმმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს. გოგონებთან დაკავშირებით საქმე მარტივადაა – მხოლოდ გაჭრა. სისხლი მოთქრიალებს, მაგრამ ეს საშიში არაა. მათ მაშინვე შეუძლიათ საცვლის ჩაცმა და წასვლა“, – ამბობს მაგომედოვა.
ამა წლის აგვისტოში, რუსეთში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „სამართლებრივი ინიციატივა“ დაღესტნის რესპუბლიკის ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით მოხსენება მოამზადა, რომლის თანახმადაც, დაღესტანში ათობით ათასი ავარიელი ქალი და გოგონა ქალის წინადაცვეთის პრაქტიკის მსხვერპლია.
ნადია სოფელ სარუსოდან განაწყენებულია იმ აჟიოტაჟზე, რაც ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. „როდესაც ფეისბუქზე კომენტარებს ვკითხულობ, გული მტკივა. ზოგიერთი ადამიანი აბუჩად გვიგდებს. მე მათ ვუპასუხე, რომ ჩვენი ადათებზე მასხრობის ნაცვლად, სჯობს, საკუთარს მიხედონ. მე არ მრცხვენია იმისა, რომ საკუთარ მრწამსს ვიცავ“, – ამბობს იგი.
საიდა სირადიუდინოვას (Saida Siradjudinova), ზემოთხსენებული კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, დაღესტანში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის წარმოშობა უცნობია. „ეთნოგრაფი იური კარპოვი ქალის წინადაცვეთის ადათს პრეისლამისტურ ჩვეულებად მიიჩნევს… ეს მხოლოდ მისი ჰიპოთეზაა. სწორი არ იქნებოდა ამაზე დაყრდნობა, რადგან ეს ჰიპოთეზა ვერ გვიხსნის დაღესტანში ქალის წინადაცვეთის ადათის გაჩენას. ტრადიცია ავარიელებმა საქართველოშიც კი წაიღეს“, – ამბობს საიდა.
რუსული ორგანიზაცია „სამართლებრივი ინიციატივის“ თანახმად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ქალის გენიტალიების დასახიჩრების ოთხი ტიპიდან, დაღესტანში სამი გამოიყენება: კლიტორის გაჭრა, სისხლის გამოშვება, მისი ნაწილის ამოკვეთა, ან მთლიანად კლიტორისა და მცირე სასირცხო ბაგეების ამოკვეთა.
სარუსოში კლიტორის გაჭრის ტრადიცია გამოიყენება, რომელსაც ძლიერი სისხლდენა მოჰყვება. თივსა და ჩანთლისყურეშიკი კლიტორის ზედა კიდესკვეთენ. „იჭრება მცირე ნაწილი, თესლის ფორმისა, რომელსაც ვაგდებთ ხოლმე“, – ამბობს თივის მცხოვრები.
ზარიპატს სამი გოგონა ჰყავს. ორ უფროსს წინადაცვეთა უკვე გაკეთებული აქვს. ზარიპატს ამის გაკეთება არ უნდოდა, მაგრამ მორწმუნე დედამთილმა დაიჟინა, თუმცა შემდეგ ძალიან ინანა. „როდესაც დავინახე, როგორ გულისმომკვლელად ტიროდნენ, ძალიან ვინანე, რაც მოხდა. რა საჭირო იყო ეს? ისინი მუსლიმები ამის გარეშეც იქნებიან“, – ამბობს გოგონების ბებია. „ჩვენს თანასოფლელებს აინტერესებდათ, რატომ არ ვუკეთებდით გოგონებს წინადაცვეთას. ისინი ამბობდნენ, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, რადგან მუსლიმები ხართო. მათ ნებას რომ არ დავყოლოდი, ვიდარდებდი იმაზე, რომ ნამდვილი მუსლიმებივით არ მოვიქეცი“, – ამბობს მუსლიმატი.
„ისინი ამბობენ, რომ წინადაცვეთის შემდეგ ქალი ნაკლებად ტემპერამენტიანია და ცოდვისკენაც ნაკლებად მიდრეკილი“, – აღნიშნავს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ქალი.
მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთი ოჯახი ტრადიციაზე უარს ამბობს. „კი მაგრამ, თუ ქალს ოჯახური ცხოვრების მიმართ ინტერესი არ ექნება, როგორ იცხოვრებს იგი საკუთარ ოჯახში? უბრალოდ ერთად იქნებიან? არა, მე ჩემს გოგონას წინადაცვეთის ოპერაციას არ გავუკეთებ!“, – ამბობს იმანიათი სოფელ თივიდან. მისი ოჯახი მახაჭყალაში, დაღესტანის დედაქალაქში ცხოვრობდა და თივში ორი წლის წინ ჩამოვიდა. მისი მტკიცებით, ქალის წინადაცვეთას ისლამთან ბევრი არაფერი აკავშირებს.
„ერთმა მუფთმა თქვა, რომ ეს ქალის მხრიდან ღალატის თავიდან ასაცილებლად კეთდება. მაგრამ, ამ ღალატისკენ პირველ ნაბიჯს კაცი დგამს. ქალი, სუსტი სქესი, მას ემორჩილება. არსებობს საღმრთო წიგნი – ყურანი, სადაც ნათქვამი არაა, რომ გოგონას წინადაცვეთა აუცილებლობაა“, – ამბობს იმანიათი.
მართლაც, საქართველოს მუსლიმი მუფთი იასინ ალიევი (Yasin Aliyev) აღნიშნავს, რომ ყურანში ქალის წინადაცვეთის აუცილებლობაზე არაფერია ნათქვამი. „ზოგიერთ ქვეყანაში ამას საკუთარ ეროვნულ ტრადიციებთან შესაბამისად აკეთებენ, მხოლოდ არა ისლამური კანონების მიხედვით… შესაძლოა, ქალის გენიტალიების დასახიჩრება ადგილობრივი ავარიელების ლოკალური ადათია, რასაც საერთო არაფერი აქვს საქართველოში მკვიდრი სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი მუსლიმების ტრადიციებთან. გოგონების წინადაცვეთა ავარიელების ეროვნული ადათია, და ეს სულ სხვა საქმეა“, – ამბობს ალიევი.
„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი პაატა იმნაძე ამბობს, რომ გარდა ფსიქოლოგიური ტრავმისა, წინადაცვეთას სერიოზული ფიზიკური რისკები ახლავს თან: „თუ წინადაცვეთის პროცედურა სტერილურ პირობებში არ ტარდება, არსებობს სხვადასხვა დაავადებების: ტეტანუსის, ჰეპატიტის, სისხლის დასნებოვნების, ჩირქოვანი ინფექციების წარმოქმნის მაღალი რისკი. ინსტრუმენტების სპირტით დამუშავება სტერილურობის არანაირ გარანტიას არ იძლევა და ადამიანს მძიმე დაავადებებისგან არ იცავს“, – აცხადებს იმნაძე.
გინეკოლოგი და რადიოლოგი ნინო დათოშვილი ქალის წინადაცვეთასთან დაკავშირებულ დამატებით პრობლემებზე საუბრობს: „კლიტორის მოკვეთა ძალზე სახიფათო ქმედებაა. მას შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს, მაგალითად, სისხლდენა, ნაწიბურების ჰიპერტროფია და შეხორცების პროცესის გართულება. არსებობს ასევე ინფექციების მაღალი რისკი, რომელის შესაძლოა დაჩირქდეს. ნებისმიერი ოპერაცია, სულ უმნიშვნელო და მცირეც კი, სტერილურ პირობებში უნდა ტარდებოდეს“, – აღნიშნავს დათოშვილი.
მაგომედოვა, რომელის სარუსოში გოგონებს წინადაცვეთას უკეთებს, ამბობს, რომ ამგვარი რისკები გაზვიადებულია. „ოპერაციის წინ ალაჰს მივმართავ და ვთხოვ, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდეს. ამდენი წლის მანძილზე, სოფელში არც ერთი გოგონა არ მომკვდარა სისხლის მოწამვლით“, – ამტკიცებს იგი.
მიუხედავად ამისა, გაერო ურყევად აცხადებს, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმაა.
ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელებმა IWPR-ს განუმარტეს, რომ საქართველოში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, და რომ არც ერთმა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციას ამის შესახებ არასოდეს უსაუბრია. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრესსამსახურის თქმით, ქვეყანაში ქალის წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებს.„ჩვენ გადავამოწმეთ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშები, მაგრამ მათში ამგვარი ფაქტები ვერ ვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, ომბუდსმენი მზადაა, ყვარლის რაიონის სოფლებში მონიტორინგი ჩაატაროს და ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდოს“, – განაცხადა მან.