სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა “საფარის” სარჩელი და მე-8 კლასის ბიოლოგიის წიგნში მოცემული დისკრიმინაციული ტექსტები ნარკომომხმარებლებზე და აივ ინფიცირებულებზე ჩასწორდება ომბუდსმენის ზოგადი რეკომენდაციის შესაბამისად.
“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში გვხვდებოდეს ისეთი გამონათქვამები, რომელიც არასწორ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და კონკრეტულ საკითხზე უქმნის მას ისეთ წარმოდგენას, რამაც შეიძლება წაახალისოს სხვათა მიმართ სტიგმის გაძლიერება, კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის ასაკიდანვე. ზოგად წინადადებაში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად სახელმძღვანელოში ცვლილებების განხორციელება არ გამოწვევს სახელმძღვანელოს ავტორთა გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, არამედ იქნება აღნიშნული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური და პროპორციული საშუალება. ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს პირის გამოხატვის თავისუფლებას,
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ამ უფლებით სარგებლობისას გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, კერძოდ, ადამიანმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ისეთი გამონათქვამების გაკეთებისგან, რომელიც შეურაცხმყოფელია და ლახავს სხვათა უფლებებს.
ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ტოლერანტობა და სხვათა თანასწორობისა და ღირსების პატივისცემა არის დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების საფუძველი.20 სწორედ აქედან გამომიდნარე, გარკვეულ საზოგადოებებში შეიძლება არსებობდეს სანქციები ან აკრძალვა ისეთი გამონათქვამების მიმართ, რომელიც ავრცელებს, პროვოცირებას უკეთებს, ახალისებს ან ამართლებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდეგი ზოგადი წინადადებებით, სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე:
ბიოლოგიის VIII კლასის სახელმძღვანელოში ტერმინი „ნარკომანი“ ჩანაცვლდეს ტერმინით „წამალდამოკიდებული“;
სახელმძღვანელოს ტექსტის ფორმულირება შეიცვალოს იმგვარად, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებასთან არ იყოს გაიგივებული;
სახელმძღვანელოში აისახოს ზუსტი ინფორმაცია აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ და მოხდეს აღნიშნული დაავადებების ერთმანეთისგან განსხვავება;
სახელმძღვანელოში აისახოს ზუსტი ინფორმაცია აივ ინფექციისა და შიდსის გავრცელების გზებს შორის განსხვავების და აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ;
ამოღებულ იქნას 2.13 თავის ბოლოს დართული ფოტო;
უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში არ აისახოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წამალდამოკდიებული, აივ ინფექციის და შიდსის მატარებელი ადამიანების მიმართ სტიგმის და სტერეოტიპული დამოკდიებულების წარმოშობა და დისკრიმიანციის წახალისება. გთხოვთ, თქვენ მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მაცნობოთ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის თანახმად”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განათლების მინისტრის მიმართ.
ომბუდსმენის რეკომენდაციის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.