საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
2017 წლის 17 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეზე, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალის სექსუალურ შევიწროებას ეხება. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში კავშირი „საფარი“ წარმოადგენს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შევიწროების/სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის განსაკუთრებულ სამართლებრივ ასპექტებზე და წარმოადგინა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტები და შედარებითი ანალიზი.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დისკრიმინაციის ამ ფორმის მსხვერპლები, როგორც წესი, არიან ქალები, თუმცა, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ისინი უარს ამბობენ დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე. ერთი მხრივ, მსხვერპლისთვის რთულია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო მსხვერპლი თავს არიდებს სხვა პირებთან თუ ორგანიზაციებთან მსგავსი ფაქტების შესახებ საუბარს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხებზე სწორი პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, ვინაიდან ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი, საერთო სასამართლოების პრაქტიკა კი ამ მხრივ ძალიან მწირია.