"საფარის" აქტივობები / "საფარის" საქმეები / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში – იურისტების შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

დღეს, 24 ივლისს, სასტუმრო “იოტაში”, გაიმართა შეხვედრა თემაზე: “სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კერძო ადვოკატები. შეხვედრის მონაწილე იურისტებმა საქართველოს ამჟამინდელ კანონმდებლობაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე
ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალებიც, რომლებსაც ყოფილი ქმრებისა თუ პარტნიორებისგან ძალადობის მძიმე გამოცდილება გააჩნიათ – ნინო თასოშვილი, დეა გოშხეთელიანი, ელენა ბლაგოდარნაია.ელენას ადვოკატმა, “საფარის” იურისტმა ელისო რუხაძემ კომენტარი გააკეთა შსს მინისტრის გიორგი გახარიას ბოლოდროინდელ ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, იგი შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს. რუხაძის თქმით, არასამთავრობო სექტორის მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ხშირად კარნახობს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები, და რომ ეს ბრძანება ადრე რომ ამოქმედებულიყო, ელენა ბლაგოდარნაიას თავს გადამხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაესობა საქართველოში” (PROLoG) და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) მიერ.