სტატიები

სენაკელმა მოსწავლეებმა NASA-ს კონკურსში გაიმარჯვეს

ქართველი მოსწავლეების ჯგუფს დიდი წარმატება ხვდა წილად: მნიშვნელოვანი გამოგონებების წყალობით,  NASA-ში გამართულ კონკურსებზე მათ პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს.

მერვეკლასელებმა სენაკელმა გამომგონებლებმა ლიკა კოკაიამ, ნათია შამათავამ, ალექსი ტყებუჩავამ, გვანცა ჩიქოვანმა და დეა ჩიტაიამ ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტ Cryogenics Challenge-ის ფარგლებში, ნორჩმა ვუნდერკინდებმა ისეთი ჯავშანი შექმნეს, რომელიც სხეულს ან ნივთს მაღალი ტემპერატურისაგან იცავს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მესამე ადგილი დაიკავეს Thermal Design Challenge-ში, რომლის მიზანი ისეთი ჯავშნის შექმნა იყო, რომელიც სხეულს ან ნივთს დაბალი ტემპერატურისაგან იცავს.

პირველად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სენაკელი მოსწავლეები მაისიდან Space Center University-ის სასწავლო პროგრამაში არიან ჩართულნი. Space Center University-ის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობასა და შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა, NASA-ს მუზეუმები და ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. ისინი ასტრონავტ ჯონ დევიდ ფრენსის ბარტოუს (John-David Francis Bartoe) შეხვდნენ, რომელმაც ახალგაზრდა გამომგონებლებს თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და შეხვედრის ბოლოს, ავტოგრაფიანი საჩუქრებიც დაურიგა. NASA’s Johnson Space Center-ის კვლევითი დეპარტამენტის მენეჯერი დოქტორი ბარტოუ გამოჩენილი ასტროფიზიკოსია, NASA-ს STS-51-F-ის კოსმოსური მისიის ეკიპაჟის წევრი.

კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

პროგრამაში მონაწილეობისა და NASA-ში გამგზავრების შესაძლებლობა ახალგაზრდა გამომგონებლებმა ”ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში” გამარჯვების შედეგად მიიღეს. 13 ფინალისტ გუნდს შორის სენაკელი მოსწავლეების გუნდმა Smart Kids პირველი ადგილი პროექტით ”გეოლოგიური საფრთხეები” დაიკავა. პროექტის ფარგლებში, საგანგებოდ მეწყერსაშიში ზონებისათვის, მოსწავლეებმა ხელსაწყო გამოიგონეს, რომელიც სტიქიის მოახლოებას გრძნობს და დარეგისტრირებულ მოსახლეობას სმს-ის სახით შეტყობინებას უგზავნის. „მეწყერის პროგნოზირებადი მეწყერსაშიში ზონებისთვის ხელსაწყო შეტყობინების სისტემას წარმოადგენს. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა საქართველოში მარტივად შესაძლებელია, რაც ცხადია, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის. აღსანიშნავია, რომ აპარატის ანალოგი არ არსებობს. სენაკელი მოსწავლეების მიერ შექმნილმა სენსორულმა აპარატმა უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია მეცნიერთა შორის. მისი უსასყიდლოდ გადაცემა და დანერგვა უკვე განსაზღვრულია ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე“, – ვკითხულობთ „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ „ფეისბუქ“ გვერდზე.