ლგბტქი / პოლიტიკაshe

სერბეთს პირველი ქალი, თან ღია ლესბოსელი პრემიერი ეყოლება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა (Aleksandar Vucic) მთავრობის შედგენა სახელმწიფო მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ანა ბრნაბიჩს (Ana Brnabic) მიანდო.

პარლამენტის მიერ ანას კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ბრნაბიჩი პირველი ქალი იქნება, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ის იქნება ქვეყნის პირველი პრემიერი, რომელიც ღიად ლესბოსელია.

ამ კონსერვატულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მსგავსი რამ სრულიად წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ახლა ევროკავშირში შესვლის იმედის მქონე სერბეთს ამ ფაქტის მოშველიება ქვეყანაში მზარდი ტოლერანტობის დასასურათებლად გამოადგება.

ანა იმ ევროპელი ლიდერების რიგებში მოხვდება, რომლებიც თავიანთ ჰომოსექსუალურ ორიენტაციას არ მალავენ (ირლანდიის პრემიერი ლეო ვარადკარი და ლუქსემბურგის პრემიერი ქსავიე ბეტელი).

სავარაუდოდ, სერბეთის ამჟამინდელ ადმინისტრაციაში პრემიერის როლი ბევრ საკითხში სიმბოლური იქნება, რადგან პრეზიდენტი ვუჩიჩი ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმბოლიზმს რეალური მნიშვნელობა გააჩნია.

 „მჯერა, რომ მას აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ბევრს იმუშავებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა. მას მომავალი პრემიერის სექსუალურ ორიენტაციაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

ბრნაბიჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებაზე მუშაობისთვის მზადაა. „თუ პარლამენტი დამამტკიცებს, მთავრობას მთელი პასუხისმგებლობით და ერთგულებით ვუხელმძღვანელებ და ჩემს სამუშაოს ღირსეულად და სიყვარულით შევასრულებ“, – განაცხადა ბრნაბიჩმა.

თუმცა, ბრნაბიჩის კანდიდატურის წამოყენების გამო, პრეზიდენტმა კონსერვატორების რისხვა დაიმსახურა, მათ შორის მისი მოკავშირეებიც კი არიან. სერბეთის პარლამენტში ვუჩიჩის მომხრეების უმრავლესობას კოალიციაში მისი პარტიის წევრები შეადგენენ. თავად ბრნაბიჩი სერბეთის პროგრესული პარტიის წევრი არ არის.

ანა 41 წლისაა. მას მიჩიგანის ნორტვუდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, და ბრიტანეთის ჰალას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრიტების მაგისტრის ხარიხს ფლობს. სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის პოსტი სერბეთის მთავრობაში მან 2016 წლის აგვისტოში დაიკავა.

 „საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის“ საბაბით, სერბეთში გეი პრაიდების ჩატარება ზედიზედ სამი წლის მანძილზე იყო აკრძალული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2010 წლის ღონისძიებას ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს. 2014-ში, გეი პრაიდმა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების, პოლიციის სპეციალური დანაყოფისა და ჯავშანმანქანების დაცვის ქვეშ ჩაიარა.

წყარო: bbc.co.uk