კიმ კეტროლი (Kim Cattrall), რომელიც მსოფლიომ სერიალით „სექსი დიდ ქალაქში“ გაიცნო, იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომელიც ჰოლივუდში სიმწიფის ასაკს გადაცილებული მსახიობების წინაშე ჩნდება.
სამანტა ჯონსის (Samantha Jones) როლის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ჰოლივუდში ძალზე ძლიერია ასაკობრივი დისკრიმინაცია, ე. წ. „ეიჯიზმი“, და რომ 60 წლის ასაკის ქალებს მხოლოდ ბებიების როლებს სთავაზობენ. „ბებიების როლების შესასრულებლად არ ვარ მზად, – აღნიშნა კიმმა ვიქტორია დერბიშირის შოუში, – სულაც არ მინდა მათი როლების განსახიერება, ვისთვისაც 60 წელი ხანდაზმული ასაკია, რადგან თავს ხანდაზმულად არ ვგრძნობ. 60 წელი დედაჩემის და ჩემ დროს – სრულიად სხვადასხვა რამაა“.
მსახიობმა დასძინა, რომ რადგან თავისი აგენტის წინადადებებზე უარის თქმით გადაიღალა, ძალების მოსინჯვა აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში სცადა. რამდენიმე წლის წინ, იგი პროექტ „მგრძნობიარე კანის“ (Sensitive Skin) პროდიუსერად მუშაობდა.
კეტროლმა ასევე აღნიშნა, რომ „სექსი დიდ ქალაქში“ მას ბევრნაირი კომპლექსის დაძლევაში დაეხმარა. სერიალში მონაწილეობით, მან 40 წელს გადაცილებული ქალების გამხნევება შეძლო და ისინი დაარწმუნა, რომ ამ ასაკში ქალი სექსუალური და მიმზიდველია. „გადაღებების დასაწყისში მეგონა, რომ ამგვარი როლისთვის ზედმეტად ასაკოვანი ვიყავი. თუმცა, მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი, რადგან ჩემმა გმირმა ასაკოვანი ქალის შესახებ არსებული სტერეოტიპი დაანგრია“, – განაცხადა მან.