Audi-ს ჩინური ოფისის პროვოკაციულმა რეკლამამ, რომელშიც ქალები ნახმარ ავტომობილებთან არიან გაიგივებულნი, სოციალურ ქსელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ქალთა უფლებადამცველები გერმანული ავტოკონცერნის წინააღმდეგ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. ეს დიდი დარტყმაა იმ კომპანიისთვის, რომელიც ჩინეთში აქამდე უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა.
ვიდეორგოლის მოქმედება ქორწინების ცერემონიისას ხდება. ცერემონიას სასიძოს დედა წყვეტს. იგი საპატარძლოს უახლოვდება და მას უხეშად „ამოწმებს“: ქაჩავს ცხვირს, უსინჯავს ყურებს, უთვალიერებს პირს. დაბნეული სასიძო დედას ეკითხება, რას აკეთებო, მაგრამ ეს უკანასკნელი მას უხეშად იშორებს.
საბოლოო ჯამში, სადედამთილო ქორწინების ნებართვას იძლევა, რის შემდეგაც ახალგაზრდები შვებით ამოისუნთქავენ. მაგრამ, შვება მხოლოდ დროებითია. ქალი კვლავ განაგრძობს სარძლოს უბოდიშო თვალიერებას. მისი მზერა ამჯერად პატარძლის მკერდზე ჩერდება, რომელიც იძულებული ხდება, დეკოლტეზე ხელები აიფაროს. ამის შემდეგ, კადრში ჩნდება მოძველებული Audi Q5, წარწერით: „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააზრებულად უნდა მიიღო“.
რეკლამის მიზანი ვიზიტორების მოზიდვა იყო იმ ვებგვერდზე, სადაც Audi-ს ნახმარი ავტომობილები იყიდება. ვებგვერდი Audi-ს ოფიციალური დილერის მხარდაჭერით არის შექმნილი.
თუმცა, ჩინელ მაყურებელს რეკლამის ავტორთა კრეატივი სულაც არ მოეწონა. ტვიტერის ჩინური ანალოგის, Weibo-ს მომხმარებლებმა ვიდეორგოლს სექსისტური და საზიზღარი უწოდეს. ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი მოითხოვა, რომ ქალის მეორად ავტომობილთან წარუმატებელი შედარების გამო, ავტომწარმოებელს ბოდიში მოეხადა. სოციალური ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა Audi-ს ბოიკოტირება უკვე შეძენილ მანქანებზე უარის თქმითაც კი მოისურვა.
ერთ-ერთი ჩინელი მომხმარებელი აცხადებს, რომ კომპანიის ვიდეორგოლი ჩინეთში ქორწინების ინსტიტუტს აკნინებს: „რეკლამაში იგულისხმება, რომ ჩინელ ქალებსა და კაცებს შორის არსებული რომანტიკული ურთიერთობები შემდეგნაირია: დომინანტი დედამთილი, დაჩაგრული ქმარი და პასიური ქალი… გაბედავს კი Audi მსგავსი დისკრიმინაციული რეკლამის გაშვებას ევროპაში ან აშშ-ში?“, – კითხულობს იგი.
გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც რეკლამაში მხოლოდ ჯანსაღი იუმორი დაინახა: „ეს შეურაცხმყოფელი არაა, ეს სასაცილოა! ადამიანებმა თავიანთი ენერგია ქალთა მიმართ განხორციელებულ რეალური დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ უნდა მიმართონ“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. „Audi-ს ოფიციალური რეკლამა რეალურ სიტუაციას გვიჩვენებს, და ბევრი მნახველი ამაში ვერაფერს ხედავს სასაცილოს. გარდა ქალის ობიექტივიზაციისა, ვიდეორგოლში ნათლადაა ნაჩვენები კომპანიის თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ჩინელი კლიენტები მხოლოდ ასეთ ვიდეორგოლებს იმსახურებენ“, – უპასუხეს მას ოპონენტებმა.
„აქამდე Volkswagen გვყავდა, ქმარი Audi-ს შეძენას გეგმავდა, – წერს Weibo-ს ერთ-ერთი მომხმარებელი, – ახლა ვხედავ, რომ საერთოდ წარმოუდგენელია Audi-ს შეძენა. ეს კომპანია დანჯღრეულ ავტომობილებზე ჩინეთში სასწაულ მოგებას ნახულობს, ახლა კი ასეთი ვულგარული რეკლამის გამოშვება გადაწყვიტეს. სირცხვილი შენ, აუდი!“.
თავდაპირველად, Audi-ს წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, შემოფარგლულიყვნენ განმარტებით, რომ სარეკლამო ვიდეორგოლი აზიელმა მარკეტერებმა გადაიღეს, და რომ ამჟამად კომპანიის მთავარი ოფისი ყურადღებით შეისწავლის მას. სულ მალე, USA Today-ს ჟურნალისტმა ნათან ბომიმ (Nathan Bomey) განაცხადა, რომ ჩინეთში ტრანსლირებული სექსისტური რეკლამის გამო, კომპანია ბოდიშს იხდის“. კონცერნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვიდეორგოლი არ ასახავს იმ ღირებულებებს, რისი ერთგულიც კომპანიაა.