სვანი ქალების ყოველდღიურობის დეტალები მეოცე საუკუნის დასაწყისში, ფრაგმენტი „ძველი საქართველოდან“ (საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული, ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით, ტომი მეორე, ტფილისი, 1913 წელი).
თავი VII, ოჯახის ზნე-ჩვეულებანი და სხვა ეროვნული თვისებანი
უპირველესი ადგილი ოჯახის ზნე-ჩვეულობაში უჭირავს სიყვარულს. სიყვარული მამაკაცთა და დედაკაცთა შორის ერთობ გავრცელებულია; მაგრამ ეს სიყვარული ქმარსა და ცოლს შუა ისრე გავრცელებული არ არის. ქალები უფრო სხვებს ეტანებიან და კაცებიც ამასვე სჩადიან. გასათხოვარი ქალი ძვირათ შეინახავს თავის უბიწოებას გათხოვებამდის. ასეთ შემთხვევას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ქალს, როცა მომწიფებული შეიქნება, თუ მანამდის არ არის დანიშნული, ნიშნავს ვინმე ახალ-გაზრდა. აი, ამ დანიშვნას შემდეგ არც ქალს შეუძლია სხვას გაჰყვეს და არც კაცს შეუძლია სხვა ითხოვოს, რადგან ესეთი შემთხვევა დიდ შუღლს და მტრობას იწვევს. საერთოთ უნდა აღვნიშნოთ, რომ გარყვნილობა ერთობ გავრცელებულია. დედაკაცებს იმდენი პატივი არ აქვს, რამდენიც მამაკაცებს; დედაკაცი სრული მონაა მამაკაცისა. ეს მით უნდა აიხსნას, რომ საცოლოს მამაკაცი ყიდულობს, რისთვისაც იხდის სამას მანეთამდე ღირებულს: ან მიწით, ან პირუტყვით, ან სხვა რამე ნივთეულობით. ცოლის პატიოსნებას და უმანკოებას ბევრათ არ აფასებენ: თუ თვით არ დაესწრო ქმარი ცოლის უპატიოსნობას სხვა კაცთან, ისრე კიდეც რომ გაიგოს, არაფრათ აგდებს და თითქმის მთქმელზე უფრო ჯავრი მოსდის, ვიდრე თავის ცოლზე.
აქა-იქ შეხვდება კაცი, რომ სვანს ორი ცოლი ყავდეს: ერთი მათგანი კანონიერია, ხოლო მეორე უკანონო. ხშირად კანონიერ ცოლს გააგდებს სვანი, რისთვისაც ცოლის ნათესავებთან მტრობა აქვს ამის გამო, და მოჰყავს სხვა. სვანებს ძლიერ ეზარებათ, ჯვარ-დაუწერლად დარჩენა; ამიტომ როცა მღვდელს არ შეუძლია კანონით ჯვარი დასწეროს, ისინი მიდიან ძველ პაპებთან და ისინი სწერენ ჯვარს… ცოლის სყიდვა ახლაც უცვლელათ არის შემონახული ხალხში. სასიძომ უსათუოთ უნდა ჩაუტანოს საცოლოს დედ-მამას სასყიდელი. ხშირად იციან ის, რომ თითო წლის ბავშვებს დანიშვნენ ქალისა და ვაჟის მშობლები ერთმანეთის თანხმობით, რისთვისაც სასყიდელსაც მიიღებს ქალის მშობელი. მოვლენ თუ არა დანიშნულები სრულს ასაკობაში, თუ მოეწონათ ერთმანეთი, შეუღლდებიან კანონიერათ და თუ არა და, რომელიმე მათგანი სტოვებს მეორეს, რისთვისაც დატოვებულის მშობლები და ნათესავები შეურაცხყოფას არ ითმენენ და მოპირდაპირის სისხლით მოიბანენ ხოლმე.
***
ვინაითგან თავისუფალ სვანეთში ქალები გათხოვებამდის არ ინახავენ თავის უბიწოებას, იმისათვის რომ შვილი არ ეყოლოთ, ხმარობენ სხვა-და-სხვა ზომებს; ხშირათ სვამენ ისეთ წამალს, რომელიც სამუდამოდ უსპობს ნაყოფს. ფეხ-მძიმე ქალს გარეგანის ნიშნებით ხშირათ ატყობენ ვაჟი ეყოლება, თუ ქალი: თუ ქალი გაწითლებულია ფეხ-მძიმობის დროს – იმ შემთხვევაში ქალი შეეძინება და თუ გაფითრებული და ფერმიხდილია – მაშინ კი ვაჟი. მშობიარობის დროს ქალს ცალკე ოთახში აწვენენ, ხშირათ დარბაზში, სადაც თივას ინახავენ ან და სხვა ადგილას; მშობიარობის დროს არ ესწრება ქმარი. აქ მხოლოთ არის ან ერთი ან ორი გამოცდილი ქალი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ბებია. ქალი რომ განთავისუფლდება, მოუწოდებენ მღვდელს და სახლს აკურთხებინებენ. მშობიარობის სამი-ოთხის დღის შემდეგ ქალი დგება ლოგინიდან და მუშაობს საოჯახო საქმეებს. ორმოცის დღის შემდეგ სვანი მიდის მოძღვართან და აკითხებს გასაწმენდ წიგნს. ტანისამოსის უსუფთაობის და სიბინძურის გამო, ხშირათ მშობიარობის შემდეგ ქალს უჩნდება ანთება (Родильная горячка), რის გამოც ბევრი იხოცება. მშობიარობის დროს ავათმყოფს ბევრი არაფერი მოვლა აქვს, თითქმის მშობიარის საჭმელიც არ განსხვავდება კარგათ მყოფისგან. ბავშს სახელს არქმევენ ან ბაბუისას ან რომელიმე მახლობლის ნათესავისას. დედა ან ძიძა ბავშს აწოვებს ძუძუს ორ წლამდე; აქ ბევრათ არ არჩევენ დედის ან ძიძის ძუძუს. ბავშები იმავე ტანსაცმელს ხმარობენ, რასაც დიდები.
ასაკობის დროს ერთობ გახშირებულია ქალ-ვაჟთა შორის არშიყობა. უფრო შესაფერ და თავისუფალ დროს ქალ-ვაჟნი გაზაფხულზე და ზაფხულში პოულობენ ტყეში, სადაც ან მწყესათ არიან, ან სათიბავათ და ან სხვა რამე საქმეზე. ვაჟები ხმარობენ რაღაც წამლებს, ვითომდა ქალების გულის მოსაჯადოებელს. როცა ქალიშვილს პირველათ მოსდის თვიური ანუ რიგი, მაშინ იმას შინ არ აყენებენ და გზავნიან ისეთ შენობაში, სადაც ადამიანი არა სცხოვრობს. როცა თვიური (რიგი) გაივლის, ნაკურთხის წყლით ასხურებენ და მერმე უშვებენ სახლში. ამას იმისთვის შვრებიან, რომ ამ დროს ქალებს, როგორც უწმინდურს, ისე უყურებენ. აგრეთვე ექცევიან გათხოვილ ქალებს.
თავისუფალ სვანეთში ყოფილა წინათ ჩვეულებათ ახალ-დაბადებულის ქალის მოკვლა, რისთვისაც, მათის რწმენით, შემდეგში ღმერთი ვაჟს მისცემდათ. ამ საზიზღარმა ჩვეულებამ იკლო თან-დათან, მას აქეთ რაც მართლმადიდებლობის აღმადგენელმა საზოგადოებამ დანიშნა კანონიერი მღვდლები (მანამდის პაპები იყო) და ეხლა ამ უკანასკნელ დროს თითქმის სრულიათ მოეღო ბოლო, მხოლოდ აქა-იქ მიყრუებულ ადგილას კიდევ ასრულებენ თურმე, მაგრამ ძლიერ ფარულათ, რომ მთავრობამ არ გაუგოს…
***
რაც შეეხება მხიარულებას და მოწყენას, სვანი ორშივე მგრძნობიარეა და ადვილათაც ამტანი; არ ვიცი, ეს მგრძნობიარობა გარეგნულია, თუ ბუნებრივი, ხოლო ეს აშკარაა, რომ, როცა სვანს ვინმე მოუკვდება, ის, სანამ მკვდარს დაასაფლავებდეს, ერთობ სწუხს და ტირის, ხოლო როცა დაასაფლავებს, მეორე დღეს მწუხარების ნიშანი გამქრალია. როგორც სიცილი, ისრე ცრემლი ადვილათ მოსდის სვანს მის სურვილისამებრ. როცა ერთი მეორეს შეხვდება ან ლხინში ან გზაში, თუ ორის-სამის დღის ერთმანეთის უნახავნი არიან, ჰკოცნიან ერთმანერთს. აგრეთვე იქცევიან, როცა ერთმანერთს ეთხოვებიან. კოცნა და ხელის მოხვევა ქალსა და კაცს შორის არამც თუ არ არის აკრძალული, არამედ უფრო გავრცელებულია. საუცხოვო სურათს წარმოადგენს, როცა ან ტირილი, ან ქორწილი, ან სხვა რაიმე წვეულობა თავდება: მთვრალი კაცები ეხვევიან ქალებსა და კოცნიან, სანამ არ მოსწყინდებათ. ხშირათ ორჯერ-სამჯერ მიუბრუნდებიან ერთმანერთს საკოცნავათ, თითქოს ეზარებოდესთ ერთმანერთის დაშორება; ქმარი, ძმა, ან სხვა რომელიმე ნათესავი იქვე ახლოს დგას და უყურებს, როგორ კოცნის სხვა, მხოლოთ დაუძახებს: „წამოდი აწი, დაგვაგვიანდაო“ და მეტი არაფერი…
***
დობილობა და ძმობილობა ხშირი არ არის სვანეთში და თუ არიან ძმობილები და დობილები, ისინიც ვერ ინახავენ პატიოსნათ დობილობას და ძმობილობას. დედობილობა, მამობილობა და შვილობილობა ერთობ ხშირია, მაგრამ ვერც ეს არის პატიოსნათ შენახული. სახელათ მიაჩნიათ ახალ-გათხოვილ ქალებს, რომ ახალ-გაზრდა ყმაწვილი შვილობილათ მოიკიდოს; ამას იკვეხის ის თავის ტოლებში, რომ მე ესეთი და ესეთი ჯიელი შვილობილი მყავსო. საზოგადოთ რავდენათაც ხალხი განათლებული და განვითარებულია გონებრივათ, იმდენათ არშიყობა და სხვა მისი შედეგი უფრო გავრცელებულია; ხოლო ხალხი რავდენათაც სწავლა-განათლებაში ჩამორჩენილია, იმდენათ არშიყობა ფარულია და ქალების გათხოვებამდის მათი უმანკოება დაცულია წმინდათ. წინააღმდეგ მოვლენას წარმოადგენს აქ თავისუფალი სვანეთი. აქ ქალების გათხოვებამდის მათი უმანკოება არ არის პატიოსნათ დაცული; ხშირად ქალიშვილი ქალი თავის მეძაობაში ისრე აშკარაა, რომ დიდათ არ გაირჩევა როსკიპის და „დიდის ოჯახის“ ქალებისგან.