სექსუალური შევიწროება

სკანდალი Uber-ში: გათავისუფლებები სექსუალური შევიწროების მიზეზით

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტაქსის სერვისმა Uber-მა, შევიწროების საქმის გამოძიების შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

საქმესთან დაკავშირებული გამოძიება ფირმა Perkins Coie-იმ აწარმოა. მან 215 პრეტენზია შეისწავლა, მათ შორის შევიწროებასა და დისკრიმინაციაში ბრალდებები. 100 საჩივარზე არანაირი ზომა არ იქნა მიღებული, თუმცა კომპანიამ 20 თანამშრომელი გაათავისუფლა. თავად Uber ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

Uber-ში შევიწროების საქმეების გამოძიება ამა წლის თებერვალში დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა სიუზან ფაულერმა (Susan Fowler) თავის ბლოგზე პოსტი დაწერა კომპანიაში არსებულ სექსიზმსა და სექსუალურ შევიწროებაზე. სიუზანის თქმით, სამსახურში მისვლის პირველივე დღიდან, ზემდგომი თანამშრომლისგან სექსუალური ხასიათის წინადადებებმა გაიჟღერა. როდესაც მან ამის გამო კადრების განყოფილებას მიმართა, იქ უპასუხეს, რომ „მართალია, თანამშრომლის წინადადებაში სექსუალური შევიწროება იკვეთება, მაგრამ იგი პერსპექტიული კადრია, რის გამოც მის მიერ ჩადენილ დარღვევებზე კომპანია თვალს დახუჭავს (სხვათა შორის, ეს შემთხვევა მისთვის პირველი არ იყო).

გარდა ამისა, ფაულერმა ისიც აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა მას იმის შესახებ უამბეს, რომ მათთან სექსიზმი და სექსუალური შევიწროება ძალზე ხშირად ხდება.

Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის კალანიკმა (Travis Kalanick) პირობა დადო, რომ დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით ძირფესვიან გამოძიებას ჩაატარებს და დამნაშავეებს სამსახურიდან დაითხოვს. ამის შემდეგ, კომპანია აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის (Eric Holder) სახელზე შესული საჩივრების დამოუკიდებელ განხილვას შეუდგა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპანია Uber-ში 12 ათასი ადამიანი მუშაობს. მონაცემების თანახმად, თანამშრომლების 36% ქალია.