3 ნოემბერს, 13 საათზე, სასტუმრო სტამბას საკონფერენციო სივრცეში, სომხურ-ქართულენოვანი საინფორმაციო პლატფორმა ‘’განძის“ პრეზენტაცია გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარი”, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით ხელს უწყობს ქალებისა და გოგონების მიმართ არსებული საზიანო პრაქტიკების პრევენციას და რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ეთნიკურ უმცირესობებში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა სომხურ-ქართულენოვანი საინფორმაციო პლატფორმა “განძი”.
„განძი” თანასწორობის, სოლიდარობის, ურთიერთდახმარებისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული ონლაინ პლატფორმაა, რომლის მიზანიც საქართველოში მცხოვრები ადამიანების ამ იდეების ირგვლივ გაერთიანებაა.
პლატფორმა მიზნად ისახავს, საქართველოს სომხურენოვან მოსახლეობას, განასაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ადამიანის უფლებებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საზიანო პრაქტიკებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მიაწოდოს ინფორმაცია ქართულ და სომხურ ენებზე.
პლატფორმა შეიქმნა პროექტის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული საზიანო პრაქტიკების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას გახსნიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე და ,,საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია. პლატფორმას წარადგენენ ,,საფარის“ პროექტების მენეჯერი ნათია გვრიტიშვილი, ბლოგერები მიკო შახდინარიანი და გოარ აღჯოიანი.