სტატიები

სოჩიტლ გვადალუპე კრუს ლოპესი – პატარა გამომგონებელი მექსიკიდან

ქალებს, მაშინაც კი, თუ ისინი 8 წლისანი არიან, ყველა იმ სფეროში შეუძლიათ წარმატების მიღწევა, რომლებიც ტრადიციულად “კაცურად” მიიჩნევა.

სოჩიტლ გვადალუპე კრუს ლოპესს 2018 წელს მექსიკის უდიდესი უმაღლესი სასწავლებლის პრიზი გადაეცა, წყლის ხელნაკეთი გამაცხელებლის მეორადი გამოყენების მასალებისგან აწყობისთვის.

გვადალუპე პირველი ბავშვია, რომელმაც მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის ფაკულტეტის პრემია მიიღო. იმ დროისათვის, იგი მხოლოდ 8 წლისა იყო.

ლუპეს მშობლები ამბობენ, რომ გოგონა ფიზიკით ყოველთვის იყო დაინტერესებული და ცდების ჩატარებას არ უშინდებოდა. ჩიაპასის შტატში მცხოვრები კრუს ლოპესი უკვე 4 წელია, გამოგონებებზე მუშაობს, მაგრამ მას ძალიან აბრკოლებს ის ფაქტი, რომ მისი ოჯახი სოფლად ცხოვრობს და ეკონომიკური რესურსები არ გააჩნია. გოგონას მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ სოფლად მცხოვრებ ხელმოკლე მოსახლეობას ცხელ წყალზე წვდომა ჰქონდეს.

მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი დანადგარი კრუს ლოპესების ოჯახის სახლის სახურავზე განთავსდა. მისი თვითღირებულება 200 პესოა , ანუ 11 დოლარამდე. დანადგარის შესაქმნელად გამოყენებულია რეზინის მაერთებლები, მინის პანელები და ხის რამდენიმე ნაფოტი. მართალია, დანადგარი დღე-ღამეში ჯერჯერობით მხოლოდ 10 ლიტრ წყალს აცხელებს, მაგრამ ლუპე მისი წარმადობის გაზრდაზე მუშაობს. ნორჩმა გამომგონებელმა აღნიშნა, რომ პროექტი მის სოფელში ფინანსურად ხელმოკლე ადამიანებს შეშის გამოყენების ეკონომიაში დაეხმარება.

“დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები წყლის გამაცხელებლებს ვერ ყიდულობენ, ამიტომ, შეშის მოსაპოვებლად, ხეებს ჭრიან. ეს ყველაფერი გარემოზე მოქმედებს და კლიმატს ცვლის. ჩემი გამათბობელი მეორადი მასალებისგანაა დამზადებული და გარემოს არ ვნებს”, – აღნიშნა ლუპემ.

მისი მაგალითი დიდი სტიმულია სხვა გოგონებისთვისაც, რომლებიც მეცნიერებაში საქმიანობას აპირებენ.

მათ კი, ვინც ლუპეს ასაკითაა გაოცებული, გოგონა შეახსენებს, რომ სინამდვილეში, ამ საქმის ვეტერანია: ჯერ მხოლოდ 4 წლისა იყო, როდესაც სამეცნიერო კონკურსებში მონაწილეობდა.

წყარო: gucmakale.com