ბლოგები

„სტანდარტები“, რომელსაც თავს გვახვევენ

თიკო კვალიაშვილის ბლოგი

როდესაც პატარა ვიყავი, ჩემთვის სიტყვები „მახინჯი“ და „ულამაზო“ არასრულფასოვან რაღაცებთან ასოცირდებოდა. რვა თუ ცხრა წლის ვიყავი, კლასელი ბიჭის მამა გვესტუმრა სახლში, რათა მისი შვილის დაბადების დღეზე ოფიციალურად მივეპატიჟე. კლასში ერთი გოგონა გვყავდა – ჭორფლიანი, ბიჭურად შეკრეჭილი თმით და გამხდარზე გამხდარი, რომელიც ხელმოკლე და მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. როდესაც გავიგეთ, რომ დაბადების დღეზე მის გარდა ყველანი ვიყავით მიპატიჟებულნი, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვა: რატომ არ იყო სიაში ეს გოგონა?

ამ კითხვის გაგონებაზე, კაცმა ზიზღიანად დამანჭა სახე და ცივად გამოსცრა, მაგ მახინჯს და ბინძურს რა უნდა ჩემი შვილის დაბადების დღეზეო?!

იმ მომენტში პირველად ვიგრძენი, რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც რიგი მიზეზების გამო რიყავენ, იქნება ეს სოციალური ფონი, გარეგნობა, იმიჯი თუ სხვა მრავალი. დაბადების  დღეზეც ვიყავი, ტორტიც მივირთვი და ბევრიც ვითამაშე, მაგრამ რაღაც მღრღნიდა შიგნიდან: ის, რომ ამ ყველაფერს მოაცილეს და არ მიიღეს, რომ თურმე „ჩვენი წრის“ შესაფერისი არ იყო.

ოჯახს არასოდეს დავუყენებივარ არჩევანის წინაშე, ვისთან უნდა მქონოდა ურთიერთობა და ვისთან არა, მაგრამ სხვებს, ნაცნობებს თუ ვითომ ახლობლებს, ბევრჯერ უთქვამთ: „ამასთან ნუ მეგობრობ, ავადაა“, „ამას ახლოს არ გაეკარო, დედამისზე ცუდი ხმები დადის და შენი ოჯახის სირცხვილია ასეთი ოჯახის შვილთან მეგობრობა“… ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი მსგავსი ფრაზა გამიგია ვითომ „კეთილმოსურნეებისგან“. ისინი ბავშვობიდანვე ცდილობდნენ, რიგ ადამიანებთან მიმართებით კედელი აეშენებინათ, რომ მათ არ გავკარებოდი და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ შემცოდებოდა. ეს ადამიანები მინერგავდნენ შიშს „ლოთების“, „გონებრივად შეზღუდულების“ მიმართ, რომლებიც რეალურად ძალიან კეთილები და უწყინრები იყვნენ საზოგადოებაში, ასევე, ზიზღს და სიძულვილს სექს მუშაკებთან მიმართებით. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმ დრომდე, სანამ ამ უკანასკნელებს მივიღებდი და რაღაც ჯოჯოებად არ წარმოვიდგენდი, რომლებიც „პატარა ბავშვებსაც რყვნიან“, თუკი ახლოს გაეკარე.

13-14 წლის ვიყავი, ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად მეტროში ვიჯექი. ჩვენ წინ, მამაკაცთან ერთად, ქალი იჯდა, რომელსაც უზარმაზარი, დაბურულმინებიანი სათვალე ეკეთა. ძალიან მშვიდი და ურეაქციო სახით იჯდა. მეგობარს გადავულაპარაკე ირონიულად, მეტროში მზის სათვალით სიარული რა პროვინციელობაა-მეთქი. იმანაც რაღაც ანალოგიურით მიპასუხა და ორივეს დამცინავი სიცილი აგვივარდა. ქალი ისეთივე მშვიდი სახით იჯდა, როგორითაც დაგვხვდა. რამდენიმე სადგურის შემდეგ, იგი კაცს ხელზე დაეყრდნო და გასასვლელისკენ გაჰყვა. მაშინ მივხვდით, რომ სათვალის ტარების მიზეზი უსინათლოობა იყო. ისე შეგვრცხვა, ერთმანეთს თვალებში ვერ შევხედეთ.

იმ მომენტიდან მივხვდი, რომ არ შეიძლება ადამიანის დაცინვა და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამორალური საქციელია. ფაქტია, რომ ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვქვს სასწავლი. გარდატეხის ასაკში 15 კილო მოვიმატე, რამაც ძალიან დამთრგუნა. თავი ყველაზე მსუქანი და მახინჯი მეგონა. ახლობლებიც ხშირად აღნიშნავდნენ,  თუ როგორ გავსუქდი და წონაში მომატებამდე რა სიმპათიური და ლამაზი ვიყავი. წლები დამჭირდა, ეს ყველაფერი  მსუბუქად აღმექვა და მესწავლა ჩემი სხეულის სიყვარული ისეთივე სახით, როგორითაც გამაჩნდა.

ის კი, რაზეც ახლა უნდა ვისაუბრო, სულ რამდენიმე თვის წინ შემემთხვა. მყავს კავკასიური ნაგაზი, რომელიც დაბადების დღიდან ჩემთან იზრდება. მოკლედ, კინოლოგიურ აღზრდაში დავუშვი შეცდომა, რის გამოც ძაღლმა სახეზე მიკბინა.  რვა ნაკერი დამადეს. იმ პერიოდში ერთი ადამიანი მომწონდა და ჩემი პირველი რეაქცია, როდესაც გავიგე, რომ სახეზე ნაიარევი დამრჩებოდა, იყო ის, მოვეწონებოდი თუ არა მას ასეთ მდგომარეობაში. პირველი წამები იყო საშინელი: სტრესი, აღშფოთება, რომ საკუთარმა უსაყვარლესმა ძაღლმა ასე გაგიმეტა, ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადავიტანდი ჩემთვის ამ მძიმე პერიოდს, როგორ ვისწავლიდი ნაიარევით ცხოვრებას. თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ. ზუსტად რამდენიმე წუთში ავიყვანე თავი ხელში და სახეზე რვანაკერდადებულმა დავიწყე ბრძოლა საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად.

ჩემი ნაიარევი ბევრში სიბრალულს, ხოლო ზოგში შიშსაც კი აღძრავდა. „თითქოს არაფერი მომხდარა შენს ცხოვრებაში, – ჩავჩიჩინებდი ჩემს მეს, – ისევე შეგიძლია იარო გარეთ, ნახო მეგობრები, იცეკვო, იცინო და იყო ბედნიერი. არავის აქვს უფლება, აგიკრძალოს ეს ყველაფერი იმის გამო, რომ შენი ნაკერიანი სახე დისკომორტს უქმნის“.

ისეთივე აქტიური ცხოვრება განვაგრძე, როგორც მანამდე. ისევე ვდებდი ჩემი სახის ფოტოებს სოციალურ ქსელში, როგორც ადრე, თვით გაცნობის გვერდებზეც კი, რადგან მაინტერესებდა, ასეთი თუ დავაინტერესებდი ვინმეს. დავდიოდი საშოპინგოდ, ბარებში და იმაზე ვწუწუნებდი, ნაკერებს როდის მომხსნიან, რომ ცეკვაც შევძლო-მეთქი. როდესაც  შეწუხებული და სიბრალულით გამსჭვალული ტონით მეკითხებოდნენ შემხვედრი ნაცნობები, თუ როგორ ვარ და რა მეშველება, „შრამი“ რომ მრჩება სახეზე, ღიმილით ვპასუხობდი, რომ კარგად ვიყავი და სრულიად არ მანაღვლებდა შრამი, რომელიც, ჩემი აზრით, მომიხდებოდა კიდეც.

უმეტესობას აოცებდა ჩემი უდარდელი ტონი, უმეტესობა კი მეუბნებოდა, რომ ძლიერი ვარ. ცხოვრებაში თითოეული დარტყმა კი არ განადგურებს, არამედ გაძლევს ძალას, რომ შენი თავი კიდევ ერთხელ გამოსცადო, გამოსცადო გამძლეობასა და  რაღაც დოზით სიმამაცეში. ალბათ, ცოტათი მამაციც ვიყავი, როდესაც ბევრისთვის დამახინჯებული სახე არ დავმალე და ვაიძულე საზოგადოება, ასეთი მივეღე. ზოგმა ეს ყველაფერი თავის შეცოდებად მიიღო, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ცდებოდნენ. ჩემი ნაიარევი ხომ დროებითია?

რამდენი ადამიანია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე, საზოგადოებისთვის მიუღებელია და წნეხის ქვეშ ცხოვრება უწევს, იქნება ეს გარეგნული ფაქტორების, მსოფლმხედველობის თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო. მარტო სილამაზის თავს მოხვეულმა სტანდარტებმა რამდენი ადამიანი ჩაკეტა და თავი შეუხედავად აგრძნობინა მხოლოდ იმის გამო, რომ სტანდარტებში ვერ ჩაჯდა. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს… სტანდარტები ყოველთვის აქცევდა ადამიანებს ჩარჩოებში. სრულიად არ მინდა გრძელფეხება დიდმკერდიანი გოგონა ვიყო. ვფიქრობ, რომ ჩემი 1.60 სიმაღლით, დიდი ლოყებით და 74 კილოთი ბევრად განსხვავებული და ინდივიდუალური ვარ და ვაიძულებ ყველას, ასეთად მიმიღოს. დიახ, მიმიღოს და არ მაიძულოს ამის გამო, თავი შეუხედავად ვიგრძნო.

მჯერა, დადგება დრო და ერთმანეთს მივიღებთ ისეთებად, როგორებიც ვართ. მანამდე კი, მინდა მივმართო ყველა გოგოსა თუ ბიჭს, კაცს თუ ქალს: შეიყვარეთ და გეამაყებოდეთ თქვენი თავები ისეთი, როგორებიც ხართ. მერწმუნეთ, ყველანი საუკეთესონი ხართ!