სექსუალობა / სტატიები / ქალზე ძალადობა

სხეულის აღქმა სპორტში: საამაყოსა და სამარცხვინოს მიჯნაზე

სხეულის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემა სპორტში განსაკუთრებით რთულია: აქ სხეულის იმიჯის საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტულ პარამეტრებთან თანხვედრა-აცილებაზე დისკუსია მუდმივად აქტუალურია. body image-ის აღქმის გავრცელებული თვალსაზრისით, სპორტი ბოდიპოზიტივის იდეას სრულიად ეწინააღმდეგება: თითქოს ბოდიპოზიტივის ინტერესის სფეროში მხოლოდ არასპორტული გარეგნობის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც „საკუთარ გარეგნობაზე მუშაობა“ არ სურთ, ხოლო სპორტის მოყვარულნი კუნთების დაყენებაზე გადარეული ნამდვილი ფიტნეს ფაშისტები არიან. სინამდვილეში, სპორტი მხოლოდ ჯანსაღი სხეულის აპოლოგია არ არის. ეს მთლიანი სამყაროა, სადაც სხეულის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულებები ყალიბდება. აქ სხეული არა იმდენად გარეგნობის თვალსაზრისით აღიქმება, რამდენადაც თვითგამოხატვის, მუშაობის, განვითარებისა და კვლევის ჭრილში. გარეგნული მშვენიერება მის გარეგნულ მხარეშიც იმალება, რომელიც დროდადრო სპორტისგან შორს მყოფი ადამიანებისთვის უჩვეულო აღსაქმელია.

ერთი მხრივ, სპორტი სასტიკ სტანდარტებს გულისხმობს, მეორე მხრივ კი თავისთავად ეს სტანდარტები არა ყოველთვის და არა სრულიად მოიცავს გარეგნობას. ისინი არსობრივად თამაშის საყოველთაოდ მიღებულ წესებს ემორჩილება: „სწრაფად, მაღლა, ძლიერად“. ვთქვათ, სპორტსმენს წინ თუ მარათონი ელის, იგი აწესრიგებს კვების რეჟიმს, თანდათანობით ზრდის დისტანციას და შესაბამის ვარჯიშებს გადის. მოკლედ, სხეული თანხვედრ კონდიციაში მოდის, ზედმეტ კილოგრამებს არა „სილამაზისთვის“ იცილებს, არამედ – საქმისთვის. როდესაც ფაუერლიფტინგში გამოდიხარ, თანდათანობით ზრდი დატვირთვას და კუნთებს, ხოლო გარშემომყოფთა აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად „ქალურად“ გამოიყურება შენი ხელები და წელი, ნამდვილად ნაკლებად გაინტერესებს.

სპორტსმენის მოთხოვნა საკუთარი სხეულისა და გარეგნობის მიმართ სპორტის ამა თუ იმ სახეობის თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ეს ორგანიზმის ფიზიკურ შესაძლებლობებს უკავშირდება და შედეგიანობის სხვადასხვა კრიტერიუმებს აწესებს. ყველგან ინდივიდუალური კანონები და ფორმებია მიღებული. ჭიდაობასა და ძიუდოში, მაგალითად, გარკვეული წონითი კატეგორიები არსებობს, რაც სრულიად განსხვავდება სპრინტერების სარბენი დისტანციის სტანდარტისგან. ამ ყველაფერს ძალზე მცირე რამ აქვს საერთო სილამაზის საზოგადო სტანდარტებთან, რაც სპორტის გარე სივრციდან მოდის. ახლახან, მექსიკელი ტანმოვარჯიშე ალექსა მორენოს (Alexa Moreno) გარეგნობა სოციალურ ქსელებში ბოდიშეიმინგური თავდასხმების სამიზნედ იქცა – იგი ღორს შეადარეს. ტანმოვარჯიშის სხეულის მკვრივი აგებულება მას დისციპლინაში კოლეგებისგან გამოარჩევს, თუმცა მორენოს სულაც არ უშლის ხელს წარმატების მიღწევაში.

სპორტში სხეულის ტრანსფორმაცია არა მიზანი, არამედ საშუალებაა, მიზანი კი მაღალი შედეგიანობა და საკუთარი თავის მოტივაციაა. გარდა ამისა, იგი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ საკუთარი სხეულისა და ძალების კონტროლით ადამიანს არნახული სიმაღლეების დაპყრობა შეუძლია. სპორტი არ კმაყოფილდება ზედმეტი წონის დაგდებით, დუნდულების დაკუნთვით ან სავარჯიშო დარბაზში ხამუშ-ხამუშ სიარულით. რასაკვირველია, უნაკლო სხეულის „დაყენებაში“ ცუდი არაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სურვილი საკუთარი თავის მიუღებლობას უკავშირდება, ეს კი მანიაკალურ უკიდურესობაში გადავარდნის საშიშროებას წარმოშობს.

ამის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს არა მხოლოდ ე.წ. fitness geek, არამედ პროფესიონალი სპორტსმენიც: კვებითი ქცევის აშლილობა ან ვარჯიშით სხეულის უკიდურესი გამოფიტვა საკუთარი სხეულის საზოგადოების ესთეტიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მცდელობების შედეგად ხდება. ამ ზაფხულს, უიმბლდონის ტურნირის დაწყების წინ, ფრანგმა ჩოგბურთელმა მარიონ ბარტოლიმ (Marion Bartoli) აღიარა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა: გახდომისკენ სწრაფვამ იგი ანორექსიამდე მიიყვანა (170 სმ. სიმაღლის სპორტსმენის წონა ივნისში 44 კგ-ს გაუტოლდა). იმაზე საუბარი არც კი ღირს, რომ გულშემატკივართა მხრიდან წამოსული დაცინვები და შეიმინგი სპორტსმენებს საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მუდმივად ხელს უშლის.

პატრიარქალური წესრიგი წარბშეუხრელად გვკარნახობს, „რა არის კარგი და რა – ცუდი“. იგი მყარად არის ფესვგადგმული ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის სპორტშიც. თუ კაცი სამი თვე სპორტდარბაზში დადის, კუნთები არ ეზრდება, მისი წონა კი 90 კგ-ს ვეღარ აკლდება, იგი უკვე „კაცი აღარაა“. თავის მხრივ, ქალი ზედმეტად არ უნდა დაიკუნთოს – ქალებს არ სჭირდებათ კუბები პრესზე, მით უმეტეს კუნთები ხელებზე. დასაშვების ზღვარზე კამათი როგორც ქალებს, ასევე კაცებს ხშირ შემთხვევაში ნევროზების აკიდებად უჯდებათ. ყოფითი ფიტნეს ფაშიზმი ერთ-ერთი სოციალური მარკერია. გარე დამკვირვებლისთვის ძალზე რთულია დიდ სპორტში არსებულ ფასეულობათა სისტემაში გარკვევა.

რაც შეეხება ქალთა სპორტს, დიდი ხნის მანძილზე იგი „კაცების სპორტის სუსტ ვერსიად“ მიიჩნეოდა. ზოგჯერ ახლაც არ აღიქმება იგი სერიოზულად: წინასწარგანწყობები გამოიხატება ქალის სპორტულ ფორმაშიც, სადაც დროდადრო ფეტიშიზაცია პრაქტიკულობას ჯაბნის, სპორტული ჟურნალისტებისა და კომენტატორების სექსიზმშიც, რომლებსაც ხშირად გამოაქვთ გასარჩევად სპორტსმენი ქალების გარეგნული მონაცემები, ასაკი და ოჯახური მდგომარეობა. რაღაც დონეზე, მსგავსი საუბრები კაცი სპორტსმენებისთვის დაწესებული პროფესიული სტანდარტებისგან გადახვევაა. ამ შემთხვევაში, სექსიზმი შესაძლოა იყოს „დადებითიც“ („კაცის შედეგი გვიჩვენა“), და „კლასიკურიც“, მაგალითად, სერენა უილიამსის (Serena Williams) მუდმივი ბოდიშეიმინგი მისი მკვრივი აღნაგობის ან მკერდის გამო.

კაცი სპორტსმენების შემთხვევაში, სტიგმა სხვაგვარად მუშაობს: იგი მიმართულია არა იმდენად სხეულზე, რამდენადაც სულზე, უფრო სწორად, მისთვის შეუსაბამო ჰეტერონორმატიულ კანონზე. მართალია, ბირთვის გოლიათი მკვრელები ან სუმოისტები ეპოქის სექს სიმბოლოები არ არიან, მაგრამ მათი გარეგნობით ან ქცევით განსაკუთრებულად არავინ აღშფოთდება: ფიგურული მოციგურავეებისა და ტანმოვარჯიშეებისგან განსხვავებით, ისინი სალტოს არ აკეთებენ ბრჭყვიალა კოსტიუმებში. სპორტის გენდერულად შეფერილი სახეობები კი ჩინებული ნიადაგია სტერეოტიპების უსასრულოდ წარმოებისთვის. ამისგან იტანჯებიან ქალებიც და კაცებიც.

სპორტის „ყველაზე ქალურ“ სახეობებს შორის, როგორც წესი, ლიდერობს ფიგურული ციგურაობა და მძლეოსნობა, რომლებიც „პლასტიკურობას, მოქნილობას და დახვეწილობას“ ავითარებს. შავ სიაშია შეტანილი ძალოსნობა, ფეხბურთი, საბრძოლო ხელოვნებები, მარათონული რბენა. გარდა „ანტიქალურისა“, არსებობს „ზედმეტად ქალური“ დისციპლინები: ძელზე ვარჯიში და ტანვარჯიში, რომლებიც დღემდე სექს მომსახურებასთან ასოცირდება და დაუმსახურებლად სტიგმატიზებულია.

სპორტის სამყაროში მოტრიალე ადამიანები – მნიშვნელობა არ აქვს, მოყვარულები არიან ისინი თუ პროფესიონალები, რეგულარულად ხდებიან განსჯისა და შეიმინგის მსხვერპლნი. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და სხეულის სრულყოფაზე იზრუნონ, ისინი იძულებულნი არიან, თავი დაიცვან სასტიკი იარლიყებისგან და მედგრად აიტანონ საზოგადოებრივ სტანდარტებთან შეუსაბამობა. როგორც არ უნდა იყოს, ძლიერებს და მამაცებს ეკისრებათ ინერტული ადამიანების ბნელი წინასწარგანწყობებისგან გადარჩენა. ასე რომ, ცნობილი სპორტსმენების პოლიტიკური განცხადებები მუდამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ისინი საზოგადოებაში მძლავრი როლური მოდელები არიან.

ხელბურთში ანგოლას ნაკრების მეკარე ტერეზა ალმეიდა (Teresa Almeida) აღიარებს, რომ საკუთარი წონით კმაყოფილია და საზოგადოებაში არასტანდარტულ გარეგნობასთან დაკავშირებულ წინასწარგანწყობილ დამოკიდებულებებთან საბრძოლველად მოგვიწოდებს, ხოლო პარაოლიმპიელები ერთმანეთის მიყოლებით გვიჩვენებენ სხეულისა და სულის უჩვეულო სიმტკიცეს და შეგვახსენებენ, რომ ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ქროსგენდერი მხატვრის Cassils-ის არტპროექტები, ვისი სხეულიც სპორტის, თანამედროვე ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის სფეროებში მუდმივი ექსპერიმენტების თემაა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სპორტს ცნობილისა და შესაძლებლის საზღვრების მუდმივი გაფართოება შეუძლია. სპორტში სხეულებრიობის საკითხი რთული საზოგადოებრივი პრობლემაა, მაგრამ იგი ახლებურად გვაცნობს ჩვენს სხეულს, გვამეგობრებს მასთან ჩვენი საკუთარი პირობების ვითარებაში, და ამიტომაც, თავისი არსით ბოდიპოზიტიურია.

ავტორი: კარინა სემბე, უკრაინელი ქვიარ აქტივისტი და ჟურნალისტი
წყარო: www.wonderzine.com