კონკურსში “მის სამყარო – 2018”, ესპანეთის სახელით მონაწილეობას 26 წლის ტრანსგენდერი მოდელი ანგელა პონსე (Angela Ponce) მიიღებს. 2014 წელს, სევილიელმა ტრანსგენდერმა ქალმა სქესის კორექციის სრული პროცესი დაასრულა, რის შემდეგაც სამოდელო ბიზნესში მუშაობს.
“წარმოვადგენდე ესპანეთს, ჩემი დიდი ოცნებაა. მინდა, არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების მიმართ, არამედ ყველა საკითხში, ინკლუზიურობის, პატივისცემისა და მრავალგვარობის იდეა კიდევ უფრო წინ წავწიო”, – დაწერა ანგელამ საკუთარ ტვიტერზე.
“მის სამყაროს” არსებობის ისტორიაში, პონსე კონკურსის პირველი ტრანსგენდერი მონაწილე იქნება.
დიდი ხანი არაა, რაც ტრანსგენდერი ქალებისთვის კონკურსზე მონაწილეობის შესაძლებლობა გაჩნდა. 2012 წელს, კანადელი ჯენა ტალაკოვა “მის სამყაროდან” დისკვალიფიცირებულ იქნა, “კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო”. მაშინ, ლგბტ აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა ორგკომიტეტის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად შეაფასეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანა “მის სამყაროს” ხელმძღვანელობამ ცვლილებები კონკურსის წესებში.
კონკურსი “მის სამყარო” 1952 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობის მსურველმა გოგონებმა ეროვნული შერჩევა უნდა გადალახონ. მის სამყაროს გამოვლენის გადაწყვეტილებას ჟიური იღებს. “მის სამყაროს” გამარჯვებული გვირგვინს, საპრიზო თანხის სახით 250 000$-სა და New York Film Academy-ში ორწლიანი სწავლის უფლებას მიიღებს. მთელი წლის განმავლობაში, მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციებზე უნდა იაროს.